მორიგი სავიზო სკანდალი რუსეთსა და საქართველოს შორის

საქართველოში რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის მიზეზად რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ტექნიკურ პრობლემებს
ასახელებენ, თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს უჭირთ დაიჯერონ, რომ ნათქვამი სიმართლეს შეეფერება. რეალურად რა მიზეზით არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გასამგზავრებელ ვიზებს?

[რუსეთის საელჩოს თანამშრომლის ხმა]” ჩვენთან სავიზო განყოფილება ტექნიკური მიზეზებით არის დახურული. ვიზებს არ ვაფორმებთ. ”

საქართველოში, რუსეთის საკონსულოში, ასე უპასუხებენ შეკითხვას - რა მიზეზით არის შეჩერებული საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა და როდიდან შეიძლება განახლდეს ეს პროცესი. რუსეთის საელჩოში განმარტავენ, რომ ვიზების გაცემა მარტო საქართველოს ოფიციალურ პირებსა და იმ მოქალაქეებზე ხდება, რომელთა რუსეთში გამგზავრებაც ჰუმანიტარულ პრობლემებს, მაგალითად, ავადმყოფობას უკავშირდება.

საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემის დროებით შეჩერება რომ ტექნიკური მოტივებით არის განპირობებული, არ სჯერათ ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაია ნადირაძეს. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ ცოტა ხნის წინ დაწყებულ სავიზო სკანდალს აგრძელებს:

[მაია ნადირაძის ხმა] ”ნამდვილად გაგრძელებაა, იმ დღის მერე, რაც იყო ერთი ალიაქოთი თარგამაძის ვიზასთან დაკავშირებით, მეორე დღესევე დაკეტეს საკონსულო. ”(სტილი დაცულია)

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე რუსეთის ვიზის გაუცემლობას მოჰყვა ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დემონსტრაციულად თქვა უარი გამგზავრებულიყო სანკტ-პეტერბურგში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია : ”თარგამაძის საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველად იყო შეფერხება, რადგან საერთაშორისო პრაქტიკით ამა თუ იმ უცხო ქვეყნის ვიზის მისაღებად საჭიროა განმარტება, რისთვის გჭირდება ვიზა. საკითხის ხელმეორედ განხილვისას გივი თარგამაძის სახელზე ვიზის გაფორმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამდენად, არ არის საჭირო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დემარშის სავიზო პრობლემებთან დაკავშირება. როგორც ჩანს, დემარშის მიზეზი სხვა რამ იყო. ”

საქართველოს მხარეც ამტკიცებს, რომ ტექნიკურმა კი არა, სულ სხვა მიზეზმა შეაფერხა საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა - კერძოდ, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დაწყებამ. გაყვანის რეჟიმში მოქმედ სამხედრო ბაზებზე აღარ არის საჭირო როტაცია, ისე როგორც ამას რუსები ითხოვენ - ასე ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში - და ამიტომ აღარ გაიცემა ვიზები რუსეთის სამხედროებზე. მაია ნადირაძის აზრით, სწორედ აღნიშნულის საპასუხო ზომა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემის შეფერხება და მეტი არაფერი.

[მაია ნადირაძის ხმა] ”შეიძლება აქ, ალაბათ, რაღაც მოლაპარაკება, წინასწარ განსაზღვრა, ვინ ექვემდებარება როტაციას და ვინ არა. აქამდე ისინი ამ საკითხის გამო მოლაპარაკებაზე არ მოდიოდნენ და არ ვიცი ახლა რა იქნება. ”



შეგახსენებთ, საქართველოში რუსეთის საკონსულო, ტექნიკური მიზეზების დასახელებით, წარსულშიც დახურულა, საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა ადრეც არაერთხელ შეჩერებულა. ასეთი მანევრები რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გართულებას უკავშირდებოდა - მათ შორის, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნით, რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს.