”თბილგაზის” ხელმძღვანელს გახმაურებული მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

7 მარტს სპეციალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ”თბილგაზის” მმართველი გია გვიჩიანი დააკავეს. მას ბრალად კომპანია ”ეი-ეს- თელასის” ფინანსური
მენეჯერის ნიკა ლომინაძის გახმაურებული მკვლელობის დაკვეთა ედება. გვიჩიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

(სოდის თანამშრომლის ხმა) ”ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ეჭვმიტანილი 2002 წლის 13 აგვისტოს ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში. თქვენ გაქვთ კანონით მონიჭებული დუმილის უფლება. შეგიძლიათ იყოლიოთ ადვოკატი. ყველაფერს, რასაც თქვენ განაცხადებთ, გამოყენებული იქნება თქვენს საწინააღმდეგოდ სასამართლოში.” (სტილი დაცულია)

უმძიმესი ბრალდების წაყენების შემდეგ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ”თბილგაზის” გაკოტრების მმართველს გია გვიჩიანს ხელბორკილები დაადეს, დაკავების ოქმზე ხელი მოაწერინეს და დასაკითხად ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს:

(ისმის ხმაური და სოდის თანამშრომლის ხმა) ”ნელა, ნელა, ნელა, ნელა.... გაგვატარეთ, გაგვატარეთ, გაგვატარეთ...”

საზარელი მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული, ხელფეხშეკრული იპოვეს.შემთხვევის ადგილას ხელუხლებელი იყო ყველა ძვირფასი ნივთი; სამაგიეროდ, გაჩხრეკილი იყო უჯრა, რომელშიც ლომინაძე სამსახურის საბუთებს ინახავდა. ამ ფაქტის გამო, გამოძიებას თავდაპირველად გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაული მსხვერპლის საქმიანობას უკავშირდებოდა. საუბარი იყო მკვლელობასთან გია გვიჩიანის შესაძლო კავშირის შესახებაც - გვიჩიანისა, რომელიც იმხანად ”თელასის” კომერციული დირექტორი გახლდათ. თუმცა გამოძიებას ამ მიმართულებით მუშაობა აღარ გაუგრძელებია და, საბოლოოდ, ნიკა ლომინაძის მკვლელობის მოტივად ოფიციალურად ყაჩაღობა დასახელდა.

7 მარტს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრი მადლობას უხდიდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც გვიჩიანის დაკავების სპეცოპერაცია წარმატებით დააგვირგვინეს. სამშაბათს ვანო მერაბიშვილი მკვლელობაში გადახდილ ფულზე და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა დაკავებულებზეც საუბრობდა:

(ვანო მერაბიშვილის ხმა) ”ასევე დაკავებულია მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირი. სამწუხაროდ, მათ გვარებს მე არ ვასახელებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ ამ მკვლელობაში გადახდილი იყო 20 ათასი აშშ დოლარი და მკვლელობის მოტივი იყო იმ ფინანსური მაქინაციების დამალვა, რომელიც, სავარაუდოდ, განხორციელდა მაშინ ”ეი-ეს-თელასში”. დღეს გავრცელდება, რამდენიმე წუთში, მოწმის ჩვენება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ საზარელ დანაშაულს.”

მოწმე, რომელიც ვანო მერაბიშვილმა ახსენა, მართლაც, გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანი გია გვიჩიანსა და უშუალო მკვლელს შორის შუამავლის როლს ასრულებდა:

(მოწმის ხმა) ”ნიკა ლომინაძის მოცილება უნდოდა გია გვიჩიანს, რაღაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, უნდოდა მოცილება ნიკა ლომინაძის და მთხოვა, რომ ვინმეს ვიცნობდი თუ არა, ვინც ამაზე ხელს მოაწერდა და ფულს გადაიხდიდა, ნებისმიერ ფულს გადავიხდიო, რა... მე ვნახე ერთი ნიკა ჩემია და ვუთხარი ესე-ესეა და მეთქი ფულს იხდიან-მეთქი, რამდენსაც მოითხოვ იმდენს-მეთქი, ოღონდ ეს პიროვნება-მეთქი უნდა მოკლათ-მეთქი, რა, და თუ ხარ-მეთქი ამის გამკეთებელი-მეთქი. კიო... შემდეგ მივედი გიასთან, მეთქი 20 ათას დოლარს ითხოვენ-მეთქი, რაზეც - პრობლემა არ არისო...” (სტილი დაცულია)

7 მარტს გია გვიჩიანის დაკავებას არავინ მოელოდა: არც თანამშრომლები, არც მეზობლები და, მით უმეტეს, არც ოჯახის წევრები. სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დაკავებულის 2 ბინაში, როგორც ეს პროცედურით არის გათვალისწინებული, ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაცია მტკიცებულებათა არსებობა-არარსებობის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. რაც შეეხება თავად დაკავებულს, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს, მან ე.წ. მოდულის შენობაში ადვოკატის მისვლამდე დუმილის უფლებით ისარგებლა. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე დაიცავს.

გვიჩიანი ერთხელ უკვე იყო დაკავებული. 2003 წელს პროკურატურა მას ფინანსური მაქინაციების შედეგად კომპანია "თელასისათვის" დაახლოებით 3 მილიონი ლარის ზარალის მიყენებას ედავებოდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ გვიჩიანს მისთვის არავითარი ზარალი არ მიუყენებია. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი გვიჩიანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერმაც უნდა გაიზიაროს, რომლის უშუალო ჩარევითაც გვიჩიანი 25 ივლისს "თბილგაზის" გაკოტრების მმართველად დაინიშნა.