ალბათ, დააკვირდით, რომ ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ წარმოგიდგენთ.

დავით პაიჭაძე, თბილისი ალბათ, დააკვირდით, რომ ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ წარმოგიდგენთ. წიგნი, რომელსაც დღეს დავით პაიჭაძე გაგაცნობთ,
ლიტერატურის მეცნიერებისა და კრიტიკის, პოლიტიკური და ფილოსოფიური პუბლიცისტიკის, მემუარული ლიტერატურისა და კულტუროლოგიური შრომის ზღვარზეა დაწერილი. დაწერილია ქართულად და ჰქვია “ნარატივის აპოლოგია”. რას ნიშნავს აპოლოგია, იცის ყველამ. რას ნიშნავს ნარატივი - ამას თავად წიგნის ავტორი ზაზა შათირიშვილი განმარტავს:

[შათირიშვილის ხმა] “ნარატივი, როგორც ტექნიკური ტერმინი, საკმაოდ ბევრ მომიჯნავე დისციპლინაში გამოიყენება და, უპირველეს ყოვლისა, თავისი ლათინური ძირით, ის აღნიშნავს ამბავს და თხრობას. თანამედროვე ფილოსოფიასა და ლიტერატურათმცოდენობაში (და არა მარტო ამ სფეროებში) ის აღნიშნავს არა მარტო ამბავს, არამედ ამ ამბის გაგებასაც. ანუ, პრაქტიკულად, ნარატივი აღნიშნავს თეორიასაც და იდეოლოგიასაც, მსოფლაღქმას.”

რა იდეოლოგიით არის დაწერილი ფილოლოგისა და ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის წიგნი? როგორია მისი მსოფლაღქმა? როგორიც უნდა იყოს, რით არის იგი საინტერესო მკითხველისათვის? “ნარატივის აპოლოგიის” იდეოლოგიურ ასპექტზე ფილოსოფოსი გიგა ზედანია მესაუბრება:

[ზედანიას ხმა] “თუ პოლიტიკურ იდეოლოგიას შევხედავთ, ზაზა შათირიშვილი ძალიან უცნაური პოზიციის წარმომადგენელია: ესაა კონსერვატიზმი, რომელიც უპირისპირდება ლიბერალიზმს. არა მგონია, ამ იდეოლოგიას დიდი მომავალი ჰქონდეს საქართველოში. და ეს ჩემი იმედია. საქმე ის არის, რომ ლიბერალიზმი საქართველოში ისედაც ვერ დამკვიდრდა, ქვეყანაში სულ რაღაც 10-15 ლიბერალია და კიდევ კონსერვატიზმისაგან კრიტიკის დამატება არ სჭირდება, ისედაც ძალიან სუსტია. ზაზას კონსერვატიზმი ძალიან ფაქიზი და დახვეწილია. კონსერვატიზმი სხვა არაფერია, თუ არა ტრადიციის ანალიზი, ტრადიციაზე დაყრდნობა. ეს, რაღა თქმა უნდა, არ იქნება პოპულარული ჩვენთან, აქ უფრო მითიურ წარსულზე აპელირებაა პოპულარული. რაც შეეხება ამ კონსერვატიზმს, ეს უფრო კათოლიკური კონსერვატიზმია, რომელსაც დიდი ტრადიცია აქვს და გულისხმობს დაქვემდებარებულობას, სუბორდინაციას, ინტელექტუალურ დისციპლინას, რწმენას, ეკლესიის უპირატესობას და ა.შ.”

ეს გულწრფელი და, ამავე დროს, მარგინალური პოზიციაა, რომელიც ვერასოდეს გაძლიერდება, მაგრამ ინტელექტუალური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, ფიქრობს გია ზედანია.

[მუსიკა]

იდეოლოგიური შემადგენელი, ცხადია, საინტერესოა, მაგრამ მკითხველს ორიოდ სიტყვას წიგნის აგებულებაზეც ვეტყვით. ისევ გიგა ზედანიას მოუსმინეთ:

[ზედანიას ხმა] “ნარატივის აპოლოგია სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი - ეს არის ტექნიკურ-ლიტერატურული გამოკვლევები, მეორე - ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ანალიზი, ხოლო მესამე - ავტობიოგრაფიული თხრობა. ყველაზე გულისამაჩუყებელი და საინტერესო, რაღა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიაა.”

ზაზა შათირიშვილი 40 წლისაც არ არის. მე ვკითხე, რამ განაპირობა, ერთი შეხედვით, ასე ნაადრევი პროეცირება საკუთარ სულიერ გამოცდილებაზე და სურვილი, დაწერილ ტექსტად ექცია ის? ზაზა ამბობს, რომ წიგნის ეს ნაწილი კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტში მუშაობის დროს დაწერა და, ალბათ, არც დაწერდა, იქ, ანუ, როგორც თავად ამბობს, თბილისური გარემოსგან აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში რომ არ ყოფილიყო.

[შათირიშვილის ხმა] “ერთი რამეც უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის მქონდა სურვილი, აღმეწერა ჩემი თვალით დანახული 70-80-ანი წლების თბილისი. მაგრამ მემუარების დაწერა არ მინდოდა, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ჟანრი არ არის. კი ჰქვია ავტობიოგრაფიული ნარატივი, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი ვარ არა მე, არამედ სხვა. მოხდა ისე, რომ 70-იანი წლების დასარულისა და 80-იანი წლების დასაწყისის თბილისის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი კულტურული ფაქტი იყო მერაბ მამარდაშვილის ლექციები პრუსტზე. მამარდაშვილის ფიგურა და ეს ლექციები კრავს ამ ყველაფერს. ეს არის სამადლობელი მერაბ მამარდაშვილისადმი, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, იმ პერიოდის თბილისისადმი, სადაც, უხეშად და ტრივიალურად რომ ვთქვათ, დადიოდა სერგო ფარაჯანოვი, სადაც დროდადრო ჩამოდიოდა ოთარ იოსელიანი და შეგეძლო შემთხვევით აღმოჩენილიყავი მის ლექციაზე.”

[მუსიკა]

ამ ავტობიოგრაფიას ორი პერსონაჟი ჰყავს - ზაზა შათირიშვილი და მერაბ მამარდაშვილი, ადასტურებს გიგა ზედანიაც. მამარდაშვილი არის ფიგურა, რომლის მეშვეობით ავტორი რაღაცეებს იგებს. პირველი ფილოსოფოსია, მეორე - ფილოლოგი.

[ზედანიას ხმა] “ეს არის განსხვავება, იმიტომ რომ ფილოსოფოსი - ეს არის ადამიანი, რომელიც აზრის სტიქიაში მოძრაობს, ფილოლოგი კი - ტექსტის სტიქიაში, რაც ძალიან საინტერესო დაძაბულობას ქმნის. ფილოლოგი, გარკვეული აზრით, ცდილობს გაუგოს ფილოსოფოსს, გაუგოს, რა ლოგიკით ხდება აზრის პროდუცირება. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის პოლიტიკური დაპირისპირება. მამარდაშვილი საბჭოთა კავშირში, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ლიბერალი იყო. შათირიშვილი ცდილობს, ამ ლიბერალიზმს ახსნა მოუძებნოს კონსერვატიული პოზიციებიდან და გარკვეულ დებატებშიც შედის მასთან.”

არ მჯერა, რომ ასეთი ლაპარაკი მსმენელს დააფრთხობს და ის არ მოისურვებს “ნარატივის აპოლოგიის” წაკითხვას. ამ წიგნის, ჩემი აზრით, ღრმა შინაარსს ახლავს სიმსუბუქე, რომელიც პროფესიულ ჟარგონში გაუწაფავ მკითხველსაც გაუადვილებს ლიტერატურის გამოკვლევათა წაკითხვას, რომ არაფერი ვთქვათ “ნაციონალური ნარატივის” თავში მოქცეულ ნაშრომებზე. გიგა ზედანიას ვთხოვე, ელაპარაკა ამ სიმსუბუქის რაობასა თუ მიზეზებზე.

[ზედანიას ხმა] “პირველი მიზეზი გონებამახვილობაა. ეს არის თვითირონიით შეჯერებული ავტობიოგრაფია. ეს არ არის საკუთარი თავით ნარცისული ტკბობა. მეორე: ერთმანეთისაგან გაყოფილია ავტობიოგრაფიული და აკადემიური ტექსტები. მესამეა თამაშის მომენტი: ავტორი ეთამაშება მკითხველს და ცდილობს, გარკვეული აზრით, აცდუნოს კიდეც ის. ასევე მნიშვნელოვანია საერთო გამოცდილებები: ამ თაობის ადამიანებს საერთო გამოცდილება აქვთ, იქნება ეს სამოქალაქო ომი, უცხოეთის პირველად გაცნობა და ა.შ. ზაზა შათირიშვილი სწორედ ამ საერთო გამოცდილებებს აშუქებს განსხვავებულად, სხვა ცნებებით.”

ერთი ფრაგმენტი ხსენებული საერთო გამოცდილებისა და თვითირონიის დასტურად:

“თბილისის ომი მთავრდებოდა. არეულობით შეფიქრიანებულმა ელო მეტრეველმა გადაწყვიტა, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში ღამის მორიგეობა შემოეღო. იმ პერიოდში მე ჯერ კიდევ ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტად ვირიცხებოდი. 7 იანვრის შობაღამე მე მერგო. ასე არასდროს შემცივებია. დღემდე მიკვირს, როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ დასალევი წამეღო. სიფრიფანა რეფლექტორი, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, თავის თავსაც ვერ ათბობდა. მეორე დღეს, როცა მილიციელებთან ჩავედი სითბოსა და სიმყუდროვეში, რადიოდან გვამცნეს, რომ ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა. სახლში ფეხით მივედი. ტრანსპორტი არ დადიოდა, ტაქსი არ არსებობდა. სახლში ბებიაჩემის გამომცხვარი საშობაო ღვეზელი მელოდა. იმავე წელს, ოღონდ მოგვიანებით, პირველად წავიკითხე ანდრეი ბიტოვის რომანი “პუშკინის სახლი”. ლიოვა ოდოევცევი, ნაწარმოების მთავარი გმირი, თავის საბედისწერო ღამეს სწორედ პუშკინის სახლში - ლიტერატურის ინსტიტუტში - ათევს, რადგანაც, როგორც თანამშრომელს, სწორედ 7 ნოემბრის ღამეს ერგო მორიგეობა.”

[მუსიკა]

დაბოლოს, ორიოდ ფორმალური მონაცემი: “ნარატივის აპოლოგია” გამოსცა ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრმა. ყდაზე კი ჯორჯონეს 500 წლის წინ შექმნილი ნახატი, “სამი ფილოსოფოსია” დატანილი.