ოპოზიცია თბილისის საკრებულოში დეპუტატებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” მთელი კატეგორიულობით ითხოვს დეპუტატებზე თავდასხმის უკანასკნელი ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
ლაპარაკია გასულ პარასკევს თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც მუშტის ძალა, საკრებულოს წევრების გარდა, საკრებულოს სხდომაზე სტუმრად მისულმა პარლამენტის წევრებმაც იგემეს. არსებობს ჩხუბის ამსახველი ვიდეოფირი, რომლის საშუალებითაც თავისუფლად შეიძლება დეპუტატებზე თავდამსხმელების ამოცნობა. თვითმხილველების თქმით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმ დღეს საკრებულოს ნაციონალებზე მეტად ”ნაციონალური მოძრაობის” ის წევრები აქტიურობდნენ, რომლებსაც საკრებულოში არაფერი ესაქმებოდათ. ”დემოკრატიული ფრონტის” წევრებს აქვთ ეჭვი, რომ დეპუტატებზე თავდასხმის უკანასკნელი ფაქტი ისევე გამოუძიებელი დარჩება, როგორც არაერთი მსგავსი ფაქტი დარჩენილა.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომხდარმა ჩხუბმა იქ სტუმრად მისულ პარლამენტის წევრებზე მეტად საკრებულოს წევრები დააზარალა, კერძოდ, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები - სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე. მაგრამ ეს უკანასკნელნი, პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით, გენერალურ პროკურატურას საქმის გამოძიებას არ სთხოვენ, რადგან ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ საქმის აღძვრას დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა არ მოჰყვება.

ლეიბორისტებმა სხვა გზა აირჩიეს. მომხდარის გამო მათ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას კი არა, გაეროს გენერალურ მდივანს მიმართეს, მას გაუგზავნეს წერილი თხოვნით, შექმნას საგამოძიებო კომისია იმ ფაქტის საერთაშორისო დონეზე გამოსაძიებლად, რომელსაც დაზარალებული სოსო შატბერაშვილი ასე იხსენებს:

[სოსო შატბერაშვილის ხმა] ”საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ტაბიძემ, გამომტაცა მიკროფონი, შემდეგ შემაგინა და როდესაც გამომესარჩლა პაატა ჯიბლაძე, პაატა ჯიბლაძეს დაარტყა ხელი. ამის მერე მე დეპუტატი გოგოლაძე დამესხა უკნიდან თავს, ფეხი დამისხლტდა და წავიქეცი. იქით წააქციეს პაატა ჯიბლაძე. ასე წაქცეულებს დაგვესივნენ და წიხლებით შეგვდგნენ. ეს იყო პირველი რაუნდი.” (სტილი დაცულია)

პირველ რაუნდს მეორე მას შემდეგ მოჰყვა, რაც შატბერაშვილს და ჯიბლაძეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფი პარლამენტარები - ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრები - გამოესარჩლნენ. სოსო შატბერაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დეპუტატებზე შეტევისას საკრებულოს სხდომათა დარბაზში მობილიზებული ”ნაციონალური მოძრაობის” ის წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რომლებსაც საკრებულოში არაფერი ესაქმებოდათ. ამასვე აცხადებენ ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლებიც.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ” ეს არის ნაციონალური მოძრაობის ზონდერ ჯგუფი: ქავთარაძე, ხურცილავა, ვარძელაშვილი, მაქაცარია და ასე შემდეგ. გვარები არის, მასალებიც არის და ყველაფერ ამაზე შეიძლება მუშაობა. ”

დეპუტატებზე თავდამსხმელთა გვარები და პარასკევს მომხდარი ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა ზვიად ძიძიგურმა და მისმა თანაფრაქციელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს. ჩხუბის დროს ყველაზე გამოკვეთილად სწორედ ძიძიგური დაზარალდა. ის შეეცდება მიაღწიოს სამართლებრივ რეაგირებას მასა და ”დემოკრატიული ფრონტის” სხვა წევრებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების გამო, თუმცა ძნელი სათქმელია, გამოიღებს თუ არა ეს მცდელობა შედეგს - გამოვლინდებიან და დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები.

კანონი დეპუტატზე თავდამსხმელს სჯის, ოღონდ არა იმ შემთხვევაში, როცა დეპუტატს დეპუტატი ესხმის თავს. ალბათ, ამიტომ არის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მათზე თავდამსხმელების დასჯას, ამავდროულად კი საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის ცემით იმუქრებიან. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლები ბოლო დროს გიგა ბოკერიას ცემას სთხოვენ და შეეეცდება მათ ეს თხოვნა შეუსრულოს.