ფარული ჩანაწერებისა და წინასწარი გამოძიების მასალების გავრცელების ტექნოლოგია საქართველოში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას ფარული ჩანაწერების ანდა წინასწარი გამოძიების
მასალების გავრცელებით ცდილობს. ერთი შეხედვით, აქ კანონდარღვევას ვერ დავინახავთ, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გამომძიებელს მისცა უფლება მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების მასალების გავრცელების შესახებ. მაგრამ ასეთ შემთხვევებში დაცული უნდა იყოს მთელი რიგი ნორმები. ამ მხრივ საქართველოში მოქმედება წესების და კანონის ფარგლებში რომ არ ხდება, ამის ნათელი დემონსტრირება იყო ფაქტი, რომელსაც ირაკლი კაკაბაძის ცემასთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი. რა შთაბეჭდილება მოახდინა იურისტებზე იმ ვიდეოჩანაწერის ტელევიზიით ჩვენებამ, რომელზეც კაკაბაძის ცემის მოწმე ზაალ ბაიდაშვილი გამომძიებელს ესაუბრება?

დავიწყოთ იმით , რომ ბაიდაშვილის დაკითხვა პირველ ჯერზე ადვოკატის დასწრების გარეშე შედგა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ დაკითხვის ამ ნაწილზე გადაღებული ვიდეოფირი გაავრცელა. დაკითხვის პირველ ჯერზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ბაიდაშვილი, როგორც მოწმე, პროკურატურაში დასაკითხად რამდენჯერმე მიიყვანეს, მათ შორის, იძულების წესით. მაგრამ დავუბრუნდეთ ვიდეოჩანაწერს, რომლის ჩვენებითაც სამართალდამცველი უწყებები შეეცადნენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კაკაბაძის ცემა ჩვეულებრივი კრიმინალი იყო და დაზარალებულმა გადაწყვიტა კრიმინალისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. ვიდეოჩანაწერში მოწმე სწორედ ამას ადასტურებდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა მასზე ზეწოლას. მოწმეზე ზეწოლა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში თავად ირაკლი კაკაბაძემ დაადასტურა:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] “მოწმეზე შანტაჟი, ზემოქმედება, მისი მოტაცება საკუთარი ძმის მანქანიდან ... ეს ყველაფერი ამძაფრებს კრიტიკას სამართალდამცველების მიმართ, ძალიან აბსურდული რაღაცა აჩვენეს ტელევიზიით, რაზეც ყველას ეღიმებოდა და უჩნდებოდა შეკითხვა - როგორ ჩააგდეს ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში... ” (სტილი დაცულია)

საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სამართალდამცველების მიერ გამოყენებულმა ტექნოლოგიამ განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება კანონებში კარგად ჩახედულ ადამიანებზე დატოვა. კიდევ ერთხელ შევნიშნავთ: კანონმდებლობით, გამომძიებელს აქვს უფლება გაავრცელოს წინასწარი გამოძიების მასალა, თუ ამას ის საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ როგორც ადვოკატი ეკა ბესელია განმარტავს:

[ეკა ბესელიას ხმა] ”თუ ინფორმაციას ავრცელებს, უნდა აკეთებდეს ისე, რომ არ შეილახოს არავის ინტერესები და არ შეილახოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენების ჩაწერა ხდება იმ ადამიანის თანხმობით, რომელიც იკითხება, მისი ნებართვის გარეშე ჩაწერა არ შეიძლება. აქ საკითხავია, მისი ნებართვით მოხდა თუ არა ჩაწერა, ეს ერთი . ” (სტილი დაცულია)


მეორე - გავრცელებული ჩანაწერი არ ტოვებდა ლეგალური ჩანაწერის შთაბეჭდილებას, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მოწმის საუბარი პროკურორთან ფარული კამერით იყო გადაღებული და, მესამე, ჩანაწერში არ ისმოდა გამომძიებლის შეკითხვები, რაც აშკარად მეტყველებდა მონტაჟზე, ანუ იმაზე, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას სამართალდამცველები არასრულყოფილი და, შესაძლოა, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შეეცადნენ. ეს არ მოხდა პირველად, ასეთი რამ ხშირად ხდება. არადა, როგორც ცნობილი იურისტი დავით უსუფაშვილი აღნიშნავს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”სასამართლოში რომ მიდის საქმე, იქ მტკიცებულება უნდა იყოს სრული სახით. მე თუ რამე ჩვენება ჩამომართვეს, არ შეიძლება იქ ჩვენების 2 ფურცელი იყოს და მესამე არ იყოს. ასევე, თუ საზოგადეობას რამეს ვეუბნებით, მას უნდა ვუთხრათ ისე და იმდენი, რომ მას შეექმნას სრულყოფილი შთაბეჭდილება. ” (სტილი დაცულია)

დავით უსუფაშვილი წინასწარი გამოძიების მასალების გავრცელებით ქართველი სამართალდამცველების გატაცებას ძალაუფლებით ბავშვურ ტკბობას ადარებს, ადვოკატ შალვა შავგულიძეს კი ექმნება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცველები გადამღები აპარატურით ერთობიან:

[შალვა შავგულიძის ხმა] ”მეგობარმა ქვეყანამ, ალბათ, მიაწოდა ჩვენს სამართალდამცველებს ახალი ტექნიკა ამ ჩანაწერების გასაკეთებლად, მაგრამ გაჩნდა ინტელექტუალური პრობლემა გამოძიებაში და ამ დეფიციტს ავსებენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების გავრცელებით. ”

შალვა შავგულიძე საზოგადოებას შეახსენებს, რომ მოწმეს შეუძლია უჩივლოს გამომძიებელს მის გაუფრთხილებლად ჩანაწერი ჩვენებისა თუ საუბრის გავრცელებისთვის.