ევროპარლამენტარები ჰგმობენ კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 იანვრის სხდომაზე დაგმო ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები,
რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას უკავშირდება. თუმცა, ასამბლეამ არ მოიწონა რეკომენდაციების პროექტის ის ნაწილი, რომელიც ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებდა, მიეღოთ ოფიციალური დეკლარაცია კომუნიზმთან დაკავშირებით და ჩაეტარებინათ სისხლის სამართლის გამოძიებები იმ პირთა საქმეებზე, ვინც ეჭვმიტანილია კომუნიზმის პერიოდში დანაშაულის ჩადენაში. რეკომენდაციების პროექტმა ასამბლეის წევრთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია.

კამათი იმით დამთავრდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც 46 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, დოკუმენტი უბრალო უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციაში ჩამოთვლილ დანაშაულთა შორის არის "ინდივიდუალური და კოლექტიური მკვლელობები, სიკვდილი საკონცენტრაციო ბანაკებში, შიმშილი, დეპორტაცია, წამება, მონური შრომა" და მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვა ფორმები.

დოკუმენტში გამოთქმულია მოწოდება, ამგვარი აქტები დაგმობილ იქნეს ისევე, როგორც თავის დროზე დაგმობილ იქნა ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულები. რეზოლუციაში ისიც ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმები დღემდე მოქმედებს.

რეზოლუციის ტექსტის ავტორია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვედი წევრი გორან ლინდბლადი, რომლის აზრით, არ უნდა დავივიწყოთ არა მარტო რეპრესიების მსხვერპლნი, არამედ მათი ნათესავებიც.

[გორან ლინდბლადის ხმა] "ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ დაგმობილ იქნა კომუნიზმის სახელით ჩადენილი ყველა დანაშაული - უკლებლივ. და მეორე: ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლნი ან მათი ნათესავები, არსებობს შესაძლებლობა, ამ ხალხს მორალური ზარალი ავუნაზღაუროთ."

ევროპარლამენტარებმა განიხილეს კიდევ უფრო მკაცრი დოკუმენტიც, რომელიც ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებდა, ოფიციალურად დაეგმოთ კომუნიზსტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები, გამოეძიებინათ ცალკეული საქმეები და დაესაჯათ დამნაშავენი. მაგრამ ამ რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმების ორი მესამედი, რაც მისი მიღების აუცილებელი პირობა იყო.

ამ დოკუმენტს განსაკუთრებით გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა რუსი კომუნისტების მხრიდან, რომლებსაც მათი ლიდერი გენადი ზიუგანოვი ხელმძღვანელობდა. რუსეთის დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა ივან მელნიკოვმა გორან ლინდბლადი - რეზოლუციის ტექსტის ავტორი - ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. თუმცა, ზიუგანოვისა და მელნიკოვის მოსაზრებებს მათი ყველა თანამემამულე როდი იზიარებს. ზოგიერთი პირიქით, ფიქრობს, რომ რომ ევროპარლამენტმა კომუნისტური დანაშაულების მიმართ არასაკმარისად მკაცრი და პრინციპული პოზიცია დაიკავა. ასეთთა შორის არის ვიქტორ კრემენიუკი - მოსკოვში მოქმედი აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

[ვიქტორ კრემენიუკის ხმა] "თავის დროზე დასავლეთმა ევროპამ, რომელიც ნატოში გაერთიანდა, დაგმო კომუნიზმი და იგი თავის მტრად გამოაცხადა. ამიტომ გამიკვირდა ასეთი განცხადებების მოსმენა. ვიფიქრე, რაღა ნატოს წევრები გქვიათ, თუ ამ ყველაფერზე პირში წყალს ჩაიგუბებთ-მეთქი! ეს, სამწუხაროდ, აზრს მოკლებული და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იყო, ან, თუ გნებავთ, მოუფიქრებელი ნახევარზომა."

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა მეოცე საუკუნეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მოქმედმა კომუნისტურმა რეჟიმებმა. უხეში შეფასებით, ეს ციფრი 100 მილიონს აღწევს. მათგან 65 მილიონამდე ადამიანი ჩინეთში დაიხოცა, ხოლო 20 მილიონამდე - საბჭოთა კავშირში.