რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში კვლავ დაუბრუნდება

რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში კვლავ დაუბრუნდება. ერთადერთი მხარე, სადაც მათ გაყვანას ეწინააღმდეგებიან,
ჯავახეთია. იქ მცხოვრები ეთნიკური სომხები პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტ პრობლემას სოციალურს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეს.

საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანას კვლავ ეწინააღმდეგებიან ჯავახეთის მცხოვრებლები. ახალქალაქში ამბობენ, რომ ამ საკითხს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დატვირთვა აქვს. ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს მეზობელი თურქების მიერ ჩატარებული გენოციდიც კარგად ახსოვთ. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ მათი უმრავლესობა ახალქალაქის 62-ე ბაზაშია დასაქმებული. ახალქალაქელი იური მკრტიჩიანი მოსახლეობის მოთხოვნების ახსნას ცდილობს:

[იური მკრტიჩიანის ხმა] ,, ისეთი ამბავია, რომ არავის არ უნდა ბაზა აქედან გავიდეს. აქ ეშინიათ, რომ თურქები არ შემოვიდნენ. აქ პრაქტიკულად არ არის არც ერთი ადგილი სამუშაო; გადის 80%; მუშაობენ, რომ ოჯახები შეინახონ. სხვა სამსახური აქ, ფაქტიურად, არ არის.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფომ ჯერ ხალხის ნდობა უნდა მოიპოვოს და შემდეგ დაიწყოს ფიქრი ბაზების გაყვანაზე. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ჯავახქის” ერთ-ერთი ლიდერი, ნორიკ კარაპეტიანი, ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრებისაკენ მოუწოდებს და პოლიტიკურ პრობლემას სოციალურსაც უკავშირებს. იგი აცხადებს, რომ მომავალში ფარტომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართება:

[ნორიკ კარაპეტიანის ხმა] ,,მღელვარება იქნება, მიტინგები, ხალხი გამოვა. თავდაპირველად ამ საკითხზე უნდა დაფიქრდე და მერე მის გაყვანაზე. არ შეიძლება მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა ნაბიჯი. არც ერთი სოციალური პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. აბსოლუტურად არც ერთი. ჩვენთან სოფლის მეურნეობის რაიონია და მისი გაყიდვაც კი შეუძლებელია. სახელმწიფო არც ამ მხრივ დგამს რაიმე ნაბიჯებს.” (სტილი დაცულია)

თუ კი ჯავახეთის მოსახლეობა და ახალქალაქის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან რუსების ბაზების გაყვანის საკითხს ასე აქტიურად ეწინააღმდეგებიან, სამაგიეროდ, სრულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს ახალქალაქის რაიონის გამგებელი. არტურ ერემიანი ორი სახელმწიფოსა და ორი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება:

[არტურ ერემიანის ხმა] ,,რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი ჩემი პრეროგატივა არ არის. ეს ორი სახელმწიფოსა და ორი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.”

უკანა პლანზე შეფარულად მდგარი პოლიტიკური პრობლემა - ასე უწოდებს სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს. იგი 62-ე ბაზაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას სამსახურში დატოვებასა და სამხედრო ქალაქში არსებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემას ჰპირდება. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ის სოციალური მოთხოვნები, რომლებიც მათ ამ საკითხს დაუკავშირეს, თითქმის მოგვარებულია.

[გოგა ხაჩიძის ხმა] ,,საპასუხოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბაზებზე არიან დასაქმებულნი, შესაბამისი სამსახური უკვე ჩვენს ჯარში; ის ბინები, რომლებიც მათ დროებით სარგებლობაში აქვთ გადაცემული და ცხოვრობენ ე.წ. ,,ვოენი გარადოკის” ტერიტორიაზე, საკუთრებაში უნდა დავუტოვოთ და უნდა შევქმნათ გარკვეული სოციალური პირობები, პოლიტიკურის გათვალისწინებით, რომ ეს ბაზები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გავიდნენ აქედან.”

გამოთქმული პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემა მათი გადასაწყვეტი არ არის. ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებს კი მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მათ ეკუთვნით.