რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნის ხელისუფლების სრულ ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული განცხადებები

საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს რუსეთის შიშს და ცდილობს დაარწმუნოს ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს საქართველოში სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ ჩაენაცვლება.
რუსეთის დამამშვიდებელი განცხადებები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთდა, მათ შორის -პრეზიდენტის მიერ. ითქვა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში ეძებს ფორმატს, თუ როგორ გააკეთოს შესაბამისი განაცხადი. ექსპერტები კი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების განცხადებებს სათანადო შეთანხმების გაფორმება არ მოჰყვება.
რას ნიშნავს ნატოში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნის ხელისუფლების სრულ ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული განცხადებები?


“რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველო უცხო ქვეყნის ჯარების დერეფანი ან პლაცდარმი აღარასოდეს იქნება, ის მხოლოდ საკუთარი შეიარაღებული ძალების გაძლიერებითა და აღმშენებლობით არის დაინტერესებული ” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ოთხშაბათს გააკეთა. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი იტოვებს იმედს, რომ ნათქვამით პრეზიდენტი, უბრალოდ, კრემლის დამშვიდებას ანდა მოტყუებას შეეცადა. იმედი გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყანაა და მისი ხელისუფლება, ერთი შეხედვით, თითქოს ბევრს აკეთებს კიდეც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების დასაჩქარებლად.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ჩვენ თუ გავხდით ნატოს წევრი და სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა ნატოს ჯარების დროებითი განთავსების ან დისლოკაციის მოთხოვნა, საქართველო ვალდებული იქნება გააკეთოს ეს.. ამიტომ ვამბობ, რომ წინასწარ არ უნდა მოვაწეროთ ხელი შეთანხმებებს რუსეთთან იმაზე, რომ რუსეთის ბაზების სანაცვლოდ აქ არაფერი განლაგდება. მე არ ვიცი, ასეთი რამე სერიოზულად არის განსაზღვრული, თუ განცხადებები კრემლის დასამშვიდებლად ან მოსატყუებლად კეთდება.”(სტილი დაცულია)

რას ნიშნავს პრეზიდენტის მინიშნება იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველო აღარასოდეს იქნება უცხო ქვეყნების ჯარების დერეფანი და პლაცდარმი? ამ შეკითხვით სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავას მივმართეთ.

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ის, რომ რუსეთს არ სურს მის საზღვრებზე რაიმე ქვეყნის ჯარები იყვნენ განთავსებულნი, ჩვენთვის გასაგებია და შევეცდებით ეს საფრთხე რუსეთს მოვუხსნათ. ეს არანაირად არ შეუშლის ხელს საქართველოს წინსვლას ნატოსკენ. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხები არ არის. ”

”ვერ გეტყვით, რა ფორმით შეეთავაზება რუსეთს სათანადო გარანტიები. შესაძლოა, ეს მოხდეს შიდა საკანონმდებლო ბაზის შეცვლით. ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ, ნაბიჯები გადაიდგმებაო, ” - აღნიშნავს გიორგი ხაინდრავა. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი კი განმარტავს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”მთავარია, ჩვენ არ მოვაწეროთ ხელი ისეთ სპეციალურ ხელშეკრულებას, რაც სუვერენული ქვეყნის სტატუსს არ შეეფერება. ორმხრივ ხელშეკრულებაში ამგვარი რამის ჩაწერა არის საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვა.”

ვნახოთ, წავა თუ არა საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვაზე, რუსეთს რაიმე ხელშეკრულებით შესთავაზებს თუ არა გარანტიებს იმისას, რომ რუსეთის წასვლის შემდეგ საქართველო არ იქნება უცხო ქვეყნის ჯარების დერეფანი ანდა პლაცდარმი. შეგახსენებთ: არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო დადგენილება, რომლითაც მეგობარ ქვეყნებს საკუთარი ტერიტორია სწორედაც სამხედრო დერეფნად შესთავაზა.