ოპოზიცია მერობის ერთიან კანდიდატზე

თბილისის მერის პოსტზე ერთიანი კანდიდატურის ძებნას ლეიბორისტები, დემოკრატიული ფრონტი, მრეწველები, მემარჯვენეები, რესპუბლიკელები,
კონსერვატორები და სახალხო ფორუმი შეუდგნენ. თუმცა ლეიბორისტებმა და დემოკრატიულმა ფრონტმა დროებით განზე გადგომა ამჯობინეს, დანარჩენებმა კი არჩევანი ჯერ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავაზე, შემდეგ კი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე შეაჩერეს. კანდიდატების მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

ბადრი პატარკაციშვილი, თინა ხიდაშელი, გოგა ხაინდრავა, კობა დავითაშვილი, გოგი თოფაძე, ლევან გაჩეჩილაძე - ეს არის იმ სიის არასრული ჩამონათვალი, ვისაც ოპოზიცია მერობის კანდიდატად განიხილავს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ბიზნესმენი ამ დროისათვის შემოთავაზებაზე უარს აცხადებენ. მერობის კანდიდატის დადგენის გარდა, ოპოზიციას სხვა საკითხებიც აქვს მოსაგვარებელი. მრეწველების წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე სამომავლო გეგმას ასე აყალიბებს:

[ტყემალაძის ხმა] ,,თუ ოლქები ვერ მოვიგეთ ოპოზიციამ, მაშინ რა გამარჯვებასა და რა მერობის კანდიდატზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ყველა ოლქში უნდა იყოს ისეთი ღირსეული პიროვნება თავმჯდომარედ, რომელიც შეძლებს უძღოდეს იმ მაჟორიტარულ სიას, რომელიც შეძლებს, რა თქმა უნდა, რაღაც წარმატების მიღწევას და ასეთი შეიძლება იყოს არა ერთი და ორი და სამი, არამედ უნდა იყოს ათივე ოლქში ათივე წარმატებული პიროვნება, რომელიც ჩაუდგება ამ სიას.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისათვის კონსულტაციებს განაგრძობენ. კონსულტაციებში მონაწილეობს ლეიბორისტული პარტიაც, თუმცა ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ისევ ბოიკოტს უცხადებენ. გიორგი გუგავა აქცენტს ტრადიციულად საარჩევნო სისტემის ფაშისტურობაზე აკეთებს და, შესაბამისად, არც ოპოზიციის მიერ საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატს უჭერს მხარს:

[გუგავას ხმა] ,,გვაქვს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნაციონალური მოძრაობის აპრიორი გამარჯვებას, ერთი ხმის უპირატესობით. ეს არის მუსოლინის კანონი. ეს არ მოქმედებს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. მოქმედებს, თუ არ ვცდები, ტაილანდში, მოქმედებს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ქვეყნის მმართველები არიან ისეთივე დიქტატორები, როგორიც ჩვენ გვყავს ქვეყანაში სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ამ არჩევნებს და როგორ შეიძლება რომელიმე კანდიდატს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა, როდესაც პარტია მიდის ბოიკოტზე.”(სტილი დაცულია)

,, ჯერ ისიც არ გამოგვიკვეთია, ვინ არის გაერთიანებული ჩვენს ბლოკში. შესაბამისად, არც რეალური კანდიდატი გვყავს,”-აცხადებს დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური და არ გამორიცხავს მერობის კანდიდატის გამოსავლენად ხალხში გამოკითხვაც ჩატარდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი შედეგები, როგორც წესი, მხოლოდ თეორიულია:

[ძიძიგურის ხმა] ,,ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ ის, რომ ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობით არჩევნებში. კონსულტაციის თემა შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური ორგანიზაციები გამოვლენ ერთ ბლოკში და, ყოველ შემთხვევაში, ერთ ბლოკზე თანხმობის შემდეგ უკვე სხვა თემებზე იქნება სალაპარაკო. ჩვენი შესაძლო კანდიდატი არის კობა დავითაშვილი. ამიტომ ეს კანდიდატურა ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების დროს იქნება შეთავაზებული.”

რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, დავით უსუფაშვილი ძლიერი კადრების სიმრავლეზე ამახვილებს ყურადღებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაცილებით მეტ პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს.

[უსუფაშვილის ხმა] ,,ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, მას გაცილებით მეტი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ამიტომ საკითხის მეტი გაანალიზება მოგვიწევს. კანდიდატების და შემძლე ადამიანების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, მაგრამ რა ტაქტიკა იქნება უფრო მისაღები და შერჩეული, ეს ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. რესპუბლიკური პარტია ამ არჩევნებში რესპუბლიკური დელეგაციის თუ კანდიდატთა ჯგუფის, ასე ვთქვათ, ლიდერად ვასახელებთ თინა ხიდაშელს.”(სტილი დაცულია)

ვიდრე გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები შესაძლო კანდიდატურებზე ბჭობენ, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ პოლიტიკურ მოძრაობა ,,საქართველოს გზა” -სა და მმართველ პარტიას. სალომე ზურაბიშვილი და გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატის პოსტზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.