ბელორუსიაში ოპოზიციის მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება დაძაბულობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.
დაძაბულობა ბელორუსიის საზღვრებსაც სცილდება: აშშ, ევროკავშირი, ეუთო წინასაარჩევნო კამპანიას აკრიტიკებენ, შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციის შევიწროვების გამო. ლუკაშენკა კი დასავლეთს აფრთხილებს, ნუ ჩაერევა ბეოლრუსიის საშინაო საქმეებში. რაც შეეხება საშინაო საქმეებს - გუშინ მინსკში ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა.

[დემონსტრანტების შეძახილები] “გაუმარჯოს ბელორუსიას” , - გაიძახდნენ დემონსტრაციაზე, რომელზეც პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ალიაქსანდრ მილენკევიჩის 3000-მდე მომხრე შეიკრიბა. მილენკევიჩი ამჟამინდელი პრეზიდენტის მთავარი მეტოქეა 19 მარტის არჩევნებში და, როგორც გუშინ მომიტინგეებისადმი მისი მიმართვითაც გამოჩნდა, ოპტიმისტურად არის განწყობილი. [მილენკევიჩის ხმა]“ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ: თავისუფლება, სამართალი და სიმართლე მოდის მელორუსიაში. და ჩვენ მოვიპოვებთ ადამიანური ცხოვრების, ევროპაში ცხოვრებისა და თავისუფალი ქვეყანაში ცხოვრების უფლებას. გაუმარჯოს ბელორუსიას!”

დემონსტრაციაზე არა მარტო მისი მონაწილეები მივიდნენ, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მზრუნველებიც: როგორც იუწყებიან, 1000-მდე პოლიციელი. მაგრამ ოპოზიციის აქციამ, რომელსაც ბელორუსიის მმართველი რეჟიმი პროვოკაციად მიიჩნევს, დაპირისპირების, ან აქტივისტების დაკავების გარეშე ჩაიარა.

ცნებამ “პროვოკაცია” პრეზიდენტ ლუკაშენკას გუშინდელ, ეროვნული ასამბლეის სესიაზე გამოსვლაში გაიჟღერა: [ლუკაშენკას ხმა]“საარჩევნო კამპანია ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს უშიშროების ძალებს დიდი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად უჯდება. დაძაბულობა იმდენად დიდია, ვერც კი წარმოიდგენთ. მაგრამ ხელისუფლების წევრებმა ჩემგან ერთი დავალება მიიღეს: არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად დაელოდეთ 19 მარტს და მერე - ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს”. ხალხი კი, ამაში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ეჭვი არ ეპარება, მისი, ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკას ემხრობა.

[ლუკაშენკას ხმა]“ “ბელორუს ხალხს თავისივე გამოცდილებამ გააცნობიერებინა, რომ, რა ფერისაც უნდა იყოს რევოლუცია, ყოველი მათგანის უკან ბნელი ძალები დგას. ამიტომ ემხრობა ხალხი ეტაპობრივი გარდაქმნისა და მტკიცე სოციალური გარანტიების პოლიტიკას”. რაც შეეხება ფერად რევოლუციებს, ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ არ დაუშვებს იმის გამეორებას, რაც საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში მოხდა.

ამასობაში, ეუთოში აშშ-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია ბელორუსიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერების დევნა-შევიწროვებაზე. ბრიუსელში კი ევროკომისიის პრემ-მდივანმა კრისტინა ნაგიმ მოუწოდა ბელორუსიის ხელისუფლებას, თანაბარი პირობებით უზრუნველყოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე კანდიდატები.