ედუარდ კოკოითის მოულოდნელი ინიციატივა და ოფიციალური თბილისის რეაქცია მასზე

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოულოდნელი ინიციატივით გამოვიდა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩართულ მხარეებს
(პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას და, მასთან ერთად, რუსეთისა და ეუთოს ქვეყნების პრეზიდენტებს) კონფლიქტის მოწესრიგების ერთობლივი გეგმის შემუშავება შესთავაზა. ედუარდ კოკოითის ინიციატივა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ქართულ-ოსური პროგრამის შემუშავებას გულისხმობს და, გარკვეულწილად, იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის ცნობილ სამეტაპიან სამშვიდობო გეგმას. ცხინვალის ინიციატივას თბილისში მიესალმნენ. ამ სიახლესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შერეული საკონტროლო კომისიის შეკრება და კოკოითის მიერ შემოთავაზებულ ერთობლივ სამუშაო გეგმაზე მუშაობის დაჩქარებულ ტემპებში დაწყება მოითხოვა.

უახლოეს მომავალში შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის შეხვედრა შედგეს. შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუკი ის შედგება, საუბარი, პირველ რიგში, ცხინვალის რეგიონის სრულ დემილიტარიზაციას შეეხება.

ედუარდ კოკოითი ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე აქამდე კატეგორიულ უარს აცხადებდა. შესაძლო შეხვედრაზე საქართველოს პრემიერი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც კოკოითიმ თავისი მოულოდნელი ინიციატივა საქართველის მთავრობას წერილობით აცნობა. ”რადგანაც კონფლიქტის მოწესრიგებას არ ადგება ცალმხრივ რეჟიმში შემუშავებული გეგმები, გთავაზობთ დავიწყოთ მუშაობა კონფლიქტის მოწესრიგების ერთობლივ ქართულ-ოსურ პროგრამაზე, ” - ნათქვამია ამ წერილში. კოკოითი საქართველოს მთავრობას სთავაზობს 2006 წლის 1 თებერვლამდე შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში იმუშავებს ერთობლივი პროგრამის შემუშავებაზე. პროგრამა კი, კოკოითის აზრით, უნდა ეფუძნებოდეს კონფლიქტის მოწესრიგების სამეტაპიან გეგმას. პირველი ეტაპი უნდა გულისხმობდეს კონფქლიტის ზონის დემილიტარიზაციას, მხარეთა შორის ნდობის აღდგენას და უსაფრთხოების გარანტიების შექმნას, შემდგომი ეტაპი - რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას, სულ ბოლო კი - კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას. სწორედ აქ არის თანხვედრა სააკაშვილის სამეტაპიან გეგმასთან, რომელიც მხარდაჭერილია ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. მაგრამ დავუბრუნდეთ კოკოითის ინიციატივას. ის არ არის დე ფაქტო ხელისუფლების ინიაციტივა. ამის შესახებ სამშაბათს თბილისში რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა ვალერი კენიანკინმა განაცხადა:

[ვალერი კენიანკინის ხმა] ” ედუარდ კოკოითიმ მიმიწვია პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის მთავრობის წევრები, უშიშროების საბჭოს წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამ პროგრამას მხარი დაუჭირა ყველამ. ამდენად, შემიძლია ვთქვა, რომ საქმე გვაქვს არა მარტო კოკოითის, არამედ სამხრეთ ოსეთის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინიციატივასთან, რაც მეტ ძალას აძლევს მას. ”

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ახლა მთავარი ამოცანაა სწრაფად შედგეს შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრა, რომელიც უნდა იყოს კონცენტრირებული 2 საკითხზე: რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა გეგმის შემუშავებასა და კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციაზე და შერეულმა საკონტროლო კომისიამ, ბოლოს და ბოლოს, აჩვენოს, რომ შეუძლია ეფექტურად მუშაობა. ”

ეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახლდათ. სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხინვალის ინიციატივა დროის გაჭიანურების საბაბად არ უნდა იქცეს და ამიტომ ერთობლივ გეგმაზე მუშაობა უნდა დაიწყოს უახლოეს მომავალში და არა თებერვალ-მარტში, ისე როგორც ამას ედუარდ კოკოითი გვთავაზობს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების ფორმატს, საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ ცხინვალი მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის შენარჩუნების მომხრეა. თბილისი, როგორც ცნობილია, შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის გაფართოებას ითხოვს. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებიდან გამომდინარე ,საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ამ მოთხოვნის გერდზე გადადებას. საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ ფორმატის შენარჩუნება დამოკიდებულია შერეულ საკონტროლო კომისიაზე - იმაზე, შეძლებს თუ არა ის ეფექტიან მუშაობას.