როგორ უპასუხებს ოპოზიცია დიალოგისკენ ხელისუფლების მოწოდებას

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების პირობებში, მრეწველთა ფრაქცია საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
უმრავლესობასა და მთავრობის წევრებთან კონსულტაციებს იწყებს. კონსულტაციების პირველი რაუნდი სამშაბათს შედგა: მრეწველები ფინანსთა მინისტრ ლექსო ალექსიშვილს, ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანსა და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ. შედეგები ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა მოლაპარაკებები ოპოზიციის ამ ნაწილთან ოთხშაბათს გაგრძელდება. ბოიკოტში მონაწილე სხვა ფრაქციების წევრები უმრავლესობასა და ფრაქცია “მრეწველებს” შორის დიალოგის დაწყებას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა გარკვეულ თემებზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მომხრეობას ”რესპუბლიკური პარტიაც” ავლენს. როგორ უპასუხებს ოპოზიცია დიალოგისკენ ხელისუფლების მოწოდებას?

საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ ნაწილთან, კერძოდ, მრეწველთა ფრაქციასთან უმრავლესობის დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის მოთხოვნის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა პროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა. ეს, სწორედაც რომ, ოპოზიციის ერთ ნაწილთან კონსულტაციების გავლის სურვილით მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა იყო შემხვედრი ნაბიჯი ფრაქცია ”მრეწველების” ინიციატივაზე, რომლის არსსაც ამავე ფრაქციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი ასე განმარტავს:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”მუდმივი პრესინგის პირობებში შეიძლება მთავრობას ბევრი რამ დავათმობინოთ. დაახლოებით 2 დღეში ჩვენ ვაპირებთ მეორე თემის გახსნას. ეს არის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. გაბუტული ბავშვის როლში ყოფნა ჩემთვის პირადად მიუღებელია. ”

კონსულტაციები საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით დაიწყო და ეს არ ნიშნავს, რომ ”მრეწველები” უარს ამბობენ დანარჩენ საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებაზე. ოპოზიციის ცნობილ მემორანდუმს ისინი საკუთარი პირობებით შეუერთდნენ და თავიდანვე განაცხადეს, რომ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით სიამოვნებით წავლენ უმრავლესობასთან კონსულტაციებზე და ფრაქციის პოზიციას პარლამენტის სხდომებზეც წარმოაჩენენ, ოღონდ დანარჩენ ოპოზიციასთან შეთანხმებით და მხოლოდ მაშინ, როცა სხდომაზე ოპოზიციის მემორანდუმის ტექსტში აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდება.

კონსულტაციების პირველი რაუნდი სამშაბათს შედგა. მოსალაპარაკებლად ფრაქცია “მრეწველების” წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს შეხვდნენ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ” მთავარი არის საგადასახადო კოდექსი. ცვლილებების დიდი ნაწილი ემსახურება საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებას. კოლეგები მიიჩნევენ, რომ უკეთესად შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ მათ წინადადებებს, თუკი ისინი რეალობას შეესაბამება. ”

მრეწველების წინადადებები აქციზის გადასახადის დაწევასთან, სტიქიით დაზარალებული გლეხების მიწის გადასახადისგან გათავისუფლებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსმენილ იქნა. მოლაპარაკება ოთხშაბათს გაგრძელდება. ზურაბ ტყემალაძეს არა აქვს დიდი იმედები იმის, რომ მისი და მისი თანაფრაქციელების წინადადებები მიღებული იქნება, თუმცა, ვნახოთ.

ხელისუფლებასთან დიალოგი ცუდი რომ არ არის, ამას კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაში აღიარებენ. ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი სამშაბათს გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმის გასატარებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ მისი პარტიის ლიდერები მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ” ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რითია გამოწვეული პრეზიდენტის ეს ინიციატივა - ეს არის დასავლეთიდან ზეწოლა თუ მისი საკუთარი ნააზრევის გამოხატულება. ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენთვის მთავარია შედეგი და ამიტომ მზად ვართ თანამშრომლობისათვის.”

რესპუბლიკელები პრეზიდენტს თანამშრომლობაზე თანხმობის წერილს და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საკუთარ ვარიანტს უგზავნიან.