თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის მისაღწევად პოლიტიკურ გაერთიანებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევნების მოთხოვნით საკანონმდებლო ინიციატივის განსახორციელებლად, ამისთვის კი ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი ზეწოლის მოსახდენად,
პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აქტიურდებიან. თბილისში შეიქმნა კოალიცია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონაწილეობით, რომელიც მოუწოდებს თბილისილებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევის მოთხოვნით.

”სახალხო ფორუმი”, რესპუბლიკური პარტია, პოლიტიკური გაერთიანება ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქმნიან კოალიციას, რათა ორგანიზებულად უზრუნველყონ დედაქალაქის მოსახლეობის ნების გამოხატვა თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის თაობაზე. ლაპარაკია თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევის მოთხოვნით თბილისელთა ხელმოწერების შეგროვებაზე. ამ ახალი კამპანიის დაწყებას მიესალმება და მხარს უჭერს ლეიბორისტული პარტია, თუმცა ლეიბორისტებმა უარი თქვეს კოალიციაში გაერთიანებაზე. იმისდა მიუხედავად, რომ პარტნიორი პოლიტიკური გაერთიანება ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” კოალიციაში შევიდა, კოალიციის გარეთ დარჩნენ ახალი მემარჯვენეებიც. ისინი აცხადებენ, რომ მერის პირდაპირი გზით არჩევითობისთვის წამოწყებულ ახალ კამპანიაში ჩართვა მემარჯვენეებისთვის საჭირო არ არის, რომ მემარჯვენეები თვითმმართველობისთვის იმაზე მეტს გააკეთებენ, რის გაკეთებაც ხელმოწერების შეგროვებას შეუძლია.

ხელმოწერების შეგროვების კამპანიაზე გაცილებით მაღალი წარმოდგენა აქვთ ახალ კოალიციაში გაერთიანებული ძალების წარმომადგენლებს, მათ შორის, დავით ბერძენიშვილს და აკაკი ასათიანს. ორშაბათს პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პრეზენტაციაზე მათ შემდეგი განცხადებები გააკეთეს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”საზოგადოებრივი აქტიურობა მერების პირდაპირ არჩევითობასთან დაკავშირებით არის დამატებითი არგუმენტი ხელისუფლებისთვის. იქნებ გაიგოს, რომ რაკი ხალხს უნდა მერის არჩევა, დათანხმდეს ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას არაპოლიტიკურ პროცესებზე და ჩვენ ვიქნებით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად.” (სტილი დაცულია)

[აკაკი ასათიანის ხმა] ”ჩემი მეგობრული რჩევაა დაგვნებდეს და მიიღოს სიამოვნება და თუ ეს ასე არ იქნება, სიამოვნებას მივიღებთ ჩვენ."

აკაკი ასათიანის მუქარანარევ განცხადებას ზურგს სხვადასხვა გამოკითხვების შედეგები უმაგრებს. გამოკითხვებმა კი თვალნათლივ აჩვენა, რომ თბილისელებს დანიშნულ მერს არჩეული ურჩევნიათ. თბილისელების ამ სურვილის შესრულებისთვის სულ ცოტა რამ არის საჭირო - თბილისის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა. ამისთვის პარლამენტში სათანადო საკანონმდებლო ინიციატივა უნად შევიდეს, რისთვისაც 30000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. კოალიციის წევრებს კი გაცილებით მეტი ხელმოწერის შეგროვება სურთ.

[თინა ხიდაშელის ხმა] ”სწორედ ამიტომ გვინდა ბევრი ხელმოწერა, რომ მაქსიმალურად გაუჭირდეს ხელისუფლებას უარის თქმა. თუ ნახევარმილიონი ადამიანის მოთხოვნის ჩაგდება პრობლემას არ შეუქმნით, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია."

თინა ხიდაშელის თქმით, ხელმოწერების შეგროვება ორგანიზებულად არის დაგეგმილი, ისე, რომ თბილისელებს ქალაქის ყველა უბანში შეეძლოთ გამოხატონ საკუთარი მოთხოვნა თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევის თაობაზე. საკანონმდებლი ინიციატივისთვის მოქალაქეთა ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს საინიციატივო ჯგუფი. ხელმოწერების შეგროვებაც სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს.