განხეთქილება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” და მისი სავარაუდო მიზეზები

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მცირე განხეთქილებაა. ასოციაციის რამდენიმე წევრი - მათ შორის, ლევან ალაფიშვილი, იმერეთში პრეზიდენტის ყოფილი
სამხარეო რწმუნებული გია გეწაძე და სხვები ( სულ რამდენიმე კაცი) - ასოციაციის რეორგანიზაციას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის”აუცილებელია განვითარების ახალი სტრატეგია. ლევან ალაფიშვილი, გია გეწაძე და მათი რამდენიმე თანამოაზრე, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეფორმირების მოთხოვნით, 9 იანვარს სასტუმრო ”მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდნენ. ამავე დღეს შედგა პრესკონფერენცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ გეწაძის, ალაფიშვილისა და სხვების განცხადებებს ხელისუფლების ინტერესები უნდა ასაზრდოებდეს.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეორგანიზაციას ამავე ორგანიზაციის 5 წევრი ითხოვს. ხუთივეს მიაჩნია, რომ სწორედ რეორგანიზაციისა და ახალი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში დაიბრუნებს ძველ სახელსა და პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების განვითარებაში, მართლაც, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მოთხოვნის ავტორები აცხადებენ, რომ ორგანიზაციაში, სადაც ადრე ღირებული იყო თითოეული წევრი, გადაწყვეტილებებს დღეს ერთპიროვნულად იღებენ. აი, რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა იმერეთში გია გეწაძემ 9 იანვარს სასტუმრო ”მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე:

[გია გეწაძის ხმა] ” სახეზეა ორგანიზაციის, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის, ვიწრო კანტორულ დონეზე ჩამოყალიბება, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია ხელს შეუწყობს იმ ძვრებს ასოციაციაში, რომლის საშუალებითაც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ძველ სახელსა და ავტორიტეტს დაიბრუნებს. ” (სტილი დაცულია)

ნათქვამი ცხადყოფს, რომ გია გეწაძეს და, მასთან ერთად, მის 4 თანამოაზრეს მიაჩნიათ, რომ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დაკარგული აქვს ძველი ავტორიტეტი და თავისი საქმიანობით აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. რა ხდება, არის თუ არა პრობლემები ორგანიზაციაში? ამის ნათელსაყოფად 9 იანვარს სასწრაფოდ იქნა მოწვეული პრესკონფერენცია თავად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში, სადაც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბურდულმა განმარტა, რა შეიძლება გამხდარიყო გეწაძის, ალაფიშვილისა და სხვების გამოსვლის მიზეზი:

[ზურაბ ბურდულის ხმა] ”ბოლო წლების განმავლობაში იმ წევრთა უმეტესობის, ვინც დღეს განცხადება გააკეთა, ხილვაც კი შეუძლებელი იყო იმ ორგანიზაციის კედლებში, რომელმაც თავის დროზე ბევრი მისცა მათ როგორც პროფესიული ზრდის, ისე მოქალაქეობრივი თვითშეგნების თვალსაზრისით. დღევანდელი განცხადება არ იყო მოულოდენელი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი პრინციპული საქმიანობა ბევრს არ ედება გულზე მალამოდ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გადავუხვიოთ ჩვენს ღირებულებებს. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ზოგიერთი წევრი პოლიტიკურ წნეხს ვეღარ უძლებს.”(სტილი დაცულია)

”ჩვენი ერთობა წევრობაზეა დაფუძნებული და ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ წევრების სულისკვეთების გამოხატულებაა. ამისათვის, სხვა საშუალებებთან ერთად, ასოციაციას აქვს საერთო კრება და გამგეობა, რომლის მუშაობაში უფრო აქტიური მონაწილეობა კარგი ალტერნატივა იქნებოდა უპასუხისმგებლო განცხადებებისა,” - ნათქვამია ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ 9 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. ირკვევა, რომ ასოციაციის რეორგანიზაციის მოთხოვნის ავტორები მიწვეულნი იყვნენ 2 თვის წინ ჩატარებულ საერთო კრებაზე, მაგრამ, ლევან ალაფიშვილის გარდა, კრებაზე არც ერთი არ მისულა. სწორედ ამ კრებამ განიხილა ასოციაციიდან იმ წევრთა გარიცხვის საკითხი, რომლებიც არ იხდიან საწევროს. მათ შორის სწორედ ისინი არიან, რომლებიც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეფორმირების მოთხოვნით გამოვიდნენ. გია გეწაძეს საწევრო 4 წელზე მეტია არ გადაუხდია, ნუგზარ გუმბერიძეს - 3 წელი დ 9 თვე, დავით კაკაბაძეს - 2 წელი, პაატა ლეჟავას - 6 წელი. ჩამოთვლილ პირებს 13 იანვრამდე შეუძლიათ დაფარონ დავალიანება და შეინარჩუნონ ასოციაციის წვრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროფესიული ერთობიდან გარიცხულები იქნებიან.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ ამ ორგანიზაციას არასდროს გადაუხვევია იმ ღირებულებებისა და პრინციპებისგან, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიქმნა და თუ მისი ზოგიერთი წევრი ვეღარ პოულობს ამ ღირებულებებთან შეხების წერტილს, პრობლემები მან საკუთარ თავში უნდა ეძებოს.