სამართალდამცველები სვანეთში აფრასიძეების ეზოში მიკვლეულ გვამებს სწავლობენ

მესტიის რაიონის სოფელი ეცერა კიდევ ერთხელ მოექცა სამართალდამცველების - შემდეგ კი საზოგადოების - ყურადღების ცენტრში. იქ, ცნობილი კრიმინალების,
აფრასიძეების, სახლის უკან, აღმოჩენილ იქნა სამარხი, მასში კი 8 ადამიანის გვამი იქნა ნანახი. არსებობს ეჭვი, რომ აფრასიძეების ეზოში ჩამარხულებს შორის გასულ წლებში გატაცებულთა გვამებიცაა. თუმცა არის თუ არა ეს ასე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვისი შეიძლება იყოს ეს გვამები. ამის შესახებ საზოგადოება მალე შეიტყობს. ის შეიტყობს იმასაც, ვინ დახოცა ეს ადამიანები.”- აფრასიძეების სახლის ეზოში ნანახთან დაკავშირებით ასეთი განცხადება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გააკეთა. სამართალდამცველებს აქვთ ეჭვი, რომ აფრასიძეების ეზოში აღმოჩენილ ნეშტებს შორის ერთ-ერთი 16 წლის მარი გოგინაშვილისაა. ისინი არ გამორიცხავენ იმასაც, აღმოჩენილ ნეშტებს შორის ერთ-ერთი კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის, იყოს. შეგახსენებთ: 16 წლის მარი გოგინაშვილი რამდენიმე წლის წინ დაბა წყნეთიდან გაიტაცეს, ლევან კალაძე კი -თბილისიდან. მათ კვალს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებდნენ - მათ შორის, პანკისის ხეობაში. გატაცებულთა ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის მანძილზე იღებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გატაცებულები ცოცხლები იყვნენ. ბოლო წლებში კალაძის, გოგინაშვილისა და გატაცებული ბერის, ბასილ მაჩიტაძის, მდგომარეობის შესახებ საიმედო ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. მათ ასავალ-დასავალს ვერც სააკაშვილის ხელისუფლებამ მიაგნო, თუმცა ჩატარდა სპეცოპერაცია სვანეთში. 2004 წლის 24 მარტს, ორმოცწუთიანი ორმხრივი სროლის შედეგად, სპეცრაზმელებმა საშიშ დამნაშავედ ცნობილი ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს, ოჯახის დანარჩენი წევრები კი დააკავეს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ეს კრიმინალური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნამდვილ ბანდად, რომელიც 12 წლის მანძილზე ატერორებდა მთელ სვანეთს. მათ მოკლული ჰყავთ ადამიანები და ვერასოდეს ხელისუფლებამ ჩიტიც კი ვერ აუფრინა, გარდა უბადრუკი მცდელობებისა.“(სტილი დაცულია)

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში გააკეთა. სოფელ ეცერაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მაშინ სპეცრაზმელებმა ვლადიმირ მურავიოვიც აიყვანეს. ის წლების მანძილზე აფრასიძეების მოსამსახურე იყო. ამ უკანასკნელთა ეზოში სამარხის არსებობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს სწორედ მან მიაწოდა. როგორც მურავიოვის ადვოკატი აცხადებს, მის დაცვაში მყოფ მურავიოვს აფრასიძეების სახლში შეუნიშნავს ახალგაზრდა გოგო და ასევე ახალგზრდა ბიჭი. აქედან ჩნდება ეჭვი, რომ მურავიოვის მიერ ნანახი გოგო გოგინაშვილი იყო, ბიჭი კი - კალაძე. ამჯერად პატიმრობაში მყოფი შმაგი აფრასიძე - ის შარშან მოკლული ევგენი აფრასიძის ვაჟია - ირწმუნება, რომ მურავიოვი აიძულეს ასეთი ჩვენება მიეცა. შმაგი აფრასიძე ამტკიცებს, რომ მის ეზოში აღმოჩენილი სამარხი მეცხრამეტე საუკუნისაა და რომ მასში ამავე პერიოდის ნეშტები იყო ჩამახული.

[შმაგი აფრასიძის ხმა] “ექსპერტიზა ხომ დაადგენს ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი შეხება ამ საქმესთან ჩვენ არ გვქონია და არანაირი სამარხები აფრასიძეებს არ გვქონია. “(სტილი დაცულია)

სამარხიც და ნეშტებიც რომ მეცხრამეტე საუკუნისაა, ამას შმაგი აფრასიძის დედაც აცხადებს, თუმცა საბოლოო სიტყვა ექსპერტიზამ უნდა თქვას. არის თუ არა აფრასიძეების ეზოში აღმოჩენილ გვამებს შორის რამდენიმე წლის წინ გატაცებულების გვამები, მალე გაირკვევა. თუ სამწუხარო ეჭვი დადასტურდა, სამართალდამცველებმა სხვა დეტალებიც უნდა დაადგინონ: მკვლელობის შემთხვევაში, ვინ და სად მოკლა ეს ადამიანები ან როდის ჩამარხეს ისინი აფრასიძეების ეზოში.