რისთვის იბრძოდნენ ქართველი პატრიოტები ფაშისტური გერმანიის დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750000 მეომარი გაგზავნა, აქედან ათასობით ქართველს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის დროშის
ქვეშ მოუხდა ბრძოლა. გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილი ქართველები “გამყიდველები”, როგორც მათ საბჭოეთში ეძახდნენ, სიცოცხლის გადარჩენის მოტივით გახდნენ, მათ შორის მრავლად იყვნენ ანტისაბჭოთა განწყობილებისანი. გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართულ ლეგიონებში ევროპაში ემიგრირებული ქართველი პატრიოტების მხარდამხარ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ეს ბრძოლა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად შესწავლილი. მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლის გახსენებისას იქ ნაკლებად იგონებენ თანამემამულეებს, რომლებიც ორ ბოროტებას შორის ომში დაეცნენ რწმენით, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

“ჩვენთვის ისევე მიუღებელი იყო ფაშიზმი, როგორც ბოლშევიზმი. მაგრამ თავად გერმანიის რაიხის პოლიტიკურ წრეებში იმდენად დიდი იყო ნაკადი ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობებისა, ვიმედოვნებდით, რომ დროთა განმავლობაში ეს ექსტრემიზმი განადგურებული იქნებოდა,“ - წერს საკუთარ მოგონებებში გივი გაბლიანი, კაცი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბედმა ფაშისტური გერმანიის ყველზე მაღალ წრეებთან კავშირი არგუნა. ის მიხეილ კედიას, გიორგი მაღალაშვილის, შალვა მაღლაკელიძისა და სხვა ქართველი პატრიოტების მხარდამხარ აკეთებდა ყველაფერს იმ პროექტის რეალიზაციისთვის, რომლის ავტორიც მაშინდელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გრაფი შულემბერგი იყო - ჰიტლერის ოპოზიციონერი, რომელიც 1918-21 წლებში იყო გერმანიის ელჩი საქართველოში. შულემბერგის პროექტი, კოდური სახელწოდებით “ბერგმანი”, რაც “მთის კაცს” ნიშნავს, ევროპაში ემიგრირებული ქართველი პატრიოტებისთვის იმ ბეწვის ხიდად იქცა, რომელსაც საქართველო ევროპისთვის უნდა დაებრუნებინა. მათ ამის სწამდათ და ამ მიზნისთვის დათანხმდნენ ჰიტლერის კართან თანამშრომლობაზე.

[ნესტან კირთაძის ხმა] “უნდა მომხდარიყო ბალტიის ქვეყნების, უკრაინის, ბელორუსიისა და კავკასიის გათავისუფლება, ამის შემდეგ რეფერენდუმის გზით უნდა მომხდარიყო მათი გერმანიის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა ან არშესვლა. ამ ყველაფერზე საუბრობს გივი გაბლიანი თავის მოგონებებში. “ (სტილი დაცულია)

ეს მოგონებები ისტორიკოსმა ნესტან კირთაძემ თარგმნა. ამისთვის კი ხელნაწერები მას თავის დროზე გივი ზალდასტანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოუტანა. სვანეთის სოფელ მულახში დაბადებული გაბლიანი 2001 წელს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

გივი გაბლიანი “ბერგმანელი” ფრონტზე გერმანელების მიერ ტყვედ აყვანის შემდეგ გახდა. ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ეგნატე გაბლიანის შვილმა შესანიშნავად იცოდა გერმანული. ტყვედ აყვანის შემდეგ გერმანელებს მათ მშობლიურ ენაზე აუხსნა ვინ იყო და რომელ ქვეყანას წარმოადგენდა. გერმანელები გივი გაბლიანით დაინტერესდნენ და ცოტა მოგვიანებით ის საფრანგეთის ქართულ ემიგრაციასთან დააკავშირეს. ასე გახდა ყოფილი წითელარმიელი “ ბერგმანელი”. ის თავიდან ბოლომდე მიხეილ კედიას გვერდით იყო ბერლინში დაფუძნებულ ქართულ შტაბში, რომელიც ნოე ჟორდანიასგან გამოთხოვილი სპეციალური სტატუსით მოქმედებდა.

როგორ შეხვდა პარიზის ქართველობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, ეს ჩვენთან საუბრისას მიხეილ კედიას დამ, ზეინაბ კედიამ, გაიხსენა:

[ზეინაბ კედიას ხმა} “ მაშინ ჩემს ძმასთან მოვიდნენ ახალგაზრდები და ულოცავდნენ. აღდგომასავით იყო. ყველას გვჯეროდა, რომ გერმანელები გაგვათავისუფლებდნენ. “

დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრის მექი კედიას ვაჟს, მიხეილ კედიას, იურიდიული განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. მას ჰქონდა ახლო კავშირი გერმანელ არისტოკრატებთან და, როცა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ყოფილი დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან ევროპაში ემიგრირებულების ჩართვა დაიგეგმა, გერმანელებმა სწორედ მას მიაკითხეს. ქართული სამეკავშირეო შტაბი 1943 წელს შეიქმნა და მიხეილ კედია გახდა მისი სპიკერი. ამ დროს გერმანელების მხარეს უკვე მოქმედებდნენ ქართული და კავკასიური სამხედრო დაჯგუფებები. არსებობდა სადაზვერვო დაჯგუფებები “თამარ პირველი” და “თამარ მეორე”, ცალკე კიდევ - უშუალოდ ვერმახტის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ბატალიონები. საბოლოოდ დადგენილი არ არის ზუსტად რამდენი ქართველი ირიცხებოდა ამ ბატალიონებში. სავარაუდო ციფრები 20000-სა და 30000 -ს შორის მერყეობს. ქართული ბატალიონები გერმანელთა ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველების ხარჯზე ივსებოდა.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ქართველ “ბერგმანელებს” საბჭოთა არმიაზე ფაშისტური გერმანიის გამარჯვების იმედი შეუსუსტდათ, მეორე მსოფლიო ომში მათ ძირითად ამოცანად გერმანელთა ტყვეობიდან ქართველების და არა მარტო მათი, ებრაელების, გამოხსნა იქცა. ზეინაბ კედია იხსენებს, რა გულგატეხილი დაბრუნდა პარიზში უკრაინიდან მისი ძმა და მამას უთხრა:

[ზეინაბ კედიას ხმა] “მამაჩემო, გერმანელების საქმე ცუდად არის. ისე ცუდად მოექცნენ ისინი უკრაინელებს, რომლებიც ასე აღფრთოვანებულები შეხვდნენო …. აღარ მინდა მათთანო. მაშინ ჟორდანიამ და სხვებმა უთხრეს, რომ უნდა გაეგრძელებინა ბრძოლა ტყვეების გამოსაყვანად. “ (სტილი დაცულია)

გავიდა დრო და ვიქტორ ხომერიკი თავისი ერთ-ერთი მეგობრისთვის მიწერილ წერილში ჩამოთვლის იმ ქართველი ემიგრანტების გვარებს, რომლებმაც გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებიდან ასობით ქართველი და, არა მარტო ქართველი, ებრაელი იხსნეს. “ ესენი არიან ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კოწია კანდელაკი, ნოე ცინცაძე, ალექსანდრე ქირია და, რასაკვირველია, მიხეილ კედია, რომლის დაუღალავი და ენერგიული მოქმედების გარეშე ეს კეთილშობილი საქმე შეუძლებელი იქნებოდაო,“ - წერს ვიქტორ ხომერიკი. ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ მიხეილ კედიას სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, თუმცა ამ დროს კედია უკვე შვეიცარიაში იყო.

ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლის გზაზე იყო თუ არა რეალობასთან ახლოს ის იმედები, რომლებიც ქართველ პატრიოტებს ამოძრავებდათ, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობს. ნესტან კირთაძე ამბობს:

[ნესტან კირთაძის ხმა] “მე ჩემი თვალით მინახავს სახელმწიფო უშიშროების არქივებში დაცული დოკუმენტი, რომელსაც თავად ჰიტლერი აწერს ხელს, რომ კავკასიაში შემოსვლისთანავე ისინი გამოაცხადებდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.”(სტილი დაცულია)

ლაშა ბაქრაძე კი, რომელიც გერმანიაში სწავლობდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, აღნიშნავს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “გერმანელებს არანაირი დაპირებები ქართველებისა და კავკასიელებისთვის არ მიუციათ. ქართული სამეკავშირეო შტაბი, როგორც საქართველოს წარმომადგენლობა, მათ აღიარეს 1945 წლის 17 მარტს, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველები მთელი ორი წლის მანძილზე ითხოვნენ ამას. “

მაგრამ ქართველებს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა სხვადასხვა გერმანელ მოხელეებთან და მათი იმედები ამ ურთიერთობებს ეფუძნებოდა. ამავდროულად, ჰიტლერის წინააღმდეგ გამნწყობილი გერმანელების მსგავსად, ისინიც ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი არ იქნებოდა გერმანიის მუდმივი ხელმძღვანელი და მის შემდეგ გერმანიის პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიცვლებოდა.

ისტორია სხვაგვარად წარიმართა. მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველებისთვის 9 მაისი სამშობლოსთვის ბრძოლაში, საბოლოოდ, დამარცხების დღედ დარჩა, წითელარმიელი ქართველებისთვის კი გამარჯვების დღედ. ორ ბოროტებას შორის ომში ოროვე მხარე საქართველოსთვის იბრძოდა.