23 ნოემბერი, გიორგობა დღე, თბილისში დატვირთული იყო ”ვარდების რევოლუციის” 2 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით. ამ დღისთვის საქართველოს ხელისუფლებამ არაერთ საპატიო სტუმარს უმასპინძლა.
თბილისს ერთდროულად საქართველოს 3 მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია: უკრაინის, რუმინეთისა და ესტონეთის. საზეიმო ღონისძიება დღის მეორე ნახევარში დაიწყო, მანამდე კი საქართელოს სტუმარი პრეზიდენტები, მასპინძელ პრეზიდენტთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციაზე, სახელწოდებით ”ევროპის განვითარების ახალი ტალღა.” ვინ როგორ შეხვდა ”ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავს საქართველოში?
“ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავს რევოლუციონერები ერთნაირი საზეიმო განწყობილებით არ შეხვედრიან. მმართველი ძალისგან განსხვავებით, ხელისუფლების ოპოზიციაში გადანაცვლებულმა დამსახურებულმა რევოლუციონერებმა (ვგულისხმობთ ”დემოკრატიულ ფრონტში გაერთიანებულ ძალებს) მიიჩნიეს, რომ ქვეყანაში საქმე მაინცდამაინც საზეიმოდ არ არის. 23 ნოემბერს, გიორგობას, და, იმავდროულად, ”ვარდების რევოლუციის” დღეს, ისინი მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ და იქ ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ”დემოკრატიული ფრონტის” წევრებმა რევოლუციის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საზეიმო ღონისძიებებს მთლიანად გაემიჯნა. მემარჯვენეებმა ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მათთვის მიუღებელია რევოლუციის წლისთავების აღნიშვნის სტილის ხელახლა დამკვიდრება. მათ იმაზეც კი უარი თქვეს, რომ 22 ნოემბერს პარლამენტის საზეიმო სხდომას დასწრებოდნენ.
რას ზეიმობს ხელისუფლება მაშინ, როცა მის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში საქმე მაინცდამაინც საზეიმოდ არ არის?
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ რა იარაღიც არ უნდა ჰქონდეთ, რა ძალადობაც არ უნდა განახორციელონ, არის მომენტი, რომლის იქით ხალხი აიღებს ხელისუფლებას. ეს არის მთავარი გაკვეთილი ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღისა. თავისუფლების ამ ტალღას ალტერნატივაც არა აქვს. ნამდვილი სახელმწიფოები იქმნება დემოკრატიის და თავიუსფლების პირობებში. ეს არის საქართველოს გამოცდილება. ”
საქართველოს ამ გამოცდილებაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოს სტუმრებთან - უკრაინის, რუმინეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან -ერთად, მის გამოსვლას იქ მმართველი ძალა (მათ შორის, მთავრობის წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები) ლამის სრული შემადგენლობით უსმენდა.
თავის მხრივ, უკრაინელი ხალხის რევოლუციურ მონაპოვარზე ისაუბრა ვიქტორ იუშჩენკომ. საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, მან საკუთარი ქვეყნის რევოლუციური წარმატებები ციფრების მითითებით ჩამოთვალა, აღნიშნა რამდენჯერ გაეზარდათ უკრაინელებს ხელფასები და პენსიები, რამდენად გაიზარდა უკრაინაში სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. ”ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს ”ვარდების რევოლუციას” და უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციას” მაღალი შეფასება მისცეს რუმინეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა. მათ დღევანდელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის სივრცის გაფართოების ტენდენციაზე გაამახვილეს ყურადღება, ოდნავ მოგვიანებით კი, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად, ხელი მოაწერეს ”თავისუფლების მემორანდუმს”. ეს უკვე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიების ჩატარების დროს მოხდა.
4 პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი სპეციალურ კაფსულაში ჩაიდო. ის, ”მრავალჟამიერის” ფონზე, თავისუფლების მონუმენტის საძირკველში იქნა ჩაშვებული.
”ყოველი ადამიანის ბედნიერება მის თავისუფლებაშია” - ნათქვამია ”თავისუფლების მონუმენტის” საძირკველში ჩაშვებულ თავისუფლების მემორანდუმში. საქართველოს რევოლუციურ ხელისუფლებას კი საკუთარი ოპონენტები, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ.