აქვს თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები ევროპაში?

ამ ორიოდე კვირის წინათ დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ტერორიზმში ეჭვმიტანილები საიდუმლო ციხეებში ჰყავს დაკავებული. წერილის ავტორის მტკიცებით, ციხეების საიდუმლო სისტემა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ოთხი წლის წინ დააარსა და სხვადასხვა დროს ასეთი საპყრობილეები რვა ქვეყანაში მოქმედებდა. ევროპელთათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი გამოდგა მტკიცება, თითქოს ციხეები აღმოსავლეთი ევროპის რამდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაშიც მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ეს ინფორმაცია დღემდე არც უარუყვია და არც დაუდასტურებია, ევროპელი პოლიტიკოსები - განურჩევლად პარტიული ორიენტაციისა - აღშფოთებას ვერ მალავენ თვით ამგვარი შესაძლებლობის არსებობის გამო. "ახალ ევროპაში" დღეს სწორედ ამ სკანდალურ თემაზე გესაუბრებათ.

ევროკავშირის კომისარმა სამართლისა და საშინაო საკითხებში ფრანკო ფრატინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მართლაც აკავებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს აღმოსავლეთი ევროპის რომელიმე ქვეყანაში. შესაბამისად, ევროკავშირს არ აქვს საფუძველი, სანქციებით დაემუქროს თავის წევრ რომელიმე სახელმწიფოს ან გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას.

როგორც ფრატინიმ ევროპარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე თქვა, ჯერჯერობით მას ხელთ აქვს მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისგან, რომლებიც უარყოფენ მათს ტერიტორიებზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების არსებობას.

[ფრანკო ფრატინის ხმა] "დავიწყოთ იმით, რომ არაერთმა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებშიც კატეგორიულად უარყო გამოთქმული ბრალდებები."

საკუთარ ტერიტორიაზე ციხეების არსებობა პოლონეთთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ჩეხეთთან და სლოვაკეთთან ერთად უარყვეს არა მარტო წევრობის ოფიციალურმა კანდიდატებმა რუმინეთმა და ბულგარეთმა, არამედ გაწევრიანების რამდენიმე მოსურნემაც, მათ შორის საქართველომ.

მაგრამ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პოლონეთისა და რუმინეთის განცხადებებში ღიად არის დატოვებული საკითხი ამგვარი ციხეების წარსულში არსებობის შესახებ. არადა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის "ჰიუმან რაიტს უოჩის" განცხადებით, მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ ეს ორი ქვეყანაა.

თუმცა, ევროპარლამენტართა გულისწყრომა უწინარესად შეერთებული შტატების წინააღმდეგ იყო მიმართული. პარლამენტის სოციალისტმა, ლიბერალმა და "მწვანე" დეპუტატებმა "უღირსი" და "უკანონო" უწოდეს პრაქტიკას, რომელსაც, მათი აზრით, ვაშინგტონი მიმართავს.

პარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციის, მემარჯვენე ორიენტაციის სახალხო პარტიათა ჯგუფის წარმომადგენელმა კარლოს კოელიომ აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი, მართალია, მხარს უჭერს ტერორიზმთან ბრძოლას, მაგრამ ამ ბრძოლაში არ შეიძლება ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფა. "სწორედ ეს არის, რაც ტერორისტებისგან განგვასხვავებსო", დასძინა კარლოს კოელიომ.

ზოგიერთმა დეპუტატმა გამოძიების ჩატარება მოითხოვა. მაგრამ ევროკომისარმა ფრატინიმ კოლეგებს განუმარტა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, იგი უფლებამოსილი არ არის, იმოქმედოს, როგორც გამომძიებელმა მოსამართლემ ან საჯარო ბრალმდებელმა. "გამოძიების ჩატარება ცალკეული სახელმწიფოების საქმეა, ხოლო ევროკომისია ინტენსიურად განაგრძობს პოლიტიკურ გამოძიებასო", დასძინა ფრატინიმ.

[ფრანკო ფრატინის ხმა] "კომისია კვლავაც ყურადღებით მიადევნებს თვალს იმ მოვლენებს, რომლებიც ამ ბრალდებებს უკავშირდება. ეს მოხდება კავშირის წევრი ქვეყნების დონეზე. და, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება ევროპის კანონმდებლობის შესაბამისად."

ევროკომისარმა ფრატინიმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ეროვნულსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, წარმოადგინონ მათს ხელთ არსებული ნებისმიერი საბუთი, რომელიც საიდუმლო ციხეების არსებობას დაადასტურებდა - იქნება ეს თვითმხილველთა ნაამბობი, ფოტოსურათები თუ სხვა სახის დოკუმენტები.