არის თუ არა კონსტიტუციური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები თანამდებობის პირებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეების: არჩილ მეფარიძის, ლილი თელიას, გურამ თოხაძის, სერგო გოგიტიძისა და როსტომ
ბოლქვაძის საკონსტიტუციო სარჩელები, რომლითაც ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლის ანტიკონსტიტუციურობის აღიარებას ითხოვდნენ. საქმე ეხება საპროცესო კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც თანამდებობის პირებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები კანონში, როგორც ცნობილია, 2004 წლის თებერვალში შევიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადახედვას არ ექვემდებარება, იურისტები კი მიიჩნევენ, რომ ის უფრო პოლიტიკური ხასიათის გაწყვეტილებაა, ვიდრე სამართლებრივი. საქართველოში არაერთი იურისტი აღნიშნავს, რომ ხსენებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთანაც და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთანაც.


ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მიხედვით, პირის ქონება სასამართლოს მიერ ამ პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში შეიძლება კონფისკაციას დაექვემდებაროს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად კი, თანამდებობის პირებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა ამ პირების დამნაშავედ ცნობამდე ხდება - მანამდე, სანამ მას კონკრეტული დანაშაულისთვის გაასამართლებენ.

გამოძიების პროცესში პროკურორი, სახელმწიფოს სახელით, სასამართლოს მიმართავს სარჩელით პირისათვის ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუკი მიიჩნევს, რომ ეს ქონება უკანონო გზით არის შეძენილი. ზუსტად ასე ჩამოერთვა ქონება ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაკავებულ არაერთ ყოფილ ჩინოვნიკს და, მათ შორის, აჭარის უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი კუპრეიშვილს. კუპრეიშვილის ოჯახის წევრებზე - მეუღლის, შვილების და დის სახელზე - გაფორმებული ქონება, აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა - კუპრეიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც კი. საინტერესოა, რა მოხდა მას შემდეგ.


[ეკა ბესელიას ხმა] ”გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. იქ ნაწილობრივ გამართლდა განაჩენი. გარკვეული ნაწილი ქონებისა დაუტოვეს, ნაწილი კი ჩამოართვეს. ეს ნაწილი ჩვენ უკანონოდ მივიჩნიეთ და გავასაჩივრეთ სტრასბურგში - ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.”

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გიორგი კუპრეიშვილის ადვოკატის სარჩელი განსახილველად მიიღო. ჩვენთან საუბრის მომენტში ეკა ბესელია სტრასბურგში გადასაგზავნ დამატებით დოკუმენტაციას ამუშავებდა. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოსთვის მკაცრი იქნება. ზუსტად ასევე ფიქრობს ადვოკატი შალვა შავგულიძეც სტრასბურგში თავის მიერ გაგზვნილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ასლან აბაშიძის ოჯახის წევრებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას უკავშირდება. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც აჭარის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო, გასაჩივრებაც უზენაეს სასამართლოში მოხდა. აჭარაში გამოტანილი გადაწყვეტილების ძირითადი ნაწილი ძალაში დარჩა, გარკვეული ნაწილი კი ხელახალი განხილვისთვის უკან, აჭარაში, გადაიგზავნა. ევროპის სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული გადაწყვეტილება საჩივრდება. სარჩელი ამ შემთხვევაშიც მიღებულია განსახილველად. ევროპის სასამართლოში საქართველოდან ამ ტიპის ერთი და ორი სარჩელი არ არის შესული და ვერავინ იტყვის, რომ მათ ავტორებს საქმის მოგების შანსი არ ჰქონდეთ. ერთია, რომ საქართველოში ამა თუ იმ პირისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა მის დამნაშავედ ცნობამდე შეიძლება, მეორე კიდევ ის, რომ აღნიშნულის დაკანონებით სახელმწიფოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიზღუდა.

[შალვა შავგულიძის ხმა] ”სახელმწიფო დაინტერესებული იქნება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს ამ პირების მიმართ, რომ უკან დასაბრუნებელი არ გაუხდეს ჩამორთმეული ქონება. ”(სტილი დაცულია)

ეს გახლდათ ადვოკატ შალვა შავგულიძის კომენტარი. დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისთვის საპროცესო კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებები სხვა უხერხულობებსაც ქმნის. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ” წარმომადგენლის ანა დოლიძის თქმით, ეს ცვლილებები აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან კონსტიტუცია კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებით ( ვთქვათ, მეწყრული ზონიდან მოსახლეების გასახლების მიზნით) . ამას გარდა, ქონების დასაბუთება თანამდებობის პირებს ევალებათ 1997 წლიდან, სწორედ ამ წელს მიღებული კანონით, 2004 წელს შემოღებული ნორმები კი 97 წლამდე არსებულ სიტუაციებზე გავრცელდა.