სახელმწიფო მოქალაქის პირისპირ: რატომ ხოცავენ ადამიანებს?

ბოლო მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა შეკითხვა: სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენება თავსდება თუ არა კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში?
დღეს ეს კითხვა უკავშირდება ციხის ამბოხისა და სპეცოპერაციების დროს გარდაცვლილ ადამიანებს. თუმცა ძალის ადეკვატური გამოყენება, პირველ რიგში, პოლიტიკური საკითხია და მხოლოდ ამის შემდეგ - სამართლებრივი ან კრიმინალური. მინდა ძალადობის თემის პოლიტიკურ ასპექტზე გესაუბროთ.

ორიოდე კვირის წინ მანქანების საყვირის ხმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაისმა. ეს იყო პროტესტი არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მიმართ, არამედ, ზოგადად, ხელისუფლების ძალისმიერი პოლიტიკის მიმართ, რომელიც ამ მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

2004 წლის 2 თებერვალს ჯერ კიდევ ძველმა - შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს არჩეულმა პარლამენტმა - ნაჩქარევად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც ექსპერტები კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ. ცვლილებებმა მკვეთრად გაზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება, ხოლო საგრძნობლად დაასუსტა პარლამენტიც და მთავრობაც. კონსტიტუციის შეცვლა ძველ პარლამენტზე დაყრდნობით მაშინვე შეფასდა, როგორც ძალის უხეში დემონსტრირება.

ძალის წარმოჩენა თან სდევდა ჩინოვნიკების დაპატიმრება-გათავისუფლებათა სერიასაც. რამდენიმე გაბედული ადამიანი ხელისუფლებას პროცედურების დაცვისა და მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებდა, რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძალოვანი მინისტრების ფონდებში მილიონობით დოლარი არა მხოლოდ ჩინოვნიკების, არამედ ბიზნესმენების ჯიბიდანაც შეედინებოდა. ეს წამოწყება, ძირითადად, ჩრდილოვანი გარიგების ხასიათს ატარებდა, ზოგჯერ კი ღია ძალადობის ფორმას იღებდა.

პარალელურად მთელ ქვეყანაში მიმდინარეობდა კადრების ჩანაცვლების პროცესი, რაც თავიდანვე რეფორმის თანამდევ მოვლენად გამოცხადდა. სამსახურების უმრავლესობაში თანამშრომლები გაათავისუფლეს ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, ერთი ხელის დაკვრით. თუმცა შრომის კოდექსში წერია, რომ დაუშვებელია, მუშაკს ვინმემ მოსთხოვოს, თავად დაწეროს განცხადება წასვლის შესახებ, ეს მაინც მოხდა ყველა ორგანიზაციაში, სადაც ახალი ხელმძღვანელი მივიდა.

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის - “ძლიერი სახელმწიფოს” -მომხრეები ამბობდნენ, რომ უმძიმესი პრობლემების გადასაჭრელად ქვეყანას ეფექტური სახელმწიფო მექანიზმები სჭრიდებოდა; რომ პრეზიდენტის ძლიერი ხელისუფლება აუცილებელი იყო კორუფციასთან საბრძოლველად, დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად და, რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

სწორედ ტერიტორიის გამთლიანება იყო ის ამოცანა, რომლის გადასაჭრელად პრეზიდენტმა საზოგადოებას ალტერნატივის გარეშე შესთავაზა სამთავრობო ვერტიკალის განმტკიცება და მასზე ძალაუფლების კონცენტრაცია. ამ ფორმატში კი ხელის შემშლელი აღმოჩნდა ყველა ინსტიტუტი, რომელსაც უნარი და სურვილი ჰქონდა, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. 2004 წლის ზაფხულიდან თითქმის ყველა საზოგადოებრივ შეკრებაზე იხილებოდა ხელისუფლების ძალისმიერი კურსი, რადგან ამ დროისათვის გამოიკვეთა ერთიანი პოლიტიკა თვითმმართველობის, სასამართლო სისტემის, ბიზნესის მიმართ. თითოეულ მიმართულებას ახლდა ძალაუფლების თავმოყრა ხელისუფლების კენწეროში - ბევრისთვის მიუწვდომელ სივრცეში. შესაბამისად, პრეზიდენტის გარემოცვის მიღმა აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც განწყობილი იყვნენ ღია პოლიტიკისთვის, დიალოგისა და ჰორიზონტული ურთიერთობებისთვის.

გადაწყვეტილების მიმღები პირების უკიდურესმა შემცირებამ გამოიწვია მათი გავლენის უკიდურესი ზრდა. ამის შემდეგ კი ერთი ნაბიჯიც აღარ იყო დარჩენილი მათ უკონტროლო გაძლიერებამდე, ესე იგი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამდე, ციხის ამბოხის ტყვიით ჩახშობასა თუ ტრაგიკულად დასრულებულ სპეცოპერაციებამდე.

როგორც დრომ დაადასტურა, საკვანძო პრობლემა აღმოჩნდა არა “ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალების მიმართ”, არამედ ქვეყნის გამთლიანების საბაბით უარის თქმა ძალაუფლების გადანაწილებაზე, საზოგადოებასთან დიალოგზე, პროცედურების დაცვაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. სწორედ ამ არჩევანის შედეგად მივიღეთ ჩრდილოვანი და ძალისმიერი პოლიტიკა, რომელიც იგეგმება ორ ან სამ დახურულ კაბინეტში, ხორციელდება ავტორიტარული მეთოდებით და ხასიათდება ადამიანების მიმართ გულგრილობით.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შესაძლოა, ხელისუფლების უნებლიე შეცდომაა, ან, იქნებ, ძალაუფლების შენარჩუნების ინსტინქტია, ან, სულაც, მიზანმიმართული პოლიტიკა. ერთი რამ სრულიად ნათელია: ის პროცესი, რაც 2004 წლის თებერვალში კონსტიტუციის შეცვლით დაიწყო, ორი წლის შემდეგ მოითხოვს სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანურ მსხვერპლს, რომლის აუცილებლობა ვერაფრით დასტურდება.