ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოში - სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა მხარდამჭერებს იკრებს

მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებიდან 10 დღეში სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას უდგება სათავეში. სალომე ზურაბიშვილის მოძრაობას უკვე აქვს შტაბბინა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მოძრაობის მხარდამჭერთა რეგისტრაციაში გატარება წარმოებს. მხარდამჭერთა რეგისტრაცია სამშაბათს დაიწყო და ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ მოძრაობაში მხარდაჭერა ექს-მინისტრს უკვე ბევრმა აღუთქვა. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა მხარდამჭერებს იკრებს. რა ტიპის საზოგადოებრივ მოძრაობას ეყრება საქართველოში საფუძველი და რა ნიშას იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებული სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში?

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ” ბევრად უფრო დიდი ნიშა მიკავია, ვიდრე ოპოზიციური ნიშაა.”

ოპოზიციურზე ბევრად მეტში იგულისხმება ნიშა, საიდანაც ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაიშალოს დემოკრატიის მთავარი დასაყრდენის - სამოქალაქო საზოგადოების -ფორმირების ხელშესაწყობად.
ასეთი მოძრაობის იდეა 20 ოქტომბერს გაჩნდა - მაშინ, როცა თანამდებობიდან ახლად დათხოვნილ ზურაბიშვილთან შესახვედრად თბილისის იპოდრომზე ათასობით ადამიანი მივიდა. ერთ დაძახილზე შემდგარი ხალხმრავალი შეკრება ექს-მინისტრს საქართველოდან ქაჯების წასვლის დასაწყისად ენიშნა.

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”თქვენ არა ხართ ჩემთვის მოსული აქ, თქვენ ხართ მოსული თქვენი თავისთვის, თქვენი საქართველოსთვის და თქვენი შვილებისთვის. მე დავიწყებ ახალ ცხოვრებას თქვენთან ერთად. ”

ახალი ცხოვრება დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა პირველ ეტაპზე მხარდამჭერებს იკრებს - მოძრაობაში გაერთიანება შეუძლია ყველას, ვინც განაცხადს გააკეთებს. ერთი თვის შემდეგ კი მოწვეული იქნება მოძრაობის დამფუძნებელი კონფერენცია. კონკრეტული სამოქმედო გეგმა სწორედ იქ იქნება წარმოდგენილი. მანამდე ექს-მინისტრის მეუღლე ჯანრი კაშია მოძრაობის დარბაზის საბჭოს აყალიბებს და ჩვენს შეკითხვას, როგორი იქნება მოძრაობის დამოკიდებულება არჩევნებისადმი, - პირველ რიგში, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისადმი, - უპასუხებს:

[ჯანრი კაშიას ხმა] ”ვნახოთ, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. არჩევნებში ჩვენ პირადად შეიძლება არც მივიღოთ მონაწილეობა. შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმათ, ვინც იქნება. ერთი შეიძლება ითქვას: იქნებიან მხარდამჭერი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დამოკიდებულებით სახელმწიფოსადმი. ”

მოძრაობა შეინარჩუნებს საზოგადოებრივი მოძრაობის სახეს თუ საბოლოოდ პარტიის სახით ჩამოყალიბდება, მომავლის გადასაწყვეტია. დღეისთვის არც ის არის ცნობილი, რა სახით და როგორ შედგება ზურაბიშვილის მოძრაობის თანამშრომლობა ოპოზიციასთან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპისთვის მართებულია ზურაბიშვილის ერთგვარი განზე გადგომა მოქმედი ოპოზიციური პარტიებისგან, რადგან მას საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების კიდევ უფრო კარგად გაცნობა სჭირდება, შემდეგ კი განზე გადგომა აღარ ივარგებს. თუ რატომ, ამის ასახსნელად კონსერვატიული პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების კანონი მოჰყავს. დავითაშვილის თქმით, ამ კანონის პირობებში ოპოზიცია ერთიანობის გარეშე ვერც ერთ კანდიდატს ვერ გაიყვანს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობაზე მაშინ, როცა ქალბატონი სალომეც იქნება მზად. ჩვენ შეხვედრის სურვილი გვქონდა, მაგრამ მან გარკვეული დრო ითხოვა კონსულტაციებისთვის. ასე რომ, ჩვენ ველოდებით მოძრაობის ჩამოყალიბებას, როდის ჩამოაყალიბებს მოქმედების გეგმას და პრიორიტეტებს.” (სტილი დაცულია)

სალომე ზურაბიშვილსა და მის მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან სხვა ოპოზიციური ძალებიც. კონტაქტი, ალბათ, შედგება. ” პოზიტიური თანამშრომლობისთვის ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა,” - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. მის მიერ წამოწყებული საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები გაიხსნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოძრაობის ლიდერი საქართველოს რეგიონების მოვლას და პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს. ამ მიზნით პირველად ის ფოთში ჩავა.