რამდენად იცავს სახელმწიფო ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს

22 სექტემბერს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ე.წ. “ხრუშჩოვკის” ტიპის საცხოვრებელ სახლში სადარბაზოს ჩანგრევას 2 ადამიანი შეეწირა. ტრაგედიის ადგილას
მაშველები 23 სექტემბერსაც განაგრძობდნენ მუშაობას. უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ისინი ნანგრევებში მოყოლილი გადარჩენილი ნივთების გამოტანაში ეხმარებოდნენ. გადარჩენილებს სახელმწიფო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს, ოდნავ მოგვიანებით - ახალი მუდმივი საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით, მაგრამ სახელმწიფო ვერაფრით აუნაზღაურებს დანაკლისს ადამიანებს, რომლებმაც საცხოვრებელთან ერთად ოჯახის წევრი დაკარგეს. სიახლე არ არის, რომ თბილისში ადამიანები ძალიან ბევრ სახლში ცხოვრობენ მუდმივი რისკის ქვეშ, ცნობილია ისიც, რომ, აღნიშნულის მიუხედავად, ავარიული სახლების მობინადრეთა პრობლემაზე ზრუნვამ ვერ დაიკავა კუთვნილი ადგილი თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებში.


თბილისის საკრებულოს წევრების ინფორმაციით, თბილისის წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში დედაქალაქში გზების შეკეთებას 100 მილიონამდე ლარი ხმარდება, ფასადების გადაღებვას - 4 მილიონამდე ლარი, ცოტა ნაკლები - გარე განათებების მოწყობას, ნახევარი მილიონით არის დაფინანსებული ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის პროგრამა და ასე შემდეგ. ბიუჯეტის მიღებისას ავარიული სახლების რეკონსტრუქციისთვის მხოლოდ 10 მილიონი ლარი იქნა გათვალისწინებული. აქედან, საკრებულოს წევრის გიორგი გუგავას თქმით, 3 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში დარჩა, 7 კი რაიონებში, ადგილობრივ ბიუჯეტებში, გადანაწილდა. საკრებულოს სხვა წევრის, გიორგი მოსიძის, ინფორმაციით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობის გათვალისწინებით, 10 მილიონი იმდენად მიზერულ თანხად ჩაითვალა, იმდენად არაფრად, რომ მას კიდევ რამდენიმე მილიონი ჩამოეჭრა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ისან-სამგორის რაიონს, სადაც ასობით ავარიული და ადამიანებისთვის მეტად საშიში საცხოვრებელი კორპუსი დგას, ავარიული ნაგებობების რეკონსტრუქციისთვის წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 325000 ლარი გამოუყვეს.


როგორც ცნობილია, ამ დღეებში სწორედ ისან-სამგორის რაიონში დატრიალდა ტრაგედია, რომელიც ხუთსართულიანი ე. წ. “ხრუშჩოვკის” ტიპის საცხოვრებელი კორპუსის ერთოთახიანი ბინების სადარბაზოს ჩანგრევამ განაპირობა. ტრაგედიის ადგილას მისულ რაიონის და ქალაქის ხელმძღვანელებს გაუჭირდათ დაზარალებულ ადამიანებთან დალაპარაკება: დაზარალებულები ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდობლობას უცხადებდნენ, მათ დაპირებებს არ იჯერებდნენ. ” ამ ადამიანების ემოციური მდგომარეობა გასაგებია,” - თქვა ჩვენთან საუბრისას ისან-სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ქორქაშვილმა. გამგეობა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს დროებითი თავშესაფრისთვის ყოველთვიურ ქირას სთავაზობს, მოგვიანებით დაზარალებულებს ქალაქის მერია მუდმივ საცხოვრებელ ფართს, ანდა ზარალის საკომპენსაციო თანხას გამოუყოფს, დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო დაკრძალვის ხარჯებს 94 ლარით უნაზღაურებს და 200 ლარს ერთჯერადი კომპენსაციის სახით აძლევს, ეს არის და ეს.


ავარიული, საცხოვრებლად თითქმის უვარგისი სახლების რაოდენობის თვალსაზრისით, დედაქალაქში მდგომარეობა სავალალოა, მათ შორის, განსაკუთრებით ისან-სამგორის რაიონში. ჩვენ მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ამ რაიონში 300 ე.წ. “ხრუშჩოვკის” ტიპის საცხოვრებელი კორპუსია სასწრაფოდ გასასახლებელი და დასანგრევი. ექსპლუატაციის ვადა მათ 10-15 წლის წინ გაუვიდათ. ”რეკონსტრუქციას ეს ნაგებობები უკვე აღარ ექვემდებარება, ”- აღნიშნავს რაიონის გამგებელი:

[გიორგი ქორქაშვილის ხმა] ”ეს კორპუსები, ყველა არის შესწავლილი, ყველა დასანგრევია, ყოველ შემთხვევაში, 95 პროცენტი. ეს სახლები დასანგრევია და მათი მობინადრეები დასაკმაყოფილებლები არიან ანალოგიური ფართით. ”

დასანგრევი, იოლი შესაძლებელია, თავისით დაინგრეს, - რა წუთს მოხდება ეს, არავინ იცის, - პრობლემის გადაჭრას კი რაიონის გამგეობასა და დედაქალაქის ხელმძღვანელობაში რაიონში ინვესტორების მიზიდვით აპირებენ. მერიას ავარიული ნაგებობების პრობლემის მოსახსნელად ფული არა აქვს, ინვესტორების ძებნასა და მოლოდინში კი, ვინ იცის, თბილისის რომელ უბანში ჩამოინგრევა მორიგი ავარიული სახლი.


საქართველოში ადამიანის მთავარი და ძირათადი უფლების დაცვა არ არის პირველხარისხოვანი. 23 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ბევრი ითქვა ბიუჯეტის ზრდის ტენდენციაზე და ითქვა ისიც, რომ გაისად, ისევე როგორც წელს, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ძალოვანი უწყებების დაფინანსების გაზრდა იქნება.