რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირი ევროპელი ახალგაზრდების იდენტურობის ფორმირების პროცესში

როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით,
ევროკავშირი ზრდას განიცდის. ისინი, ვისაც ევროპის კიდევ უფრო ინტენსიური ინტეგრაცია სურს, ევროპელების ახალ თაობაზე მნიშვნელოვან იმედებს ამყარებენ. ამ თაობამ მრავალეროვან კავშირში თავი სავსებით ინტეგრირებულად უნდა იგრძნოს. ”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში სწორედ ”ევროკავშირის იდენტურობის” ფორმირებაზე მოგითხრობთ.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათასობით სტუდენტი 6 თვეს ან მთელ აკადემიურ წელს სხვა ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში ატარებს.

ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ”ერაზმუსის” პროგრამით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა სტუდენტებს სხვა ქვეყნის რომელიმე უნივერსიტეტში ადგილის მოპოვებაში ეხმარება და თვეში 100 ევროს ოდენობის სტიპენდიას უხდის. სტუდენტებმა საცხოვრებელი ადგილი თავად უნდა იპოვონ და საჭირო ხარჯებიც დამოუკიდებლად უნდა დაფარონ.

ამ პროგრამით ევროკავშირი ცდილობს, ევროპელი სტუდენტების 10-მა პროცენტმა მაინც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში ისწავლოს.

სტუდენტები ენთუზიაზმით იღებენ პროგრამაში მონაწილეობას.

ესპანელი კრისტინა ერთ-ერთია ამ სტუდენტებს შორის. ის გრანადაში ცხოვრობს და მთარგმნელობით ხელოვნებას ეუფლება. ორი წლის წინ მან სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში, გადაწყვიტა წასვლა:

[კრისტინას ხმა] ”ინგლისური ენის შესწავლა მინდოდა და ბრიტანეთში, უწინარესად, ამის გამო წავედი. ამასთან, ”ერაზმუსის” პროგრამით წარსულში ჩემმა ამხანაგებმაც ისარგებლეს და ის ყველას ძალიან მოეწონა. ამ პროგრამით ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა და ბევრი ადგილის დათვალიერებაა შესაძლებელი.”

კრისტინა ევროპელი სტუდენტების იმ თაობას წარმოადგენს, რომელმაც, ეროვნულ იდენტურობასთან ერთად, თავი ევროკავშირთანაც უნდა გააიგივოს:

[კრისტინას ხმა] ” ‘ერაზმუსის’ პროგრამა საშუალებას იძლევა, თავი კიდევ უფრო ევროპელად იგრძნო. ის ევროპასთან უფრო მჭიდროდ გაკავშირებს, რადგან სხვა ევროპული ქვეყნების ბევრ მოქალაქეს ხვდები. ამავე დროს, ეს პროგრამა პატრიოტიზმის განცდასაც გიღრმავებს, რადგან იმ განსხვავებების შემჩნევას იწყებ, რომლებიც შენს ქვეყანას გამოარჩევს.”

”ერაზმუსის” პროგრამის ავტორებს პროგრამის ასეთი შეფასება უდავოდ გაახარებს. თუმცა ევროკავშირში კვლავ ძლიერია განცდა, რომ კავშირის წევრი ქვეყნები თავს სავსებით ინტეგრირებულად ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ.

ამ განცდის გაძლიერებას საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გამართულ რეფერენდუმებზე ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნამ შეუწყო ხელი 2005 წლის მაისსა და ივნისში. ევროკავშირის ინსტიტუტების გაძლიერების გზით, კონსტიტუცია 25 წევრიან კავშირში ერთიანი იდენტურობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა ყოფილიყო.

ევროკავშირის მიერ 2004 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ევროპელების დაახლოებით 92 პროცენტი საკუთარ იდენტურობას, უწინარესად, თავის ქვეყანას უკავშირებს. თუმცა დაახლოებით 67 პროცენტი აცხადებს, რომ ამავე დროს ევროპასთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული:

[ევროკავშირის ჰიმნი]

”სიხარულის ოდა” ევროკავშირის ჰიმნი 1985 წელს გახდა. ამით ბრიუსელი ევროკავშირში თანაარსებობის განცდის გაღრმავებას შეეცადა.

მაგრამ, როგორც ჩანს, საერთო ჰიმნის, საერთო პასპორტისა და - მათთვის, ვინც ევროს ზონაში ცხოვრობს - საერთო ფულის ერთეულის ქონა ერთიანი თემის ფორმირებისთვის საკმარისი არ არის.

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რას შეიძლება დაეფუძნოს ეს ერთიანი ევროპული იდენტურობა.

ამ ეტაპზე რამდენიმე კონცეფცია განიხილება.

ერთ-ერთია ევროკავშირის ერთა ოჯახად გამოცხადება - სადაც განსხვავებული ქვეყნების წარმომადგენლები საერთოს პოლიტიკური სისტემის ფორმირებასა და შემოქმედებით ღირებულებებში დაინახავენ.

თუმცა ბევრისათვის ღირებულებებზე დაფუძნებული კონცეფცია ძალიან ზოგადია. მათი აზრით, უმჯობესი იქნება ევროკავშირი დემოკრატიულ ინსტიტუტად განისაზღვროს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას მისცემს.

პარალელურად, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ექსპერტი ახალი ევროპული იდენტურობისთვის კონცეფციას ეძებს, სხვები აცხადებენ, რომ ეს იდენტურობა თავისით, ბუნებრივად უნდა შეიქმნას.

ასე ფიქრობს მიკოლაი დოვგიელევიჩი, ევროკომისიის ინსტიტუტებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი:

[დოვგიელევიჩის ხმა] ”ამ ეტაპზე ევროპული იდენტურობა არ არსებობს. და არ უნდა ველოდეთ, რომ ამ განცდას ორგანიზებით ან დაგეგმვით გავაჩენთ.”

დოვგიელევიჩის თქმით, ევროპული იდენტურობის ფორმირებას დრო მოიტანს:

[დოვგიელევიჩის ხმა] ”ამას გრძელვადიანი პროექტები მოიტანს - საერთო ფულის ერთეულის შემოღება, სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, უფრო ინტენსიური თანამშრომლობა წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის. რასაკვირველია, ყოველივე ეს ევროპული იდენტურობის შექმნას ხელს შეუწყობს.”

პირადად დოვგიელევიჩს არ უჭირს იმის თქმა, თუ რა აერთიანებს ევროპას. ეს არ არის პოლიტიკა, მეცნიერება ან კულტურული მოძრაობები. მისთვის ევროპა ცხოვრების სტილია:

[დოვგიელევიჩის ხმა] ”არ არის აუცილებელი, ევროკავშირის ინსტიტუტებს იცნობდეთ ზედმიწევნით კარგად. ინსტიტუტები არაა მნიშვნელოვანი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის აშკარად დანახვა, რომ ევროპაში ცხოვრობ. ევროპა ცხოვრების სტილის ნაწილია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ბევრი ხელსაყრელი პირობით შეუძლიათ სარგებლობა.”

ესპანელმა კრისტინამ უკვე ისარგებლა რამდენიმე ასეთი პირობით. მან ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა, რაც მას ევროკავშირში სამსახურის პოვნას გაუადვილებს. ამავე დროს, ინგლისში სწავლისას ის ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებსაც დაუმეგობრდა:

[კრისტინას ხმა] ”სამ ინგლისელს, ერთ შვედ ბიჭსა და ერთ ფრანგ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი. კიდევ იტალიელებს და დანიელებს დავუმეგობრდი. სტუდენტები იქ ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ.”

როგორც ჩანს, კრისტინამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობას საკუთარი განსაზღვრება მოუძებნა. თუმცა ეს განსაზღვრება, შესაძლოა, საკუთრივ ევროკავშირის ლოზუნგისგან დიდად არც განსხვავდებოდეს.

ეს ლოზუნგი კავშირს ”მრავალფეროვნებით გაერთიანებულ” ინსტიტუტად სახავს.