”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მარტო ჯარში, პარლამენტართა ახალგზრდა თაობასა და თინეიჯერებში არ ცდილობს.
პარტიის ამოცანაა პატრიოტული სული აღზარდოს საზოგადოების ყველა ფენაში ისე, რომ დიდი და პატარა ახალი პატრიოტული სიმღერების მოტივებზე ააღიღინოს, დიდსა და პატარას მოაწონოს და შეაყვაროს ახალი სამხედრო მარშები, ქართული სამხედრო მარშები, რომლებზეც საქართველოს არმიის ჯარისკაცებმა უნდა გაიარონ. ახალი საუკეთესო პატრიოტული სიმღერებისა და სამხედრო მარშების შესაქმნელად და გამოსავლენად მმართველი პარტია კონკურსს აცხადებს.
[ხმა კონკურსის სარეკლამო კლიპიდან] ”ყველას ! ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ”აცხადებს მუსიკალურ კონკურსს პატრიოტულ სიმღერებსა და სამხედრო მარშებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. გამარჯვებულ 7 ავტორს, სიმღერის პოპულარიზაციის გარდა, გადაეცემა ფულადი ჯილდო 2000 ლარი. განცხადებები მიიღება 1 ნოემბრამდე. ”
ეს გახლდათ კონკურსის სარეკლამო კლიპი. როგორც მასში ითქვა, მმართველი პარტიის ფილიალებში, ანუ პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში, იწყება პატრიოტული სიმღერებისა და სამხედრო მარშების მიღება. სრულიად უცნობ ავტორებს, ადამიანებს, რომლებსაც, უბრალოდ, თავისთვის საღიღინოდ დაუწერიათ სიმღერები სამშობლოზე, შეუძლიათ მიმართონ ”ნაციონალური მოძრობის” ფილიალებს და სცადონ ბედი კონკურსში, რომელმაც საუკეთესო პატრიოტული სიმღერები და სამხედრო მარშები უნდა გამოავლინოს. უცნობი თუ ცნობილი ავტორების შესაძლებლობებს სამხედრო -პატრიოტულ ჟანრში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არ შეაფასებენ. შეფასება ჟიურის საქმეა: მასში შედიან ცნობილი ქართველი კომპოზიტორები და მომღერლები, მაგალითად: მაცაცო სეფისკვერაძე, ჯემალ სეფიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ნიკა მემანიშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ანზორ ერქომაიშვილი და სხვები.
[გიორგი არველაძე] “ეს ჟიური იმუშავებს გარკვეული დროის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება განაცხადის შემოტანა. მოხდება გამოვლენა საუკეთესო სიმღერების, მარშების, მოხდება დაჯილდოება გამარჯვებულების და გვინდა დასკვნით ეტაპზე ჩავატაროთ დიდი კონცერტი, სადაც ყველას მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ ახალი პატრიოტული სიმღერები. საქართველოს არმიას სჭირდება ახალი სამხედრო მარშები, საქართველოს საზოგადოებას სჭირდება ახალი პატრიოტული სიმღერები. ” (სტილი დაცულია)
იმის შესახებ, თუ რა სჭირდება საქართველოს არმიას და რა სჭირდება საქართველოს საზოგადოებას, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი არველაძემ თქვა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, შეხვედრაზე, სადაც კონკურსი საუკეთესო პატრიოტული სიმღერებისა და სამხედრო მარშების გამოსავლენად გახსნილად გამოცხადდა. ჟურნალისტების გასაგონად, კონკურსის მნიშვნელობა აღნიშნეს ჟიურის წევრებმაც - კომპოზიტორმა მაცაცო სეფისკვერაძემ და მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა:
[მაცაცო სეფისკვერაძის ხმა] ”ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ ბოლო ხანს ჩრდილში გადგა პატრიოტული სიმღერა. არადა, ქართველისთვის პატრიოტული სიმღერა ყოველთვის ძალიან საყვარელი იყო.” (სტილი დაცულია)
[მერაბ სეფაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ არა მარტო იდეაა კარგი, ჩემი აზრით, საქმეც კარგი იქნება, რადგან შეიქმნება საყვარელი სიმღერები ხალხისთვის, მათ შორის, იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენს მშვიდობას იცავს და რაღაცას აკეთებს.” (სტილი დაცულია)
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”დღეს ეს ქალაქი არის თქვენი, მე გპირდებით, რომ ხვალ თქვენი იქნება მთელი საქართველო. აგერ არის თავისუფალი სკამები, რომლებიც მინისტრებს უნდა დაეკავებინათ. მე ვთხოვ პატრიოტებს, დაიკავონ საქართველოს მთავრობის წევრებისთვის განკუთვნილი სკამები, რომლებიც ეგერ არის ცარიელი...”(სტილი დაცულია)
მინისტრების ცარიელი სკამების დაკავება პრეზიდენტმა ახალგაზრდა პატრიოტებს ამას წინათ მათთან შეხვედრაზე მოუწოდა. გავა დრო და ჩვენი დროის პატრიოტები ყველგან, ჯარსა თუ პატრიოტულ ბანაკებში, ახალ ქართულ პატრიოტულ სიმღერებს იღიღინებენ, ახალ ქართულ სამხედრო მარშებზე ჩააბარებენ პატაკს ადამიანებს, რომლებმაც მათში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება გადაწყვიტეს ბანაკების მოწყობით, სიმღერებით და მარშებით. ეს სიმღერები და მარშები უნდა გამოავლინოს კონკურსმა. კონკურსში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებების მოსმენა კი იმ გალა- კონცერტზე შედგება, რომელიც ნოემბერში ”ვარდების რევოლუციის” დღის აღსანიშნავად გაიმართება.