კანონი და ეთიკა ქართულ ჟურნალისტიკაში

ხელისუფლების აქტიური წარმომადგენლები ჟურნალისტებს მათი საქმიანობის თვითრეგულირებისკენ მოუწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა
ერთმანეთის ნამუშევარი უნდა შეაფასონ და “თეთრი” და “შავიც” თავად განასხვაონ. მაგრამ ჟურნალისტთა ნაწილი ეჭვით ეკიდება ხელისუფლების მორიგ ინიციატივას. სჭირდება თუ არა ქართულ მედიას თვითრეგულირება?

კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ივნისში მიიღო. ამ კანონის მიხედვით, ჟურნალისტის საქმიანობა მაქსიმალურად არის დაცული ფორმალური ზეწოლისგან. მაგალითად, თითქმის შეუძლებელია, რომ ჩინოვნიკსა და ჟურნალისტს შორის სასამართლო დავა ჩინოვნიკის სასარგებლოდ დასრულდეს. ისეთი ფაქტები, როდესაც გადაცემა “60 წუთის” ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ერთი მილიონი ლარი წააგო სასამართლოში აკაკი ჩხაიძის სასარგებლოდ, წარსულს ჩაბარდა. თუ რომელიმე საჯარო პირი სასამართლოს სარჩელით მიმართავს, მან თავად უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მაგალითად, ახალი კანონმდებლობის პირობებში, ნინო ზურიაშვილი კი არ შეეცდებოდა, სასამართლო თავისი არგუმენტების სისწორეში დაერწმუნებინა, არამედ აკაკი ჩხაიძეს მოუწევდა მტკიცება, რომ იგი კორუმპირებული არ არის. რომც დაემტკიცებინა, შემდეგ აკაკი ჩხაიძესვე მოუხდებოდა იმის დადასტურება, რომ ჟურნალისტი უნებლიე შეცდომის მსხვერპლი კი არ იყო, არამედ მიზანმიმართულად ახდენდა ჩხაიძის დისკრედიტაციას მისთვის მატერიალური ან მორალური ზიანის მისაყენებლად. ამის შემდეგაც კი, თუ სასამართლო ჟურნალისტის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, თანხა იქნებოდა გაცილებით ნაკლები, ადეკვატური და გონივრული, ვიდრე ერთი მილიონი ლარი.

ადვილი მისახვედრია, რომ მეტად ლიბერალური კანონის პირობებში, ჟურნალისტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, როგორ ინფორმაციას გაავრცელებს იგი რომელიმე საჯარო პირის ან მოვლენის შესახებ. თუ ადრე ჟურნალისტს სასამართლოს შიში აიძულებდა, მეტ-ნაკლებად პატიოსნად ემუშავა, ახლა კანონის ჩარჩო გაფართოებულია და ჭორების მოგონების შემთხვევაშიც კი ჟურნალისტს სასჯელი არ ემუქრება. კანონში ასახული სახელმწიფო პოლიტიკა ასე შეიძლება განვმარტოთ: სახელმწიფოს ხედვით, ჯობს, ჩინოვნიკი იყოს დაუცველი ჟურნალისტის პირისპირ, ვიდრე ჟურნალისტს ემუქრებოდეს წნეხი ჩინოვნიკის მხრიდან. ახალი კანონი იდეალურ პირობებს ქმნის სიტყვის თავისუფლებისთვის, ჟურნალისტური გამოძიებებისთვის, პოლიტიკური დებატებისთვის. მაგრამ იგივე კანონი ახალისებს ჭორს, ტყუილს, შეურაცხყოფას და ცილისწამებას.

როგორც თბილისში, ისე საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამოიცემა გაზეთები, რომლებიც სრულად სარგებლობენ კანონის მიერ გაფართოებული ჩარჩოთი და ბეჭდავენ ხმაურიან, მაგრამ გადაუმოწმებელ ან ტენდენციურ მასალებს. ამ გაზეთების გვერდით გამოიცემა სხვა გაზეთები, რომლებიც გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ მკითხველის მიმართ - არ უზრდელობენ, არავის შეურაცხყოფენ და კონფლიქტში მხარედ არ გამოდიან. ერთი სიტყვით, არიან ჟურნალისტები, რომლებიც ბოროტად იყენებენ კანონით მინიჭებულ ფართო უფლებებს და მათ გვერდით არიან სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ნებაყოფლობით ისაზღვრავენ სამოქმედო სივრცეს ეთიკის ნორმებით. პირველი კატეგორიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა მკითხველისთვის ხშირად უფრო მიმზიდველია, მეორე კატეგორიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა კი ობიექტურად უფრო სანდოა. თბილისში ვითარება გამჭვირვალეა. მაგალითად, “24 საათს” და “ჯორჯიან თაიმსს” სხვადასხვა მკითხველი ჰყავს და ეს გაზეთები ერთმანეთის კონკურენტებად არ აღიქმებიან. რეგიონებში კი კონკურენციის ზღვარი სწორედ ეთიკურ და არაეთიკურ გაზეთებს შორის გადის. ამიტომაც, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში მედიაორგანიზაციებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. ტირაჟის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, “მყვირალა” გაზეთები ყველგან უკეთესად იყიდება - დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. დაბალანსებულ პრესაზე კი მოთხოვნა გაცილებით მცირეა. გამოდის, რომ ჟურნალისტური ეთიკა და პასუხისმგებლობა ქართველი მკითხველის მიერ დიდად დაფასებული არ არის. ამიტომ, კეთილსინდისიერი ჟურნალისტები მონდომებული არიან, მედიის წიაღში შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც მკითხველს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს ამა თუ იმ გაზეთის სანდოობის ხარისხი და არ დაეწაფოს უპასუხისმგებლო პრესას. ეს არის პრობლემის არსი. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ თვითრეგულაცია არა მხოლოდ ხელისუფლების ინიციატივაა, არამედ, ეთიკური ჟურნალისტიკის სასიცოცხლო მოთხოვნაც. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითრეგულაციის ზოგიერთი ფორმა მედიისთვის მავნე შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ამ საფრთხის შესახებ მომავალში ვისაუბრებთ.