დავით პაიჭაძე, თბილისი
ბიბლიოთეკაში, ძირითადად, ერთ წიგნს წარმოგიდგენთ ხოლმე. დღეს კი ერთბაშად ათ წიგნზე ვილაპარაკებთ. თუმცა ეს ათი წიგნი ერთ მთლიანობას ქმნის. საქმე ეხება სერიას,
რომლის გამოცემა წელს დაასრულა გამომცემლობა “ლოგოსმა”. სერიას “ბერძნული მითების სამყარო” ჰქვია. ქართულ ენაზე ბერძნული მითები არცთუ ხშირად დაუსტამბავთ, თან, როგორც წესი, ეს ყოველთვის ერთი წიგნი იყო. ახლა კი ბერძნული მითები, მათი კომენტარები და ვარიანტები 9 წიგნში განაწილდა, ხოლო მეათე, დასკვნითი ტომი სისტემურად გადმოსცემს სამეცნიერო შეხედულებებს მითებისა და მითოლოგიის შესახებ. უფრო მეტს ამ გამოცემაზეც და მითებზეც დავით პაიჭაძე გიამბობთ.
დაინტერესებულ მკითხველს ბერძნული მითების გაცნობა საქართველოში არ უჭირდა საბჭოთა პერიოდში თუნდაც იმიტომ, რომ რუსულ ენაზე ბევრი გამოცემა არსებობდა. მითოლოგიის უკეთ გასაცნობად ბიბლიოთეკებში შეგეძლოთ შესაბამისი გამოკვლევისათვის მიგეგნოთ. ისევ რუსულ ენაზე, ცხადია. ორიგინალურ ქართულ ნაშრომებს რაც შეეხება, ორიოდე მითოლოგიური ლექსიკონი დაისტამბა და ადრე, მე-20 საუკუნის 30-ან წლებში, ალექსანდრე მიქაბერიძის ელინური მითები გამოვიდა. ბოლო წლებში კი აღსანიშნავია ყმაწვილთათვის გამოცემული მითოლოგიური ენციკლოპედიის სამტომეული, რომელიც, ბერძნულის გარდა, შუამდინარული, ეგვიპტური, ინდური, ჩინური, ირანული, იაპონური და არაერთი სხვა ქვეყნისა თუ კულტურის მითებს აერთიანებს. ცალკე ტომი ეთმობა ქართულ მითოლოგიას.
მაგრამ “ლოგოსის” გამოცემა, “ბერძნული მითების სამყარო”, ყველა ამათგან განსხვავებულია. არამხოლოდ რაოდენობრივად, თორემ ათი წიგნისაგან შემდგარი სერია, თავისთავად, შთამეჭდავია. განსხვავებას მოკლედ აღწერს სერიის რედაქტორი, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი.
[გორდეზიანის ხმა] “ჩვენს სერიას განასხვავებს ის, რომ იგი დაყოფილია თემატურად და თითოეული წიგნი ერთდროულად წარმოადგენს დამოუკიდებელ ნაშრომს, იმიტომ რომ მასში მთლიანად არის გადმოცემული რომელიმე კონკრეტული მითის ციკლი თუ სფერო, თხრობის, კომენტარებისა და ვარიანტების დონეზე. თავისი სტრუქტურით, ყოვლისმომცველობით ეს სერია გამოირჩევა არა მარტო ქართულ სინამდვილეში, არამედ, საერთოდ, მსოფლიო კლასიკურ ფილოლოგიაშიც.”
ბერძნული მითების ეს ათწიგნიანი სერია დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოდაც არის გამიზნული. უმცროსი ასაკის ბავშვები მასში მხოლოდ მითების თხრობას დასჯერდებიან, უფროსი თაობის მკითხველებს, კომენტარების წყალობით, ის მეცნიერული აზროვნების ელემენტებს აზიარებს, ხოლო მასწავლებლებსა და, საერთოდ, მითოლოგიის შესწავლის მოსურნეებს ბოლო, მეათე, ტომი, რომელსაც “მითების სიბრძნე” ჰქვია, თეორიული საკითხების განხილვას სთავაზობს.
რა მნიშვნელობა თუ დატვირთვა აქვს ბერძნული მითების გამოცემას დღეს, 21-ე საუკუნეში, ქართული საზოგადოებისათვის? გარდა იმისა, რომ ბერძნულ მითოლოგიას კაცობრიობა საერთო მემკვიდრეობად მიიჩნევს და მისი გაცნობისას იდეოლოგიური ბარიერები არავის აბრკოლებს, არის სხვა ასპექტი, რომელსაც ჩვენთან საუბარში პარლამენტის წევრი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი ლევან ბერძენიშვილი ეხება:
[ბერძენიშვილის ხმა] “მითოლოგიური განათლება საქართველოში არ იყო მაღალი და ეს ათტომეული, ამ თვალსაზრისით, ძალიან წაადგება ხარვეზის შევსებას. მაგრამ საქართველოს ჰქონდა მიდრეკილება მითოსისადმი, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სწორედ ბერძნულ-რომაული მითოსისადმი, ვინაიდან საქართველოში, ყველაფრის მიუხედავად, იყო, არის და რჩება განათლების კულტი. გარკვეული თვალსაზრისით, მითოსის სამყარო განათლების შემადგენელი ნაწილიცაა. ამ მხრივ, ეს გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია.”
საზოგადო მნიშვნელობის გარდა, მითებთან თითოეულ ადამიანს, შესაძლოა, თავისი მიმართება ჰქონდეს. ფილოლოგი მანანა ფხაკაძე “ბერძნული მითების სამყაროს” მე-9 წიგნის ავტორია, რომელიც ტროას ომის შემდგომ ამბებს მოგვითხრობს. მანანა ფხაკაძის თქმით, ის შეეცადა ისე დაეწერა ტექსტი, რომ ბავშვები მითების მეშვეობით გასაგებ ენაზე გასცნობოდნენ საკაცობრიო სიბრძნესა თუ მარადიულ ღირებულებებს:
[ფხაკაძის ხმა] “ჩემთვის ეს არის ადამიანთა ურთიერთობების, საკაცობრიო ცივილიზაციისა და სამყაროს მოდელი. სიღრმე, რითაც კლიტემნესტრა კლავს აგამემნონს, ის კი არ არის, რომ მას ქალიშვილი გაახსენდა 10 წლის შემდეგ; არა, საკუთარი ქმარი რომ შენს დას ამჯობინებს, რომელზეც გაგიჟებულია მთელი სამყარო და ყველა კაცი, ვინც საბერძნეთში გმირი იყო და ელენეს გამოსახსნელად წავიდა, – ყველაზე მტკივნეული ეს არის. ჩემთვის ეს ნებისმიერ ფსიქოლოგზე უფრო ღრმა გამოკვლევაა. რაც უნდა დაარქვან მითებს თეორეტიკოსებმა, რისთვის გაჩნდა მითი, ბუნების მოვლენათა ასახსნელად და ა.შ., ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მითი ორიენტირებულია სამყაროზე და ადამიანზე.”(სტილი დაცულია)
სერიის მეათე წიგნი, როგორც მოგახსენეთ, გადმოსცემს მითოსის შესახებ სხვადასხვა მეცნიერულ თეორიას. მითის თეორიულ ასპექტებზე ლაპარაკისას, ბუნებრივია, ვერ ასცდები მითოპოეტური აზროვნების, მითოლოგიური ცნობიერების ცნებებს. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელ შესიტყვებას დღესაც წააწყდებით საზოგადოებრივი ცხოვრებისა თუ პოლიტიკის პრობლემების აღწერისას. მე ვთხოვე პროფესორ რისმაგ გორდეზიანს, განესაზღვრა მითოლოგიური ცნობიერება და ეთქვა, რამდენად ეხმარება მისი რედაქტორობით გამოცემული სერია ადამიანს, მითოლოგიური ცნობიერების გააზრებასა და გადალახვაში.
[გორდეზიანის ხმა] “ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, მითოლოგიური ცნობიერება აღიარებს, რომ არსებობს ჭეშმარიტება, რომლის ანალიზი არ არის საჭირო. მე არ მიჩნდება კითხვა, რატომ არის ეს ასე. მითოლოგიური აზროვნება არ აიძულებს ადამიანს, კრიტიკულ ფილტრში გაატაროს ამა თუ იმ დებულების ჭეშმარიტება. ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ მითოლოგიური აზროვნება. მიმაჩნია, ეს არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ადამიანი იქნება ძალიან უინტერესო, თუ მხოლოდ კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების ამარა დარჩება. იგი ვერაფერს ვერ შექმნის, მხატვრული შემოქმედება არ ექნება, რადგან მხატვრული შემოქმედებისთვის მითოლოგიური აზროვნების ელემენტები აუცილებელია. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმაზე, რომ დავძლიოთ ეს მთლიანად, არამედ იმაზე, რომ მითოლოგიური აზროვნება თანამედროვე საზოგადოებაში არ გახდეს დომინანტური, არ დაძლიოს კრიტიკულ-ანალიტიკური.”
“ბერძნული მითების სამყაროზე” კი რისმაგ გორდეზიანი ამბობს, რომ ის ეხმარება მკითხველს, დაინახოს განსხვავება აზროვნების ორ ხსენებულ ტიპს შორის.
აქტუალურია თუ არა მითი დღევანდელ საქართველოში? სად ცოცხლობენ დღეს მითები, ვინ ქმნის და ვინ იყენებს მათ? ლევან ბერძენიშვილი ამბობს: როცა ადამიანს მითოსის წარმოსახვა სურს, ყოველთვის ხედავს მას პოლიტიკის ჭრილში. შეუძლებელია, ზევსი, ადამიანთა და ღმერთთა მამა, დაინახო, ვთქვათ, ქარხნის დირექტორში, ის ყოველთვის წარმოდგება უზენაესი ხელისუფალის სახით, მით უმეტეს, ბავშვის გონებაში, - ფიქრობს ლევან ბერძენიშვილი. - შეუძლებელია ზევსის განივთება პოლიტიკური ალუზიების გარეშე, მითი ბუნებრივად უკავშირდება პოლიტიკას:
[ბერძენიშვილის ხმა] “ამის შემდეგ კი იწყება პოლიტიკის ცოდნა და მითი აქაც ძალიან გვეხმარება. დღევანდელი პოლიტიკოსი მითის შემქმნელიცაა და გამომყენებელიც. ყოველთვის, როცა პოლიტიკოსი ლაპარაკობს მითზე, ის გულისხმობს ორ რამეს. პირველი: ეს არის მითი და ის ამჟღავნებს თავის განათლებას და მეორე: ესაა მოქმედი სქემა, რომელიც მას პოლიტიკურად არგია. პოლიტიკოსები მითებს წერენ. მაგალითად, პრეზიდენტი გამოვა და იტყვის: მე საქართველოში გავზარდე შობადობა. მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ როცა ლაპარაკობს, იგულისხმება, რომ გადის მითოსურ არქეტიპზე, აქვს ძალა, აღძრას ადამიანებში გამრავლების სურვილი; ის არის სასიცოცხლო, მაგიური ძალის მქონე. ვწუხვარ, რომ ამ ათტომეულს არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ახლა გულდასმით არ კითხულობს, თუმცა ისინი არიან მთავარი მომხმარებლები.”
დავიტოვოთ იმედი და უფლება, ვიფიქროთ, რომ “ბერძნული მითების სამყაროს” კითხულობენ და წაიკითხავენ მომავალშიც. სხვა თუ არაფერი, ესაა საფუძველი, რომელზეც 28 საუკუნეა, მსოფლიო ლიტერატურა იქმნება.