ქართული და ოსური მხარეები კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტს სწავლობენ

თუ საქართველოს მხარე ცხინვალის რეგიონში კვირას მომხდარი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობას ოსებს აკისრებს, ოსები, პირიქით, დამნაშავეებად ქართველებს მიიჩნევენ. ლაპარაკია
კვირას სოფელ თამარაშენთან ატეხილ სროლაზე, რომელსაც მსხვერპლი ოსებშიც მოჰყვა და ქართველებშიც. დაღუპულია 1 ქართველი პოლიციელი და 4 ოსი სამხედრო; ამას გარდა, არიან დაჭრილები.
სისხლიანმა ინციდენტმა ქართულ-ოსური ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ვითარების განმუხტვის მიზნით, ორშაბათს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის გამართვა დაიგეგმა. მასზე, თამარაშენის ინციდენტის გარდა, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც უნდა განეხილათ. შეხვედრაში მონაწილოების მისაღებად თბილისიდან ცხინვალში, ტრადიციულად, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა გაემგზავრა.


ცხინვალის რეგიონში, საქართველოსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვარზე, მოძრაობა შეიზღუდა. ეს მოხდა სოფელ თამარაშენის ინციდენტის შემდეგ, რომელსაც 5 ადამიანი შეეწირა: ერთი -ქართველი პოლიციელი როლანდ ხეთაგაშვილი და 4 - ოსი სახალხო ლაშქრელი.

გავრცელებული ვერსიით, კვირას უაზის მარკის ავტომანქანით ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალმა ნასვამმა შეიარაღებულმა ოსებმა ქართველ პოლიციელებს ცეცხლი ჯერ სოფელ ქურთასთან გაუხსნეს, შემდეგ კი - სოფელ თამარაშენთან. მსხვერპლიც თამარაშენთან ორმხრივ სროლას მოჰყვა. ვითარების დაძაბვის შემდეგ კონფლიქტის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჩავიდა და ღამეც იქვე დარჩა. ოპერატიულ რეჟიმში შედგა ქართველი და ოსი სამართალდამცველების შეხვედრა, თუმცა თამარაშენის ინციდენტის რეალური მიზეზების გასარკვევად ასეთი შეხვედრა საკმარისი არ აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ოს სამხედროებსა და ქართველ პოლიცილებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივ კრიმინალთან თუ სიტუაციის არევის მიზნით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, ამის დადგენას შეეცდება ერთობლივი კომისია, რომელშიც, ქართველი და ოსი სამართალდამცავების გარდა, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც იმუშავებენ. ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელიც ორშაბათს, ვლადიკავკაზის ნაცვლად, ცხინვალში გაიმართა. აქვე აღვნიშნავთ, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, გეგმით, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ითვალისწინებდა, მაგრამ ორშაბათს აქ მსჯელობა მთლიანად თამარაშენის ინციდენტის გარშემო წარიმართა, თუმცა ეს ინციდენტი სწორედ დემილიტარიზაციის საკითხის კიდევ უფრო მწვავედ დასაყენებლად გამოდგებოდა, როგორც დამატებით არგუმენტი. შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა სამშაბათს, 31 მაისსაც, ჩატარდება. ეს ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დაადასტურა:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”სხდომა ხვალ გაგრძელდება. დღეს მთელი ყურადღება იყო მიქცეული გუშინდელი ტრაგიკული ინციდენტისკენ. არაერთხელ მითქვამს, რომ გარღვევა როცა მზადდება ურთიერთობაში, აუცილებლად უნდა მოხდეს ინციდენტი, რომელიც ყველაფერს ამუხრუჭებს.”(სტილი დაცულია)

სამშაბათს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა მოისმენს სამართალდამცავების ინფორმაციას თამარაშენის ინციდენტთან დაკავშირებით. ინციდენტის მოტივაცია კი, როგორც უკვე ვთქვით, სპეციალურმა ერთობლივმა კომისიამ უნდა დაადგინოს.

”დაძაბულობა შეიქმნა ცარიელ ადგილას - მაშინ, როცა აღდგა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობა, დღე-დღეზე უნდა ამოქმედებულიყო გორი-ცხინვალის საავტომობილო რეისი, ვლადიკავკაზში დაგეგმილ სხდომაზე კი უნდა გადაწყვეტილიყო სერიოზული ეკონომიკური პროექტების ამოქმედების საკითხი,” - ამბობს გიორგი ხაინდრავა. ნათქვამი იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს წინასწარდაგეგმილი პროვოკაცია იყო, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება. თამარაშენის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა დაზუსტებით არც ის იცის, 9-10 მაისს ჩატარდება თუ არა ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა უნდა განიხილოს. კონფერენციის ორგანიზება პრეზიდენტმა სპეციალურ სახელმწიფო კომისიას დაავალა.