შამილ ბასაევის დაღუპვის ფაქტს ორივე მხარე ადასტურებს

ინგუშეთში მოკლეს შამილ ბასაევი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აცნობა უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა.
მისი თქმით, ბასაევი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დღეს გამთენიისას, ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ეს დამსახურებული შურისძიებაა ბანდიტების მიმართ - ჩვენი ბავშვებისთვის ბესლანში, ბუდიონოვსკისთვის, ყველა იმ ტერაქტისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს მოსკოვში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში; ინგუშეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩათვლით."

თავად ოპერაციის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რასაც რუსეთის ოფიციალური პირები ავრცელებენ. კერძოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკოლაი პატრუშევის ცნობით, ბასაევი და მისი თანამებრძოლები სამხრეთ რუსეთში ახალ ტერაქტს ამზადებდნენ და მის განხორციელებას "დიდი რვიანის" სამიტის დღეებში აპირებდნენ (ეს სამიტი 15-17 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართება). იმავე პატრუშევის თქმით, ბასაევის ლიკვიდაციის ოპერაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს.

მაგრამ ჩეჩენ მეამბოხეთა ინტერნეტგვერდის თანახმად, შამილ ბასაევი ემსხვერპლა იმ საბარგო ავტომანქანის შემთხვევით აფეთქებას, რომლითაც იარაღი და ტყვია-წამალი გადაჰქონდათ.

ასეა თუ ისე, შამილ ბასაევის დაღუპვის ფაქტს კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთაგან არც ერთი არ უარყოფს.

ვინ იყო შამილ ბასაევი? ბევრი ჩეჩნისთვის ის ეროვნული გმირი და მოუხელთებელი მებრძოლი იყო; კრემლის მესვეურთათვის - ნომერი პირველი მტერი და მთავარი ძებნილი პირი. ქართველებისთვის ბასაევის სახელი აფხაზეთის ომსაც უკავშირდება, რადგან იმხანად ნაკლებად ცნობილი საველე მეთაური აფხაზებისა და ე.წ. "კავკასიური კონფედერაციის" რაზმების შემადგენლობაში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა.

შამილ ბასაევს ათ წელიწადზე მეტ ხანს იცნობდა ჩემი კოლეგა, რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი ანდრეი ბაბიცკი.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "ვერ ვიტყვი, რომ დაუნდობელი და სასტიკი ყოფილიყო. ის იყო რევოლუციონერი, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მას ჰქონდა მისია, დაეწყო და წარმატებით დაესრულებინა რევოლუცია ჩრდილოეთ კავკასიაში. იგი ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან ამ მისიის შესრულებას მოახერხებდა."

ბასაევის სახელს ჩეჩნეთსა და მის გარეთ ჩატარებულ არაერთ ტერაქტს უკავშირებენ. ნორდოსტი, ბესლანი, ბუდიონოვსკი...ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი - უფრო ზუსტად, ბუდიონოვსკის საავადმყოფოზე მოწყობილი თავდასხმა - რუსეთის ხელისუფლებამ განსაკუთრებით მწარე მარცხად აღიქვა, რადგან კრემლს მაშინ ამბოხებულთა პირობების ნაწილობრივი დაკმაყოფილება და მათი გაშვება მოუხდა.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "მას ჰქონდა ბუდიონოვსკის სინდრომი. ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან შეძლებდა რუსეთის ხელისუფლების დაჩოქებას. ბავშვებისა და სამოქალაქო პირების მოკვლა სულაც არ ყოფილა მისი მიზანი. უბრალოდ, ის დარწმუნებული იყო, რომ რაც უფრო მტკივნეული იქნებოდა დარტყმა, რაც უფრო მძვინვარე იქნებოდა აქცია, რაც უფრო მეტ ადამიანს აიყვანდნენ მძევლად და რაც უფრო დიდი იქნებოდა საფრთხე მათი სიცოცხლისთვის, მით უფრო მეტად დაიყოლიებდა ხელისუფლებას კომპრომისზე, მოლაპარაკებებზე, დათმობებზე."

ანდრეი ბაბიცკი დასძენს, რომ ბასაევს ერთგვარი გულუბრიყვილობა, ან იქნებ რომანტიკულობაც ახასიათებდა. ბოლოს ჩემს კოლეგას ვკითხე, რას ნიშნავს ბასაევის დაღუპვა ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობისთვის.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] "ჩემი აზრით, ამით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა წინააღმდეგობის მოძრაობას და აქ რუსეთის ოფიციალური პირები ოდნავაც არ ცდებიან. მთავარი მიმართულება, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად დასუსტდება, არის ის, რასაც "კავკასიურ ფრონტს" უწოდებენ, ანუ იატაკქვეშა მოძრაობა ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში - ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ინგუშეთში. დაღესტანში - არა, იქ დამოუკიდებელი იატაკქვეშა მოძრაობაა, რომელიც ავტონომიურად მოქმედებს. აი, სწორედ ეს მიმართულება, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდნენ ჩეჩენი მუჯაჰედები, ახლა შეიძლება დაიკარგოს, რადგან მის საქმიანობის სულისჩამდგმელი ძირითადად ბასაევი იყო."