როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა სტიქიით მიღებული ზარალის ანაზღაურებას?

საქართველოში სტიქია ჯერ კიდევ მძვინვარებს. სვანეთსა და ზემო რაჭაში მაისში თოვაც კი დაიწყო. საქართველოს ეს მაღალმთიანი რეგიონები წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა;
რაც კიდევ უფრო სავალალოა, სვანეთსა და რაჭაში სტიქიის ახალ შემოტევას ელოდებიან.

წყალდიდობამ თავდაპირველად დასავლეთ საქართველოს შეუტია. მან ნელ-ნელა აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლა და კახეთსაც მისწვდა. სტიქიის მიერ მოსახლეობისა და ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ზუსტად ჯერ არ დადგენილა, თუმცა მთავრობამ უკვე განსაზღვრა თანხა , რომლითაც წყალდიდობით მიღებული ზარალი უნდა აანაზღაუროს. ამ საქმისთვის ის 20 მილიონი ლარის გაღებას გეგმავს.

20 მილიონი ლარი სტიქიით დაზარალებულ რაიონებში მას შემდეგ გადანაწილდება, რაც პარლამენტი მიიღებს კანონს ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ. თანხის გადანაწილების პრინციპი დადგენილია. როგორც 4 მაისს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა:

[ ვალერი ჩეჩელაშვილის ხმა] “ბიუჯეტში ცვლილებების კანონი გაითვალისწინებს საგზაო ფონდისთვის 15 მილიონი ლარის გამოყოფას, მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის კი 5 მილიონის გამოყოფას. ამით მოვახდენთ გზებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, 5 მილიონი კი საკმარისი იქნება მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებლად. “

ონის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით საგანელიძე, რომელიც ახლახან დაბრუნდა სტიქიით უკიდურესად დაზარალებული რაჭიდან, ფინანსთა მინისტრის ასეთ განცხადებას უპასუხისმგებლობის გამოვლინებად მიიჩნევს. საგანელიძის აზრით, 20 მილიონი ზარალს ქვეყნის მასშტაბით კი არა, ერთი რეგიონის მასშტაბითაც ვერ აანაზღაურებს.

[დავით საგანელიძის ხმა]”ზეპირად ამ განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა. გაუგებარია, რომელ მოსახლეობაზე ზრუნავენ, როცა რაჭაში საერთოდ არ ჩასულან. არადა, დანგრეულია იქაურობა. “

ონის რაიონში ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ. ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ იქ წყალდიდობამ სერიოზული ზიანი 650 ოჯახს მიაყენა, მათგან 48 ოჯახამდე საერთოდ უსახლკაროდ დარჩა, 50 -ის სახლი კი წყალში დგას. დახოცილია პირუტყვი და ფრინველი, წყალმა წაიღო ნახნავ-ნათესი. რაიონში თითქმის აღარ არსებობს გზა, მოთხრილია ელექტროგადამცემი ბოძები. ბევრი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა სვანეთში, ზარალს იქ ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა მესტიის გამგეობაში გარკვეული ციფრები უკვე აქვთ. გამგეობის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის ნინო რატიანის თქმით, მესტიის რაიონში წყალდიდობამ შიდა სასოფლო-სამეურნეო გზები 139 კილომეტრზე დააზიანა, დანგრეულია 35 ხიდი, მოთხრილია 700 ელექტროგადამცემი ბოძი, ელექტროგადამცემი ხაზები კი 95 კილომეტრზეა მოშლილი. რიგ სოფლებთან მისასვლელი არ არსებობს, იქ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამგეობას ტელეფონის საშუალებით მიეწოდება. ზოგადად, სურათი ასეთია:

[ნინო რატიანის ხმა] “დანგრეული საცხოვრებელი სახლებიდან 291-ია, სადაც არ იცხოვრება; დანგრეულია და დაზიანებული საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობები. ზარალის ასანაზღაურებლად, სულ მცირე, 10 მილიონი ლარი იქნება საჭირო. “

როგორც ვხედავთ, სტიქიამ მარტო მესტიის რაიონს, სულ მცირე, 10 მილიონის ზარალი მიაყენა. მთავრობა კი ქვეყნის მასშტაბით ზარალის ანაზღაურებას 20 მილიონი ლარით გეგმავს.