შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას შეუმდგარი ტერაქტის ავტორს ფოტოსურათებით ეძებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 10 მაისს, თავისუფლების მოედანზე ჯორჯ ბუშის სიტყვით
გამოსვლისას, პრეზიდენტების ტრიბუნისკენ ხელყუმბარის გადაგდების ფაქტზეა აღძრული. სამაგიეროდ, ეს უწყება აქვეყნებს იმ პირთა ფოტოსურათებს, რომლებიც, შესაძლოა, გამოძიებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ფლობდნენ, და ამ გზით ცდილობს მათი ვინაობის დადგენას. დგანან თუ არა ქართველი სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე, ამის თქმა მაინც ძნელია, თუმცა ჩნდება ვერსია იმის შესახებ, რომ 10 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს ამბავი, რომელიც მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს. გამართლდება თუ არა ეს ვერსია, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაამტკიცოს, რომ, ტერორისტის მიგნება თუ არა, მექრთამეებისა და ფულის გამომძალველების დაკავება მაინც ეხერხება.


28 ივნისი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სპეცოპერაციების დღე იყო. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების ერთმა ნაწილმა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ცნობილი ქართველი მოჭიდავეები დააკავა, ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით; მეორე ნაწილმა სპეცოპერაცია მოაწყო საგადასახადო დეპარტამენტში, სადაც ქრთამის აღების ფაქტზე ამ დეპარტამენტის მაღალჩინოსნები იქნენ დაკავებულნი. როგორც ცნობილი გახდა, საქმე ეხება 150 ათასი დოლარის ქრთამის გამოძალვას. ფაქტზე დაკავებულები არიან საგადასახადო დეპარტამენტის რევიზიის განყოფილების თანამშრომლები. ირკვევა, რომ ისინი 3 მილიონი ლარის გათეთრების ოპერაციას ახორციელებდნენ. საგადასახადო დეპარტამენტში 28 ივნისს ჩატარებულ სპეცოპერაციას უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ სამასახურში ამ დღეს სამართალდამცველები თითქმის ყველა ოთახში ამოწმებდნენ საბუთებს.

რაც შეეხება იპოდრომის მიმდებარე ტეტრიტორიაზე დაკავებულ ცნობილ მოჭიდავეებს, ისინი არიან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე დავითაშვილი და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ჭიდაობაში გიორგი რევაზიშვილი. დავითაშვილის და რევაზიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დაცვაში მყოფი პირების მხრიდან ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია , რომ საქმე მხოლოდ და მხოლოდ პირადი ვალის დაბრუნებას ეხებოდა. იყო თუ არა ასე, ეს უკვე გამოძიებამ უნდა გაარკვიოს..

ასე რომ, 28 ივნისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აქტივობის დემონსტრირების დღე იყო. სამინისტროს ხელმძღვანელობამ სცადა საკუთარი ხელმძღვანელობისა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ, ტერორისტის მიგნება და დაკავება თუ არა, ფულის გამომძალველების დაპატიმრება ნამდვილად შეუძლია.

როგორც უკვე ვთქვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას შეუმდგარი ტერაქტის ავტორს იმ პირთა ფოტოსურათების გამოქვეყნებით ეძებს, რომლებსაც, შესაძლოა, გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია ჰქონდეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერზე 3 ასეთი პიროვნების ფოტოსურათის ნახვა შეიძლება. იქვე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია იმ პირთა დადგენით, რომლებიც, შესაძლოა, გამოძიებისთვის საჭირო რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ ბულგარეთის ”ინტერპოლის” ხელმძღვანელი პიტერ ქრისტოვი გამოეხმაურა საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ცნობას თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე დაგეგმილ თავდასხმაში ბულგარეთის მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე. გავრცელებულ ინფორმაციას მან უსაფუძვლო უწოდა და იქვე განმარტა, რომ ქართველ კოლეგებს მისი სამსახურისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ.