რეგიონული გაერთიანება სუამის სუსტი მაჯისცემა

რუსეთ-საქართველოს შორის გართულებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მოუგვარებელ კონფლიქტებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საქართველოს ხელისუფლება
23-24 თებერვალს რეგიონული გაერთიანება სუამის ეროვნულ კოორდინატორთა ბაქოს შეხვედრაზეც ისაუბრებს. სუამი, რომელიც 7 წლის წინ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვეთის სახელმწიფოთა მეთაურებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით შექმნეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპირწონედ უნდა ქცეულიყო. მაგრამ რეგიონული ორგანიზაციის თვითდამკვიდრების პროცესი არც ისე იოლი აღმოჩნდა.

სუამს, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეზე წარმოქმნილ ყველა რეგიონული ორგანიზაციის ჩანასახს, არასტაბილური განვითარება ახასიათებს. 7 წლის წინ რეგიონული გაერთიანება 5-მა ქვეყანამ დააარსა, მაგრამ სამი წლის შემდეგ “ხუთქიმიან” ორბიტას პირველი უზბეკეთი მოსწყდა, რომელმაც სუუამს გაერთიანება ევრაზესი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ამჯობინა. სუამის 4 ერთგული მოჰიკანი კი ჯიუტად ცდილობს მონახოს ის სფეროები, რაშიც ერთობლივი თანამშრომლობის განვითარება შეიძლება. მაგრამ ეს არც ისე იოლია, რადგან, ინტერესთა თანხვედრის გარდა, საჭიროა პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც სუსტთა კავშირს, როგორსაც სუამი წარმოადგენს, ჯერჯერობით არ გააჩნია. ფინანსური მოტივაციის გარდა, სუამის ზრდას - მიიჩნევს, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი - ხელს ინსტიტუტების სისუსტეც უშლის:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ჩვენნაირი ქვეყნებისათვის ერთიანი რეგიონული ორგანიზაციის შექმნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველა ჩვენი ქვეყანა არის სუსტი და მიდრეკილი, რომ აი, როგორმე იქნებ მე გადავრჩე ევროპელების თუ ამერიკელების მხარდაჭერით. და ისინი უფრო მხარს უჭერდნენ და უბიძგებდნენ, რომ ერთმანეთთან გვეთანამშრომლა. სიტყვების დონეზე კი გვესმის, მაგრამ ინსტიტუტები იმდენად სუსტია და მყიფე, რომ მაინცადამაინც ერთმანეთს ბევრს არაფერს მატებენ.”(სტილი დაცულია)

ექსპერტების თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო-უკრაინის ღერძის განვითარებამ სუუამს მეორე სუნთქვა გაუხსნა. თუმცა ორგანიზაციის მაჯისცემა ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია. შესაძლოა, ამითაც აიხსნებოდეს ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 2006 წლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში არაფერი თქვა ორგანიზაცია სუამზე. თუმცა საგანგებო ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რაც, შესაძლოა, სუამის მაცემენტებელ ძალად იქცეს.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “ცალკე თემად ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტში იქნება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, ჩვენ ვაპირებთ ძალიან ინტენსიურად ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონული და რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.”

სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება მთავარი თემა 23-24 თებერვალს ბაქოში გამართულ სუამის კოორდინატორების კონფერენციაზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ოთხეულის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები. ბაქოს შეხევდრაზევე უნდა გადაწყდეს თარიღი მომდევნო სამიტისა, რომელიც შარშან ბათუმში უნდა გამართულიყო. სუამის წევრები იმსჯელებენ რეგიონულ კონფლიქტებზე და შემუშავდება ერთობლივი მოქმედების გეგმა, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატო ჩიქოვანმა. თუმცა ამ გეგმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.