საპნის ოპერის პრინციპი ქართულ ტელესივრცეში - რეალური შოუ და საზოგადოება

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სწავლობს საჩივარს, რომლის ავტორებიც (მართლმადიდებელ მშობელთა გაერთიანების, დავით აღმაშენებლის სახელობის კავშირის თუ
ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები) საქართველოს სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ სატელევიზიო ეთერში არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის გაშვებას აპროტესტებენ. ჩვენ მიერ ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენას ახდენს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის რეალური შოუ ”ჯეობარიც” . ”ჯეობარის” მოწინააღმდეგეები მარტო მარეგულირებელ კომისიაში შესული საჩივრის ავტორები არ არიან, ”ჯეობარი” ბევრს არ მოსწონს, თუმცა მისი გმირების ცხოვრებას მაინც ყველა ადევნებს თვალს. მე შევეცადე გამერკვი, რას ნიშნავს ეს და რეალურ სატელევიზიო შოუსთან საზოგადოების დამოკიდებულების გაანალიზება ფსიქოლოგ მაია ცირამუას ვთხოვე - ქალბატონი მაია იკვლევდა, თუ რა ფერისაა საქართველოს ტელევიზია.


[მაია ცირამუას ხმა)”ის, რომ ჩვენი სატელევიზო ეთერი მთლიანად მოიცვა რეალურმა შოუებმა და, ამასთანავე, გასართობმა შოუებმა, პოსტრევოლუციური საქართველოს მედია პოლიტიკიდან მოდის. თუ მანამდე აქცენტი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო საზოგადოების პოლიტიზირება, ახლა ჩათვალეს, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს და უნდა გაერთოს. სახელმწიფოს მართვის ფეიერვერკული სტილი გადატანილ იქნა მედიაში.” (სტილი დაცულია)


მაყურებელმა არ უნდა იფიქროს, ის უნდა გაერთოს, ანდა გადაერთოს რეალური პრობლემებიდან სხვაგან, რეალურ შოუში, და იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, სხვის ფანჯრებში ჭვრეტით - ამ ჩანაფიქრის არსებობაზე ეჭვი მაია ცირამუას ტელეკომპანია ”რუსთავი - 2”-ის ეთერიდან გიორგი გვახარიას საავტორო გადაცემის, ”ფსიქოს”, გაუჩინარებამ გაუმყარა. მაია ფიქრობს, რომ ეს ინტელექტუალური ტოკ-შოუ რეალურმა შოუმ ჩაანაცვლა, რითაც ითქვა, რომ ვიღაცას ან ვიღაცებს რეალურ პრობლემებზე საზოგადოებასთან ერთად ფიქრს, განსჯას, აზროვნებას იაფფასიანი სანახაობით საზოგადოების გართობა ურჩევნია. ასეა თუ ისე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩანაფიქრი, შაბათს - იმ დროს, როცა მაყურებელი ”ფსიქოს” დაწყებას ელოდებოდა - პირდაპირ ეთერში ”ჯეობარის” კვირის კულმინაცია იწყება.



[მაია ცირამუას ხმა] ”თვითონ ეს ადამიანები, ვინც არიან რეალური შოუს მონაწილეები და რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე დახშულ სივრცეში ცხოვრობენ, შესაძლოა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დადგნენ. მათ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი რაღაცები. იმის გარდა, რა ზეგავლენას ახდენს გადაცემა საზოგადოებაზე, უნდა იფიქრონ რა ზეგავლენას ახდენენ თავად ამ ადამიანებზე.”(სტილი დაცულია)


ასე ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს. მისი აზრით, ერთი მხრივ, ადგილი აქვს პროექტის ავტორების მომხმარებლურ დამოკიდებულებას რეალურ შოუში მონაწილეებისადმი, მეორე მხრივ, მომხმარებლურ დამოკიდებულებას მაყურებლისადმი, საზოგადოებისადმი, თუმცა მაყურებელი რეალური შოუს ყურებით, გარკვეულწილად, სარკეშიც იყურება:


[მაია ცირამუას ხმა] ”ამ საზოგადოებაშიც, ჯეობარის საზოგადოებაში, წარმატებული ხდებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც წარმატებული ხდებიან ჩვენს საზოგადოებაში - ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად იყვნენ მატყუარები, ადვილად გაწირონ გვერდზე მყოფი ადამიანები. ჯეობარი, გარკვეულწილად, არის პატარა მოდელი ჩვენი საზოგადოების.” (სტილი დაცულია)


რაც შეეხება ”ჯეობარის” მავნე ზეგავლენას არასრულწლოვანებზე, ამასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ითქვა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა საჩივრით. კომისია შესაბამის ვიდეოჩანაწერებზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დასკვნას ელოდება. ის მოგვიანებით იტყვის თავის სიტყვას იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა რეალური შოუს ცნობილი ეპიზოდებით ”მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი”. ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სამაუწყებლო კომპანიას გარკვეული სანქცია დაეკისრება. მარეგულირებელ კომისიაში შესული განცხადების ავტორები სხვა ტელეკომპანიებსაც უპირისპირდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენა ტელეკომპანია ”მზემაც” მოახდინა რამდენიმე ფილმის ჩვენებით, ”ტელე-იმედმაც” - ნარკოტიკების მოხმარების ჩვენებით, სამაუწყებლო კომპანია ”თბილისმაც” -სექსტელეფონების მუდმივი რეკლამირებით.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 16 დეკემბერს უნდა მიიღოს.