სად რას ასაჩივრებს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია

  • ნინო როდონაია
1 ოქტომბრის შუალედური საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს არაერთი საჩივრის განხილვა
მოუწევს. წინასწარი შედეგების თანახმად, დამარცხებულ ოპოზიციას მისი სარჩელების დაკმაყოფილების იმედი არა აქვს, თუმცა განმარტავს, რომ დარღვევების გასაჩივრებას გარკვეული, კონკრეტული მნიშვნელობა აქვს.
სად რას ასაჩივრებენ ოპოზიციური პარტიები?

ერთადერთი ოლქი, სადაც ოპოზიცია - კონკრეტულად კი კონსერვატიული პარტია - შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, ქობულეთია. წინასწარი შედეგებით, ქობულეთში გაიმარჯვა ხელისუფლების კანდიდატმა ხაბაზმა, რომლის კონკურენტი კონსერვატორი ჯინჭარაძე იყო:

[კახა კუკავას ხმა] ,,დარღვევები იყო ყველგან ერთი და იგივე. ოღონდ ქობულეთში ამან ნამდვილად მოახდინა ზეგავლენა შედეგზე. უნდა მოეგო ჯინჭარაძეს - მას ჰქონდა უპირატესობა - და მოიგო ხაბაზმა.” (სტილი დაცულია)

დეპუტატ კახა კუკავას, რომელიც საარჩევნო დავასთან დაკავშირებით ამჟამად აჭარაში იმყოფება, ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ორშაბათს უკვე აცნობა, რომ შედეგების გაბათილების საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებას კონსერვატორები ქობულეთის სასამართლოში გაასაჩივრებენ. 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრაიმერის იდეით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების სხვა პრეტენზიები, ძირითადად, სიებს შეეხება. მემარჯვენე ოპოზიცია და კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ საბოლოო სიებში არ აღმოჩნდა დიდი ნაწილი იმ რეგისტრირებული მოქალაქეებისა, რომლებიც პრაიმერში მონაწილეობდნენ და, შესაბამისად, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. მემარჯვენე ოპოზიციის წევრი დავით საგანელიძე, რომელიც არჩევნებს ტყიბულის ოლქში დაესწრო, ამბობს, რომ ამ პრეტენზიას ოპოზიცია დოკუმენტური მასალით დაასაბუთებს:

[დავით საგანელიძის ხმა] ,,ჩვენ სასამართლოსაც იძულებული გავხდებით, რომ მივმართოთ, მაგრამ სასამართლოში, მოგეხსენებათ, ტყიბულის მაჟორიტარის ძმამ უნდა განიხილოს სასამართლო საკითხები - კუბლაშვილმა კუბლაშვილის - და რამდენად ობიექტური იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით.” (სტილი დაცულია)

რეგისტრირებული ამომრჩევლების სიებს მიღმა დარჩენის ერთ-ერთ მიზეზად საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ კომპიუტერის შეცდომა დაასახელა, თავად ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ თავდაპირველად ელექტორატის ეს ნაწილი სიაში იყო, - ამბობს კონსერვატორი კახა კუკავა:

[კახა კუკავას ხმა] ,,კომპიუტერის შეცდომა იყო თუ ბოროტი განზრახვა, ამაზე ჩვენ ჩვენი მოსაზრება გვაქვს. ბევრ უბანში, მაგალითად, ქობულეთში, დავუშვათ, თუ არის ამოყრილი ასი კაცი, 60 არის ჯინჭარაძე. ეხლა, ასეთი დამთხვევა ხომ შეუძლებელია მოხდეს შემთხვევით.” (სტილი დაცულია)

გაერთიანებული ოპოზიცია უკვე დარწმუნებულია, რომ მათი საჩივრები 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის, თუმცა დავით საგანელიძე ამ პროცედურის რამდენიმე კონკრეტულ მიზანზე მაინც საუბრობს:

[დავით საგანელიძის ხმა] ,,პირველი - საზოგადოებამ გაიგოს, ზუსტად რა ხდებოდა. მეორე - დამკვირვებლებმა იმ უცხოური ორგანიზაციების თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ მოახერხონ, რომ საზოგადოებას მისცენ სრული ანალიზი. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, ჩემი აზრით, ჩვენ შევძლოთ მომავალი არჩევნებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს აღარ მოხდეს.” (სტილი დაცულია)

მემარჯვენე ოპოზიცია და კონსერვატიული პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ. საუბარია არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის, კერძოდ, სიაში შეტანის გართულებულ პროცედურაზე, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია კონსტიტუციის დარღვევად აფასებს. მემარჯვენეებისა და კონსერვატორების სპეციალური კვლევის საგნად იქცევა სახელისუფლებო კანდიდატების სასარგებლოდ საბიუჯეტო თანხების ხარჯვაც. ამ ორი პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე პარლამენტის წევრები არიან, მომავალი ხუთი ახალი კოლეგა ნაციონალის სახით, პარლამენტში ყველაზე ძვირად ღირებულ დეპუტატებს ელიან.