საიდან უნდა დაიწყოს ბრძოლა კრიმინალურ მენტალიტეტთან

საქართველოს სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა არა მხოლოდ კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტებს, არამედ კრიმინალურ მენტალიტეტს, ზოგადად.
ერთ მხარეს არის სახელმწიფო, წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროთი და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტით, მეორე მხარეს ე.წ. “კანონიერი ქურდები” და მათი თანამოაზრეები არიან. მაგრამ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა გაცილებით ეფექტურია არა ციხეში, სადაც შედეგებია თავმოყრილი, არამედ იქ, სადაც ეს მენტალიტეტი ისახება და მკვიდრდება. ასეთი ადგილი კი, რაგინდ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საშუალო სკოლაა. დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბროთ.

ორიოდე ათწლეულის წინ, როდესაც თითოეული სკოლა ჩაკეტილი ერთეული იყო, იერარქია კლასის ფარგლებს არ სცილდებოდა. თითქმის ყველა კლასის ცხოვრებას წარმართავდა ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელთა მთავარი ფუნქცია ინიციატივების წამოყენებით განისაზღვრებოდა. ურჩებს სხვადასხვა სასჯელი ემუქრეობდა, თუმცა თავად ინიციატივები უფრო ხშირად სახალისო და საინტერესო იყო, ვიდრე - მავნე. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: კლასის ლიდერები, როგორც წესი, კარგად სწავლობდნენ და ნორმალურ ოჯახებში იზრდებოდნენ. ისინი დანარჩენებისგან “პლუს ნიშნით” გამოირჩეოდნენ.

იმის შემდეგ, რაც სკოლებში მეტი თავისუფლება შევიდა, სკოლის ცხოვრება თვისებრივად შეიცვალა: ერთიანი დისციპლინა მოიშალა, კლასებს შორის ზღუდეები მოიხსნა, შიდა სასკოლო სივრცე ურთიერთობებისთვის გაიხსნა და იერარქიამაც საერთო-სასკოლო ხასიათი შეიძინა. უკვე ათიოდე წელია, გაჩნდნენ მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ წესებს მთელი სკოლის მასშტაბით აწესებენ და მათ დაცვას მკაცრად აკონტროლებენ. თუ კლასის ლიდერები ხშირად გოგონები იყვნენ, სასკოლო ლიდერებად მხოლოდ ვაჟები გვევლინებიან. ბევრ სკოლაში - განსაკუთრებით, თბილისში - ასეთი ლიდერი ერთია და სკოლის დამთავრების შემდეგ მემკვიდრეობას თავისსავე თანამოაზრეს გადასცემს.

სასკოლო ლიდერებს საერთო სახელი აქვთ: “სკოლის მაყურებელი”. ისინი ერთმანეთს ბევრი ნიშნით ჰგვანან: კარგად გამოიყურებიან; ცუდად სწავლობენ; ლამაზ გოგონებს ხაზგასმულად ზრდილობიანად ექცევიან; შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ იმ მასწავლებლებთან, რომლებიც ხელს არ უშლიან საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში; დაუნდობლები არიან ყველას მიმართ, ვინც მათ მიერ დაწესებულ ნორმებს არ აღიარებს და არ ასრულებს.

როგორ ხორციელდება “მაყურებლის” ფუნქცია სკოლაში? ერთი ბავშვის ჩაგვრა მეორის მიერ, ფულის ან ნივთების წართმევა, ღირსების შელახვა სხვადასხვა ფორმით, სისხლიანი კონფლიქტები, მასწავლებლებისთვის ადგილის მიჩენა - ეს ყველაფერი, როგორც წესი, “მაყურებლის” საქმიანობის სფეროა. ვინ არის მტყუანი და მართალი, ამასაც, ცხადია, სკოლის ლიდერი განსაზღვრავს და სასჯელსაც თავად აწესებს.

ძალზე მნიშვნელოვანია დირექტორისა და “მაყურებლის” ურთიერთობა. აქ სულ ორი მოდელი არსებობს: პირველი მოდელის მიხედვით, დირექტორი ებრძვის “მაყურებელს” და დამარცხებული მხარე სკოლას ტოვებს. მეორე მოდელის მიხედვით, დირექტორი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს “მაყურებელთან” და ცდილობს, მისი გავლენა სკოლაში წესრიგის დასამყარებლად გამოიყენოს.

როგორც ვხედავთ, ზემოთ აღწერილი სისტემა თითქმის ზუსტად ემთხვევა იმას, რაც ციხეში არსებულ ვითარებაზე იცის საზოგადოებამ. ჩანს, კრიმინალური მენტალიტეტი სათავეს სწორედ სკოლაში იღებს და მოსწავლეებისთვის - განსაკუთრებით, ვაჟებისთვის - ძალზე ძნელია, ამ სისტემას თავი დანაკარგის გარეშე დააღწიონ. მოსწავლეების უმრავლესობა იძულებულია, ან მჩაგვრელების ბანაკში ეძებოს თავშესაფარი, ან ჩაგრულის როლში ჩადგეს და სხვისი ნებით იცხოვროს.

სასკოლო რეფორმის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ამ მახინჯი რეჟიმის ნგრევაა. სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე საუბარი ფუჭია მანამ, სანამ სკოლა ალტერნატიული წესრიგით ცხოვრობს და მშობლები ფიქრობენ, რომ შვილის სკოლაში გაშვება შარის მეტი არაფერია.

სკოლის პრობლემები, ცხადია, სკოლაში არ მთავრდება. როგორ შევამციროთ ძალადობა? როგორ დავანგრიოთ “კანონიერი ქურდის” ინსტიტუტი? როგორ დავნერგოთ ჰორიზონტალური ურთიერთობები და ადამიანის უფლებების პატივისცემა? როგორ დავამკვიდროთ სამოქალაქო ცნობიერება? ეს რთული და მეტად აქტუალური კითხვებია. ეჭვს არ იწვევს, რომ ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პირველი და მთავარი პასუხი სკოლებში ჩანერგილი კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრას უკავშირდება. რაგინდარა სხვა დასაწყისი - აქცენტის გადატანა ციხეზე ან კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტებზე, როცა სკოლების უმრავლესობას “მაყურებელი” მართავს - ამ ბრძოლაში ქართული სახელმწიფოს დამარცხების ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს.