სოხუმის დაცემის დღე - გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღე საქართველოში

ქართველებმა და აფხაზებმა კიდევ ერთი 27 სექტემბერი აღნიშნეს განსხვავებულად. სოხუმის დაცემის დღე ენგურს აქეთა საქართველოში უწინდებურად გლოვის,
ხსოვნისა და იმედის დღედ აღინიშნა, ენგურს იქით კი - ქართველებზე გამარჯვებისა და სოხუმის გათავისუფლების დღედ. უკვე მეთორმეტე ასეთ 27 სექტემბერს ითვლის ისტორია, აფხაზებმა მეთორმეტედ იზეიმეს ის, რასაც ქართველები გლოვობენ, თუმცა, ქართველებისა არ იყოს, მათ ამ 27 სექტემბერსაც მიიტანეს ყვავილები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან. რა ხდებოდა სამშაბათს თბილისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, რომელიც არაერთი შვილმკვდარი დედისთვის იქცა გულის მოსაოხებელ ერთადერთ ადგილად, რას ითხოვდნენ ომში დაღუპული შვილების გასახსენებლად იქ მისული დედები და რას ჰპირდებოდნენ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები?

[ომში დაღუპულის დედის ხმა] ”ამისი ათი ლარი მომეცით, დახმარებას არ გთხოვთ, ბინას არ გთხოვთ, სასმელ-საჭმელს არ გთხოვთ. არ გეკუთვნისო. აბა რა მეკუთვნის, რა მეკუთვნის...”

27 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისული ეს ქალბატონი ომში დაღუპული 17 წლის შვილის პენსიას ითხოვდა,10 ლარიან პენსიას, მეტს არაფერს. კითხულობდა, რატომ უთხრეს მას უარი ამ პენსიაზე და იქვე მდგომი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეკითხვაზე პასუხს ვერ იღებდა. სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი არც იმ შვილებმოკლული დედისთვის ჰქონდათ, რომელიც ამდენი წელია კითხულობს, როდის გადმოასვენებენ მის შვილებს აფხაზეთიდან.

[ბელა ზალდასტანიშვილის ხმა] ”12 წელი გავიდა და არც ერთი ჩემი შვილი გადმოსვენებული არ არის, არც ერთი.... ოთხივე იქ არის. ნაწილი გადმოსვენდა, ნაწილი დარჩა. ვთხოვთ მთავრობას, როგორმე ისინიც გადმოასვენონ. ”

ბელა ზალდასტანიშვილისთვის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი, სადაც მისი შვილების სახელები და გვარებიც არის ამოტვიფრული, გულის მოსაოხებელი ერთადერთი ადგილია. თხოვნას შვილების გადმოსვენების თაობაზე მას მთავრობა ჯერჯერობით ვერ უსრულებს. პასუხი კონკრეტულ შეკითხვაზე, როდის მოხდება ეს, ჯერაც არ ჩანს და ამიტომ პასუხი ზოგადია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დავბრუნდებით აფხაზეთში, დავბრუნდებით ღირსეულად, მშვიდობიანად. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენი შვილების სისხლი დაიღვაროს. ჩვენს შვილებს როცა ვამბობ, ვგულისხმობ აფხაზებსაც. ”

27 სექტემბერს - გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეკრებილ დედებს ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა გმირი შვილების გაზრდისთვის, თუმცა, მადლობის გარდა, ითქვა ბოდიშიც, ბოდიში იმ სოციალური პრობლემების გამო, რომლებიც ასეთ დედებს აწუხებთ და, რაც მთავარია,ბოდიში იმის გამო, რასაც ვეღარავინ გამოასწორებს.

[გოგა ხაინდრავას ხმა[ ” ჩვენ ბოდიშს გიხდით თქვენ იმაზე, რასაც ვერასოდეს ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ იმის პირობასაც გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ ამ სხეულის გამთლიანებისათვის. ისევ გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც ეკადრებოდათ ჩვენს წინაპრებს - აფხაზებს, ქართველებს. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე დასაპირისპირებელი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი პრობლემა არის ის ვერაგი მტერი, რომელიც არ გვასვენებს არც ჩვენ და არც ჩვენს ძმებს საფლავებში, სანამ არ შეიძლება მათ საფლავზე სანთლები დავანთოთ. ” (სტილი დაცულია)


სანამ გოგა ხაინდრავა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ქართველებსაც და აფხაზებსაც ეყოფათ ძალა შერიგებისთვის, გამთლიანებისთვის, დედები ეძებდნენ ადგილს სანთლების დასანთებად. გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალთან 27 სექტემბერს უამრავი სანთელი დაენთო, ხსოვნის და, ამავდროულად, იმედის - იმედის, რომ დედები იპოვიან შვილების საფლავებს, აფხაზები და ქართველები კი - ერთმანეთისკენ მისასვლელ გზებს.