ყოველკვირეული რადიოჟურნალი

წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 624-ე გამოშვება
ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 624-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საახალწლო სამზადისზე ჩაქვში; გავიხსენებთ განვლილი წლის 10 უმნიშვნელოვანეს მოვლენას; მოგიყვებით, რით იყო მნიშვნელოვანი 2005 წელი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისისთვის; გადაცემის ბოლოს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ახალგაზრდა მუსიკოს რომან ლომთაძესთან, რომელიც ჩეხეთის პოპულარულ ანსამბლ "ჩეხომორში" უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
პრაღაში პროგრამას ბიძინა რამიშვილი უძღვება.

საახალწლო სამზადისი ჩაქვში

ბიძინა რამიშვილი:
მთელი საქართველო ამ დღეებში საახალწლო სამზადისითაა დაკავებული. ყველას მთავარი საზრუნავი ახლა სუფრაა. ზრუნვა იმაზედ, რომ სუფრაზე ტრადიციულად იყოს საცივი, შეძლებისდაგვარად შემწვარი გოჭი, გოზინაყი და შამპანური. ამ მხრივ გამონაკლისი არც აჭარაა. ახლახან რადიო ”თავისუფლების” თანამშრომელი ალექსანდრე ელისაშვილი ჩაქვში იმყოფებოდა. იგი შეეცადა გაეგო, თუ როგორ და რა განწყობით ხვდებიან ჩაქველები ”უასლანაბაშიძეო” მეორე ახალ წელს.

[ზღვის ხმაური]

ალექსანდრე ელისაშვილი:
ზამთარში ჩაქვის სანაპირო უკაცრიელია. იშვიათად, აქა იქ, თუ დაინახავთ ადამიანს. ზაფხულისაგან განსხვავებით ზამთარში შავი ზღვის სანაპიროს დამსხვენებლები არ ეტანებიან. ბუნებრივია ქობულეთ-ბათუმის ფუნქციას ზამთარში ბაკურიანი და გუდაური ითავსებენ. თუმცა ჩაქველები ტურისტების გარეშეც ემზადებიან ახალი წლის შესახვედრად:

[ხალხის ხმა] "ტურისტის ზამთარში რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველა თავისდა მიხედვით ემზადება ამ ახალი წლისთვის. ერთობა, უფრო ახალგაზრდებისთვის არის გართობა, ჩვენ უფრო ოჯახში ვრჩებით და ოჯახის კრუგში ვართ." (სტილი დაცულია)

ოჯახის წრეში წინასაახალწლოდ მთავარი ტვირთი ქალბატნებზე მოდის. ჩვენთან საუბარში ჩაქვის მცხოვებმა და ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს თანამშრომელმა ბატონმა ჯემალმა სიამოვნებით აღნიშნა აჭარელი მამაკაცების განსაკუთრებული როლი წინასაახაწლო საოჯახო სამზადისისას:

[ხალხის ხმა] "კერძებს ქალები აკეთებენ, ჩვენ ვაძლებვთ ზაკაზებს. ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. როგორ ყოველთვის, ყველა ოჯახში." (სტილი დაცულია)

ყველა ოჯახში ცდილობენ ახალ წელს საკადრისი სუფრით შეეგებონ. აჭარულ სუფრას დანარჩენ ქართულისაგან ბევრი არაფერი განასხვავებს, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელ უგემრიელეს ტკბილეულს, განსაკუთრებით კი ბაქლავას და ციტრუსის მოსავლის შემდეგ გამოხდილ მანდარინის არაყს. ამას გარდა აჭარას დანარჩენი საქართველოსგან ისიც განასხვავებს, რომ აქ წელიწადნახევრის გასვლის მიუხედავად კვლავაც უხალისოდ თანხმდებიან წლების მანძილზე ავტონომიური რესპუბლიკის მმართველზე ასლან აბაშიძეზე საუბარს. არადა ”უასლანო” ახალ წელს აჭარლები უკვე მეორედ ეგებებიან:

[ხალხის ხმა] ქალი ხმა - "რა შეიცვალა ასლან აბაშიძის შემდეგ. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ისევ ისე დარჩენილია. ნუ ყოველ შემთხვევისთვის გლეხობას, როგორც უჭირდა ისევ ისე უჭირს, მე მგონი. მამაკაცის ხმა - კიდევ იმედი გვაქვს, რომ უკეთესი იქნება, წელს არაფერი შეცვლილა."

ამდენად ჩაქველებს სხვების მსგავსად ცვლილებების, უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობის მოლოდინში არიან. ჩაქველთა სურვილია მომავალ წელს მშვიდობა იყოს, მალე მოვიდეს ზაფხული და 2006 წელს წინანდელზე უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს აჭარაში.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.

წლის 10 უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი რადიოს პრაღელი ჟურნალისტების შეფასებით

ბიძინა რამიშვილი:
ქარიშხლები და მიწისძვრები, აფეთქებები და თავდასხმები, არჩევნები და რევოლუციები - 2005 წელი, რომელიც, სულ ცოტაც და ისტორიის კუთვნილება გახდება, დატვირთული იყო დრამატული მოვლენებით. მაგრამ რომლები გამოირჩეოდა განსაკუთრებული მნიშვნელობით? ამ შეკითხვაზე ობიექტური პასუხის ძიებაში, ამჯერადაც, 2005 წლის მიწურულს, გამოკითხვა ჩატარდა ჩვენს რადიოში - “რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” პრაღის შტაბ-ბინაში. დღეს გაგაცნობთ გამოკითხვის შედეგებს: ჩვენი და ჩვენი კოლეგების შეფასებებზე დაყრდნობით შედგენილ რეიტინგს, რომელიც 2005 წლის 10 უმნიშვნელოვანეს მოვლენას მოიცავს და რომელსაც პრაღის მთელი ქართული რედაქცია წარმოგიდგენთ.

სალომე ასათიანი:
მეათე ადგილზე გავიდა მოვლენა, რომელიც 23 იანვარს კიევში საზეიმო ცერემონიით აღინიშნა: უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იუშჩენკოს იანუგურაცია. [იუშჩენკოს ხმა] “მე, ვიქტორ იუშჩენკო, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტად, ვფიცავ, რომ ერთგულად ვემსახურები უკრაინას და მთელი ჩემი უნარით ვემსახურები უკრაინის სუვერენობისა და დამოუკიდებლობის დაცვას”. ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაცია - წინა წლის, 2004-ის ნოემბრის ნარინჯიფერი რევოლუციის და შემდეგ, დეკემბრის არჩევნებში იუშჩენკოს გამარჯვების ტრიუმფით დაგვირგვინება იყო. თუმცა, ნაცრისფერმა რეალობამ მალე დაისადგურა უკრაინის ხელისუფლებაში: იანაუგურაციიდან ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა აშკარა გახდა განხეთქილება ნარინჯისფერი რევოლუციის გმირებს, ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოს შორის. იუშჩენკომ პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს მთავრობა დაითხოვა. ეჭვს არ იწვევს, ვნებათაღელვის გარეშე არც მომავალი წელი ჩაივლის: მარტში უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

დავით კაკაბაძე:
ისევ მიმავალ წელს დავუბრუნდეთ. 2005 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების რეიტინგით, მეცხრე ადგილზე გავიდა ის, რაც თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ასეთ გამორჩეულ შეფასებას არ დაიმსახურებდა. საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნებს. მას კი განსაკუთრებულს ხდის ის გარემოება, რომ კენჭისყრა გაიმართა ერაყში: ქვეყანაში, რომელშიც ძალადობის საფრთხის გამო, ლამის, გმირობის ტოლფასი იყო საარჩევნო უბანში მისვლა. ეს მაინც ბევრმა ერაყელმა გაბედა, თან ორჯერ. ჯერ 30 იანვარს გარდამავალი პერიოდის ეროვნული ასამბლეის ასარჩევად. [იავერის ხმა] “ვამაყობ, ბედნიერი ვარ, დიდი სიხარულით ვარ აღვსილი ამ დალოცვილ დღეს! ვულოცავ ყველა ერაყელს, მოვუწოდებ ყველას: ხმა მიეცით ერაყს!” ეს ემოციური განცხადება ერაყის პრეზიდენტმა ღაზი იავერმა გააკეთა ჩვენს რადიოსთან ექსლკუზიური ინტერვიუში. წლის მიწურულს - 15 დეკემბერს - ერაყში კიდევ ერთხელ ჩატარდა არჩევნები: საპარლამენტო არჩევნები.

მარიამ ჭიაურელი:
წელს არჩევნები გაიმართ ყირგიზეთშიც: საპრეზიდენტო არჩევნები. მაგრამ ყირგიზეთი ერაყისაგან განსხვავებით, არჩევნების გამო კი არ აღმოჩნდა წლის 10 უმნიშვნელოვანესი ამბის სიაში (კერძოდ, მე-8 ადგილზე), არამედ იმის გამო, რაც წინ უძღოდა არჩევნებს. გაზაფხულზე, 24 მარტს კულმინაციას მიაღწია მთავრობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებმა - მორიგმა “ფერადმა რევოლუციამ” პოსტსაბჭოთა სივრცეში. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიშკეკში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. შემდეგ კი “რევოლუციონერებს” ოპოზიციის ლიდერმა ტოპჩუკბეკ ტურგუნალიევმა მიმართა:

[ტურგუნალიევის ხმა] “ბატონი აყაევი, უკვე დიდი ხანია, გაიქცა. ეშმაკმა იცის, სად არის! სადღაც გაფრინდა. ის ახლა, ფაქტობრივად, პოლიტიკური გვამია...” მალე ცნობილი გახდა, რომ დამხობილმა პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა რუსეთს მიაშურა. 10 ივლისს კი ყირგიზებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს: ოპოზიციის ლიდერი ყურბანბეკ ბაკიევი.

ოქროპირ რუხაძე:
აპრილის დასაწყისში მსოფლიოს ყურადღება მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოსკენ იყო მიმართული: 2 აპრილს ვატიკანიდან გავრცელდა ცნობა რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალების შესახებ .... [ზარების რეკვა] სულ რამდენიმე საათში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი ვატიკანთან, წმინდა პეტრეს მოედანზე. ისინი ლოცულობდნენ, და პაპის ბინის განათებულ ფანჯრებს შესცქეროდა. რამდენად დიდი იყო პოლონელი პაპისადმი თანაგრძნობა და სიმპათია, მომდევნო დღეებში გამოჩნდა, როცა რომს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 5-თ მილიონამდე ადამიანი მიაწყდა იოანე პავლე მეორესთან გამოსათხოვებლად. 19 აპრილიდან კათოლიკურ ეკლესიას ახალი თავკაცი ჰყავს - ეროვნებით გერმანელი ბენედიქტე მე-16.

სალომე ასათიანი:
2005 წლის 10 უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან მე-6 ადგილი ხვდა ანდიჟანის მოვლენებს. 13 მაისს აღმოსავლეთ უზბეკეთის ამ ქალაქში სასტიკად დაარბიეს მთავრობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლა. რა მოხდა იმ დღეს ანდიჟანში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, გალიმა ბუხარბაიევამ აღწერა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: [ბუხარბაევას ხმა] “საღამოს 6-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ხალხმა შეამჩნია, რომ ჯავშანტრანსპორტიორები გვიახლოვდებოდა. ყველამ ყვირილი ატეხა, აქეთ-იქით გაიქცა. ჩვენც გავიქეცით. ჯერ ერთი-ორი ჯავშანტრანსპორტიორი იქნებოდა. კარგად ვერ ვხედავდი - ბრბოსთან ერთად მივრბოდი, მაგრამ სულ ხუთიოდე წუთში სხვა ჯავშანტრანსპორტიორებიც გამოჩნდა და დაიწყეს, უბრალოდ, ყველასთვის ზურგში სროლა! ყურებში ტყვიები გვიწუოდა - საშინელება იყო...” უზბეკეთის მთავრობის ინფორმაციით, დაიღუპა 187 ადამიანი - უმეტესწილად, ტერორისტები და უშიშროების სამსახურის მუშაკები. არადა, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვი 700-ს აღწევს და მათს დიდ ნაწილს სამოქალაქო პირები შეადგენენ. საერთაშორისო თანამეგობრობამ მომხდარის გამოძიებაში უცხოეთის ჩართვა მოითხოვა. უზბეკეთის მთავრობა ამაზე უარს ამბობს.

დავით კაკაბაძე:
2005 წლის 7 ივლისს ლონდონში 4 ბომბი აფეთქდა. აფეთქებები მეტროსა და ავტობუსში მოაწყეს თვითმკვლელებმა - პირველად დასავლეთ ევროპაში. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მომხდარის შესახებ შოტლანდიაში შეიტყო, სადაც “დიდი რვიანის” სამიტს მასპინძლობდა. [ტონი ბლერის ხმა] “საკმაოდ ნათელია, რომ ლონდონში ტერორისტული თავდასხმების სერია მოეწყო. არის მსხვერპლი, არიან დაღუპულებიც და მძიმედ დაჭრილებიც. ვლოცულობთ დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისათვის”. აფეთქებებმა, გარდა ეჭვქვეშ დააყენა მულტიკულტურული საზოგადოების ბრიტანული კონცეფციცაც, რადგან გაირკვა, რომ ოთხი ამფეთქებლიდან სამი - უცხოეთიდან კი არ იყო “იმპორტირებული” ძალადობის აქტის მოსაწყობად, არამედ ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი, გამოდის - ბრიტანული საზოგადოების წიაღშივე ჩამოყალიბებული ამ საზოგადოების მოსისხლე მტრად. ლონდონში 7 ივლისის ტერაქტები, ჩვენს რადიოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გასული წლის, მნიშვნელობით, მეხუთე მოვლენაა.

მარიამ ჭიაურელი:
მეოთხე ადგილი ერგო ისრაელის გასვლას ღაზის სექტორიდან. ისრაელმა 15 აგვისტოს დაიწყო ჯარებისა და ებრაელი მოსახლეების გაყვანა არა მარტო ღაზიდან, არამედ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოთხი დასახლებიდან: პირველად - 1967 წელს ამ რეგიონების ოკუპირების შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა აღიარა, რომ გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ვერ დაინახა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მანვე პალესტინელები გააფრთხილა: [არიელ შარონის ხმა] “მსოფლიო ახლა პალესტინელთა პასუხს მოელის - სამშვიდობოდ გამოწვდილ ხელს, ან ტერორის ცეცხლს. გამოწვდილ ხელს ზეთისხილის ტოტს შევაგებებთ, ცეცხლს კი - ყველაზე ძლიერ ცეცხლს, რაც კი ოდესმე გამოგვიყენებია”. პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ღაზიდან ისრაელის გასვლას უწოდა პირველი ნაბიჯი პალესტინელების სახელმწიფოს შექმნისკენ.

ოქროპირ რუხაძე:
ასე მივუახლოვდით პირველ სამეულს: მიმავალი წლის სამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ყოველ შემთხვევაში, “რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” პრაღის შტაბბინის ჟურნალისტების შეფასებით... მესამე ადგილზეა ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება აშშ-ის ისტორიაში: 29 აგვისტოს ქარიშხალი “კატრინა” დაატყდა ქვეყნის სამხრეთს, მექსიკის ყურის ნაპირებსა და მიმდებარე ტერიტორიას. მან მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა ლუიზიანის, ალაბამისა და მისისიპის შტატებს. ქალაქ ახალი ორლეანის მერმა რეი ნეიჯინმა უპრეცედენტო მოწოდებით მიმართა თანაქლაქელებს - ქალაქის მთელი, ნახევარმილიონიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა! [ნეიჯინის ხმა] “მოველით ქარიშხალს, რომლის შიშიც ბევრ ჩვენგანს ჰქონდა. არ მინდა პანიკის დათესვა, მაგრამ მინდა მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ სტიქიურ მოვლენას. ამიტომ მივმართავთ ამ უპრეცედენტო ზომას”. მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ მოხერხდა - დაღუპულების რიცხვი 1300-ს აღემატება. ქარიშხალმა “კატრინამ” პოლიტიკური ქარიშხალიც გამოიწვია: პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ბრალად სდებენ, რომ არ გამოიჩინა სათანადო უნარი და მონდომება სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად.

სალომე ასათიანი: საკითხავია არა საერთოდ მოხდება თუ არა, არამედ როდის მოხდება - როდის განიცდის ფრინველის გრიპი მუტაციას ისე, რომ ვირუსი ადვილად გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე. ფრინველის გრიპს ადამიანებში უკვე ჰყავს მსხვერპლი: 70-მდე ადამიანი აზიაში. მაგრამ ექსპერტები, ვირუსის მუტაციის შემთხვევაში, მილიონობით ადამიანის სიკვდილს მოელიან! ფრინველის გრიპიდან მომდინარე საფრთხეზე სექტემბერში ღიად ილაპარაკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურა წარმომადგენელმა, დიკ ტომპსონმა: [ტომპსონის ხმა]. “ამ ეტაპზე ნებისმიერი ვარაუდი შეიძლება იყოს სწორი, ან არასწორი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს - და ქვეყნებს ვურჩევთ, შესაბამისად მომზადებული იყვნენ - რომ პანდემიას შესაძლოა მოჰყვეს 2 მილიონიდან 7,4 მილიონამდე ადამიანის მსვხერპლი”. ფრინველის გრიპის ვირუსის ყველაზე აგრესიულ ფორმას “H5N1” -ს მიაკვლიეს რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ხორვატიაში, თურქეთსა და ბრიტანეთში.

დავით კაკაბაძე:
დაბოლოს, 2005 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ხოლო ყოველგვარი გამოკითხვისაგან დამოუკიდებლად - წლის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ათი ათასობით ადამიანს: 8 ოქტომბრის მიწისძვრა ქაშმირში, მის როგო რც ინდურ, ისე პაკსიტანურ ნაწილებში. პაკისტანის არმიის პრესმდივან, გენერალ-მაიორ შაუკატ სულთანის იმავე დღის განცხადება: [სულთანის ხმა] “უდიდესი ნგრევა გამოიწვია მიწისძვრამ ქაშმირის უმეტეს რაიონში და ყარაყორუმის ავტომაგისტრალის გასწვრივ, სადაც მიწისძვრას მეწყრები მოჰყვა, ამ მეწყრების გამო კი ზოგი სოფელი მიწასთან არის გასწორებული. ასევე მეწყრების გამო ჩახერგილია გზები, ზოგ ადგილას მდინარეებიც და იქ წყალდიდობების საფრთხეც არსებობს”. ქაშმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 87 000-ს აღწევს, უსახლკაროდ დარჩენილებისა კი - ზუსტად არავინ იცის. ლაპარაკია მილიონებზე. მათ ეხმარებიან, მაგრამ გაერო გაცილებით მეტ ჰუმანიტარული აქტიურობას მოითხოვს: უსახლკაროდ დარჩენილებს დაბინავება, საკვები და სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ბიძინა რამიშვილი:
აი, ეს იყო, ჩვენს რადიოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მიმავალი წლის 10 უმნიშვნელოვანესი მოვლენა. მათგან პირველი სამი - შეამჩნევდით, რომ ბუნებიდან მომდინარე საფრთხეს უკავშირდებოდა. და უთუოდ შეამჩნევდით იმასაც, რომ ათეულში არ ფიგურირებდა საქართველო.

2005 წელი რადიო თავისუფლების ქართული რედაქციისთვის

ბიძინა რამიშვილი:
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, წლის შედეგების შეჯამება რომ ტრადიციად იქცა - ამაში ჩვენი რადიოს ბოლო დღეების გადაცემებიც დაგარწმუნებდათ. ქართული გაზეთები და ტელეკომპანიები წლის პოლიტიკოსის, ყველაზე სიმპათიური მინისტრის თუ წლის მოვლენის დადგენას ცდილობენ. თამარ ჩიქოვანმა კი გადაწყვიტა გაეგო, თუ რით იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი 2005 წელი იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში მუშაობენ.

თამარ ჩიქოვანი:
თავდაპირველად, იმ სიახლეებს შეგახსენებთ, რაც რადიო თავისუფლების მსმენელისთვის ცნობილი უნდა იყოს - მაგალითად, ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ რადიო თავისუფლების ერევნის და ბაქოს ბიუროებთან ერთად ახალ პროგრამაში სახელწოდებით „გზაჯვარედინი“ იმის შესახებ გიამბობდით, თუ რით ჰგავს და რით განსხვავდება სამხრეთ კავკასიის ამ სამ ქვეყანაში არსებული პრობლემები. სიახლეა ისიც, რომ რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიოების რაოდენობა გაიზარდა - რადიო თავისუფლების გადაცემების რეტრანსლიაციას აჭარის სახელწიფო რადიოს ახდენს. ანუ, ჩვენ აჭარელი მსმენელიც შემოგემატა. კიდევ ერთი სიახლის დადგენას ყურადღებიანი მსმენელი ჩვენი ეთერით შესძლებდა - პრაღის სამსახურიდან თბილისის ოფისში დაბრუნდა ნინო გელაშვილი. პრაღის სამსახურს კი თბილისიდან სალომე ასათიანი შეემატა.

თუმცა, ეს ის სიახლეებია, რაც ჩვენი მუშაოების ზედაპირზე დევს. ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა იმ ადამიანების ცხოვრებაში 2005 წელს, ვის ხმებსაც თქვენ ყოველ საღამოს რადიო მიმღებებიდან ისმენთ.

ჯიმშერ რეხვიაშვილისთვის 2005 წელი არც თუ ცუდი აღმოჩნდა - ყოველ შემთხვევაში, ის ასე ფიქრობს:

[ჯიმშერ რეხვიაშვილის ხმა] "ნორმალური წელი იყო. ბავშვები კარგად არიან. მეც წარმატებები მქონდა. ჩემი მოთხრობების კრებული გამოვიდა. ჩემთვის პატარა, მაგრამ წარმატებაა.“

ნინო როდონაია, რომელიც სხვების მსგავსად, საახალწლო პროგრამაზე მუშაობს, ვერ იხსენებს, როგორი იყო მისთვის 2005 წელი;

[ნინო როდონაიას ხმა] „კარგი რა იყო? იცი, რომ წლები მერევა? მოიცა, მოვიფიქრებ...“

ეკა წამალაშვილი ამბობს, რომ 2005 წელი მაინც და მაინც კარგად არ დაამახსოვრდა.

[ეკა წამალაშვილის ხმა ] „ცუდი იყო, რადგან ჩვენი თანამშრომელი გიგა კაკაბაძე გარდაიცვალა. კარგი რა იყო? არ ვიცი.“

სამწუხაროდ, ასეთია ცხოვრების წესი - ვიღაც წუთისოფლიდან მიდის, ვიღაც ახალი კი იბადება. ალეკო ელისაშვილი არ მალავს, რომ მისთვის 2005 წელი განსაკუთრებულად კარგი იყო:

[ალეკო ელისაშვილის ხმა] "2005 წელი გადასარევი იყო - შვილი გამიჩნდა - ერეკლე ელისაშვილი. პირველი შვილია და, ალბათ, მიხვდები, რას ნიშნავს ჩემთვის. დიდი ბიჭია - დღეს გაირკვა, რომ პირველი კბილი ამოსდის. მოკლედ, ჩემთვის 2005 წელი პირველი შვილის საერთაშორისო წელი იყო.“

2005 წელს რადიო თავისუფლების კიდევ ერთ თანამშრომელს - ზაზა გაჩეჩილაძეს გაუჩნდა შვილი - პატარა ნიკუშა გულის მანკით დაიბადა - სამწუხროდ, ეს დაავადება სულ უფრო ხშირად გვხვდება ახლადდაბადებულებში. ნიკუშას ორი ოპერაცია უკვე გაუკეთეს. თავს კარგად გრძნობს და პირველ ახალ წელს ხვდება.

ბავშვები ანუ ჩვენი შვილები- რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში ხშირად მოდიან. რას იზამთ - ვინაიდან ჟურნალისტის სამუშაო დღე არანორმირებულია - ხანდახან შვილები მონატრებულ მშობლებს სამსახურში აკითხავენ. ამ მხრივ, წელს განსაკუთრებით არ გაუმართლათ კობა ლიკლიკაძის სამ შვილს - რადიო „თავისუფლების“ გარდა, კობა თითქმის 6 თვეა, კვირაში ორჯერ ტელეკომპანია „202“-ის ეთერში დებატებს უძღვება და სახლში შუაღამეს თუ მიდის. კობა ამბობს, რომ სატელევიზიო გამოცდილება მისთვის საკმაოდ საინტერესოა:

[ კობა ლიკლიკაძის ხმა ] „პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით, ახალ ამბლუაში მოვცადე თავი. მომწონს, მაგრამ რთულიც არის. ერთში დავრწმუნდი - თუ კარგი რადიო ჟურნალისტი ხარ, სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არ გაგიჭირდება.“

აქვე იმ სიახლეზეც გეტყვით, რომელიც უკვე 2006 წელს არის მოსალოდნელი - 2006 წელს რადიო თავისუფლება სატელევიზიო გადაცემებსაც მოამზადებს. ასე რომ, სიახლე კიდევ ბევრი იქნება

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.

ინტერვიუ რომან ლომთაძესთან

საახალწლო "მეათე სტუდიისთვის", ვფიქრობთ, გამორჩეულად საინტერესო ინტერვიუ შემოვინახეთ. პრაღაში მომუშავე "რადიო თავისუფლების" თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ჩეხი მუსიკის მოყვარულების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და საამაყო ჯგუფში, "ჩეხომორში", დასარტყამ ინსტრუმენტებზე ქართველი მუსიკოსი, რომან ლომთაძე უკრავს. ეს ჯგუფი – რომელიც, ჟანრობრივი თვალსაზრისით, ფოლკ-როკს, თუ უორლდ მიუსიკს ქმნის - 80-იანი წლების ბოლოდან არსებობს და ამ ხნის მანძილზე პოპულარობა არ დაუკარგავს. 26 წლის რომანი კი ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა და ახალი წევრია. რამდენიმე დღის წინ იგი სტუდიაში გვეწვია, და სალომე ასათიანს განვლილი ცხოვრების შესახებ მოუყვა. მაშ ასე - რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წარმოგიდგენთ რომან ლომთაძეს:

იხ. აუდიოვერსია.

ამით ვასრულებთ ჩვენს რადიოჟურნალს, "მეათე სტუდიას", რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, სალომე ასათიანმა და ბიძინა რამიშვილმა.

[მუსიკა]

გადაცემას ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. პრაღაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა იულია საიკო, თბილისის ბიუროში კი - ლევან გვარამაძე. მომავალ პარასკევამდე.