ნინო ბურჯანაძის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წინაშე

სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პარლამენტის ასი წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
პირველი სამი პარლამენტის მუშაობის ადგილას - თავრიდის სასახლის ფასადზე - მემორიალური დაფა გაიხსნა. სასახლის დარბაზში კი პარლამენტის საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად ევროსაპჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და დსთ-ის ქვეყნების პარლამენტთა ხელმძღვანელები დაესწრნენ. ამ უკანასკნელთა შორის საქართველოს პარლამენტის სპიკერი, ნინო ბურჯანაძეც იყო, რომელმაც, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, რუსეთის დუმას სიტყვით მიმართა.

რუსეთის დუმის საიუბილეო სხდომა ქვედა პალატის თავმჯდომარემ, ბორის გრიზლოვმა გახსნა. მისი განცხადებით, მართალია, რთულია თანამედროვე პარლამენტის დასახელება რუსეთის იმპერიის დუმის პირდაპირ მემკვიდრედ, ისტორიული კავშირი აშკარაა - 1906 წლის მოვლენები რუსეთის მოქალაქეებისთვის პარლამენტარიზმის დასაბამად იქცა.

სააგენტო ”იტარ-ტასის” ცნობით, საიუბილეო სხდომაზე რუსმა დეპუტატებმა მსოფლიოს ხალხებისა და მსოფლიოს სახელმწიფოთა პარლამენტებისადმი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი სხვა ქვეყნებს პარლამენტარიზმის ტრადიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, მსოფლიოში დემოკრატიის და სამართლიანობის განმტკიცების მიზნით. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ”მრავალეროვანი რუსი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს და თანამედროვე რუსული საზოგადოების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას გამოხატავს”.

თუმცა, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ მოსაზრებები, რომლებიც რუსმა დეპუტატებმა დღეს საქართველოსთან მიმართებით გამოთქვეს, არც თუ ძალიან მრავალფეროვანი იყო. სხდომის დაწყებამდე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და დუმის ვიცე-სპიკერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, ასეთი განცხადებით გამოვიდა:

[ჟირინოვსკის ხმა]: ”უსინდისოები ხართ! ორასი წელია, გაჭმევთ და გარჩენთ, თქვენ კი თავხედურად გვიცხადებთ, რომ მონობაში გვყავდით. ამ განცხადების გამო თქვენი მინისტრი თბილისის ციხეში უნდა იჯდეს. განცხადება, რომ რუსებს ფეკალური მასაც შეიძლება მიყიდო - ეს რა დამოკიდებულება რუსეთთან? თქვენი ფეკალიები თქვენვე მიირთვით”.

დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ლუბოვ სლისკამ კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის გამოსვლამდე შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

[სლისკას ხმა]: ” მე შევახსენებ ბურჯანაძეს, რომ დღეს რუსეთის პარლამენტის ასი წლისთავია და ნებისმიერი კრიტიკა სხვა სცენაზე და სხვა დღეებისთვის უნდა გადაიტანოს. დღეს უმჯობესია იმაზე საუბარი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ უკეთ იცხოვროს. ქალბატონი ბურჯანაძის კრიტიკა, გარწმუნებთ, მას ქულებს ვერ შემატებს და მხოლოდ მის რეიტინგს შეამცირებს.”

რუსეთის დუმის დეპუტატებს საქართველოს მიმართ ნეგატიური განწყობა სხდომაზეც შეყვათ. ნინო ბურჯანაძეს სიტყვის წარმოთქმა დეპუტატების ერთი ნაწილის ხმაურის - საპროტესტო ტაშის და ბრახუნის - ფონზე მოუწია.

[ბურჯანაძის ხმა]: ”ჩვენ ახალი კავკასიური პოლიტიკა გვჭირდება. სეპარატიზმს სიტყვით კი არა, საქმით უნდა ვებრძოლოთ. მხოლოდ მაშინ,როდესაც რუსეთი ორმაგ სტანდარტებზე უარს იტყვის, და კონფლიქტების მოგვარების საქმეში შუამავლის ფუნქციას შეასრულებს, კავკასიური პოლიტიკა საკუთრივ რუსეთისთვისაც გასაგები და წარმატებული გახდება”

ხმაურის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძემ ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უშლის ორი ქვეყნის საერთო, ეკონომიკურ ინტერესებს:

[ბურჯანაძის ხმა]: ”ასეთი პოლიტიკა ჩვენი ინტერესების დაახლოვებას არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, რომ დღევანდელ ზეიმზე თქვენთვის ბარაქიანი, ნამდვილი ქართული ღვინო ჩამოგვეტანა. მაგრამ დღეს ეს არ მოხერხდა. არ მოხერხდა საკითხის პოლიტიკური შეფერილობის გამო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ საერთო, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ დღესასწაულებს, და ძალის სიმართლე კი არა, სიმართლის ძალა იზეიმებს”.

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ გაკვირვებია რუსი დეპუტატების მხრიდან ასეთი დახვედრა. ბურჯანაძის თქმით, რომ არა სხდომის საზეიმო ხასიათი, მისი გამოსვლა კიდევ უფრო მკვეთრი და მკაცრი იქნებოდა. ”მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი უნდა გაგრძელდეს’ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.