ისრაელის პრემიერ-მინისტრის უჩვეულო ნაბიჯს ბევრი თანამოქალაქე მიესალმება

ისრაელის შესახებ გუშინ ვიუწყებოდით პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის უჩვეულო გადაწყვეტილების გამო. შეგახსენებთ: შარონმა დატოვა თავისი პარტია “ლიკუდი”,
რათა ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და ამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციით - “ეროვნულ- ლიბერალური პარტიით” - მიიღოს მონაწილეობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. გუშინ შარონმა ისრაელის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, პარლამენტის დათხოვნისა და მომავალი წლის მარტისათვის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

და აი, შარონის ლიკუდიდან გასვლის მომდევნო დღეს ისრაელიდან მოსული ცნობებით, მის ნაბიჯს დადებითად აფასებს ბევრი თანამოქალაქე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში სწორედ შარონის ახალი პარტია მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას.

შარონის პირველ დიდ წარმატებად კი ის ითვლება, რომ მას ახალ პარტიაში, რომელსაც ცენტრისტულ ძალად მოიხსენიებენ, 14 პარლამენტარი გაჰყვა. ეს ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში ფრაქცია ჰყავს და წინასაარჩევნო კამპანიისთვის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. ხოლო თუ ამ ახალმა, ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ მართლაც გაიმარჯვა არჩევნებში, შარონი მთავარ მიზნად ასახელებს პალესტინელებთან საბოლოოდ შეთანხმებას ისრაელის სახელმწიფოს საზღვრებზე.

[შარონის ხმა] "მოვუწოდებ ჩვენს ყველა თანამოაზრეს, შემოგვიერთდნენ და მხარში ამოგვიდგნენ. ჩვენ ახალ გზას ვირჩევთ - გზას, რომელიც ისრაელს მისცემს უნიკალურ საშუალებას სტაბილურობისა და ეროვნული პასუხისმგებლობის განმტკიცებისა, მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოებისა, მოგვიტანს სტაბილურ მთავრობას, ეკონომიკურ აღმავლობას, სიმშვიდესა და მშვიდობას. ეს არის ის, რაც დღეს ისრაელის ხალხს სჭირდება." ასე ხედავს არიელ შარონი თავის და თავისი ახალი პარტიის ამოცანებს. როგორც ისრაელის ყოველდღიური გაზეთი “იედიოთ აქრონოტი” წერს, 77 წლის პოლიტიკოსის მთავარი კოზირია მისდამი ნდობის ფაქტორი: “მენდეთ, ენდეთ ჩემს გამოცდილებას, ჩემს წარმატებას, ჩემს უნარებს, ჩემს ასაკს”, - ეს არის, “იედიოთ აქრონოტის” შეფასებით, ისრაელის მოქალაქეებისადმი არიელ შარონის მესიჯი ახალი პარტიის დამაარსებლისა და ლიდერის როლში.