ჰაიდი ტალიავინი: "ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შინ დაბრუნება არა მარტო უსაფრთხოდ, არამედ ღირსეულადაც უნდა მოხდეს". ექსკლუზიური ინტერვიუ გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილთან

7-8 აპრილს ჟენევაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი, ბოლოს და ბოლოს, ჩიხიდან გამოვა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზთა მხარე კვლავინდებურად უარს ამბობს, თბილისთან პოლიტიკური საკითხები განიხილოს, თვით ამ შეხვედრის გამართვის ფაქტი სასიკეთო ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილი ჰაიდი ტალიავინი, რომელმაც რადიო "თავისუფლებას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. დავით კაკაბაძემ მას პრაღიდან სოხუმში დაურეკა და სთხოვა, ჯერ ჟენევის მოლაპარაკების შედეგები შეეფასებინა.

ჰაიდი ტალიავინი: თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ 2003 წლის თებერვლიდან მოყოლებული ე.წ. "ჟენევის შეხვედრები" მეტ-ნაკლებად რეგულარულად ტარდება. გაეროსთვის ეს კარგი საშუალებაა, გენერალური მდივნისა და "მეგობარი ქვეყნების" ჯგუფის მოწვევის საფუძველზე, მხარეები უფრო აქტიურად ჩააბას სამშვიდობო პროცესში. მაგრამ ეს შეხვედრა მაინც გამორჩეული იყო: სიტუაცია შეიცვალა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. გარდა ამისა, ადგილი შეიცვალა "საზავო ზოლმაც". და რაკი 2004 წლის ზაფხულიდან სამშვიდობო მოლაპარაკება ცალმხრივი წესით შეწყვეტილი იყო, ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმას, რომ "ჟენევის შეხვედრაში" მონაწილეობაზე ორივე მხარე დათანხმდა.

დავით კაკაბაძე: მაგრამ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, "ჟენევის შეხვედრის" დაწყებამდეც ნათელი იყო, ანუ ის, რომ მხარეებმა მოლაპარაკების განახლების მზადყოფნა გამოთქვეს. მე უფრო თვითონ შეხვედრის შინაარსი მაინტერესებს, მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები.

ჰ.ტ.: რა იყო დადებითი? დადებითი პირველ რიგში იყო მხარეთა მზადყოფნა, სამშვიდობო პროცესის გაღრმავებისთვის იზრუნონ. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შემუშავებულ იქნა კონკრეტული განრიგი თუ გრაფიკი; გამოიკვეთა თემები, რომელთა გარშემო მხარეები უახლოესი კვირების მანძილზე იმსჯელებენ. ასე რომ, თუ ჟენევის შეხვედრის შინაარსზე ვისაუბრებთ, უნდა გამოვყოთ სამი სტრატეგიული მიმართულება: ერთია ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა (რაც კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციას გულისხმობს); მეორე გახლავთ ლტოლვილების დაბრუნება და მესამე - პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები. ამ უკანასკნელში შედის დისკუსია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ამ შეხვედრის სრულიად კონკრეტული მონაპოვარია და ახლა ისღა გვრჩება, თარიღები შევათანხმოთ.

დ.კ.: "ჟენევის შეხვედრები" თავისი ფორმატით დახურულ შეხვედრების მიეკუთვნება. უწყობს თუ არა ეს ხელს მხარეთა წარმომადგენლების მეტ გულახდილობას, გულწრფელობას?

ჰ.ტ.: როგორც დიპლომატი, ვიტყოდი, რომ ასეა. ის გარემოება, რომ გარკვეული საკითხები თავიდან დახურული ფორმატით განიხილება, მართლაც ხელს უწყობს მეტ გახსნილობას; მით უფრო, ისეთ ვითარებაში, როცა ხშირად აუცილებელი ხდება პოზიციის ჩამოყალიბება ცალკეული ბანაკის შიგნით. როცა ამა თუ იმ წინადადების შესახებ საზოგადოება დროზე ადრე შეიტყობს, ზოგჯერ ესა თუ ის მხარე იძულებული ხდება, მის მიღებაზე უარი თქვას, ანგარიში გაუწიოს ცალკეულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც განსხვავებულ პოზიციას ადგანან.

დ.კ.: ჟენევის შეხვედრის შემდეგ ეს თქვენი პირველი სტუმრობაა სოხუმში. რას ისახავთ მიზნად ამჯერად?

ჰ.ტ.: მე სისტემატურად ჩამოვდივარ სოხუმში, რადგან საქმე მაქვს კონფლიქტში დაპირისპირებულ ორ მხარესთან. და, მოლაპარაკებებში მაინც, ეს არის ორი თანასწორუფლებიანი პარტნიორი. ამიტომ, დროის დაახლოებით ნახევარს სოხუმში ვატარებ. თუნდაც იმიტომ, რომ სრულიად მკაფიოდ შევასრულო შუამავლის როლი, რომელიც სამშვიდობო პროცესში მენიჭება. ჩემი ამოცანაა, ერთი მხარისგან მეორეს ამბავი მივუტანო და ყველაფერი ვიღონო საიმისოდ, რათა სამშვიდობო პროცესი არ შეჩერდეს. ამ ჩამოსვლის კონკრეტული მიზანი კი ის არის, აფხაზთა ხელმძღვანელობას გავაცნო ჩემი შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ და როდის უნდა განვაგრძოთ საქმიანობა. სოხუმის ხელმძღვანელობა უკვე დათანხმდა, მიჰყვეს ჟენევაში შეთანხმებულ განრიგს.

დ.კ.: თავისთავად მივადექით ლტოლვილთა საკითხს. აფხაზთა მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ ლტოლვილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები გალის რაიონის გარდა აფხაზეთის სხვა რეგიონებშიც დაბრუნდნენ. რამდენად მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში ეს პოზიცია ნაწილობრივ მაინც შეიცვალოს?

ჰ.ტ.: მოვილაპარაკეთ, ლტოლვილთა საკითხს შემდეგნაირად მივუდგეთ: პირველ რიგში ვსაუბრობთ ლტოლვილთა დაბრუნებაზე გალის რაიონში, ოღონდ რაიონის უწინდელ, უფრო მოზრდილ საზღვრებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი რეალურად დავიწყოთ, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩარმოშობილმა ათთვიანმა შესვენებამ ნამდვილად ვერ გაგვიწია კეთილი სამსახური. შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზთა მხარე მზად არის, გარკვეული ზომების გატარებით ხელი შეუწყოს ლტოლვილთა დაბრუნებას - თავდაპირველად გალის რაიონში. ამ საქმეში მონაწილეობას მიიღებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უზენაესი კომისარიატიც. თქვენ იცით, რომ კომისარიატის თბილისის წარმომადგენლობა აპირებს, ჩაატაროს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ხელახალი რეგისტრაცია. ასეთივე აღრიცხვა გალის რაიონშიც არის ნავარაუდევი. შემდეგ შეხვედრაზე, რომელშიც მხარეთა გარდა მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მისიისა და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის, აგრეთვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სწორედ ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე ვიმსჯელებთ. აფხაზთა მხარე თანახმაა, რომ დაბრუნების პროგრამას ზურგი გაუმაგროს გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ერთგვარმა სამოქმედო გეგმამ. საქმე ხომ მარტო დაბრუნება არ არის. დაბრუნებულთათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები და ჩვენი ზრუნვის საგანი ახლა ეს გახლავთ.

დ.კ.: რამდენადაც ვიცი, გალში დაგეგმილია გაეროს ადამიანის უფლებათა ბიუროს გახსნა. რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა და რას მიზანს მოემსახურება ბიურო?

ჰ.ტ.: გაეროში მტკიცედ გვწამს, რომ ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შინ დაბრუნება არა მარტო უსაფრთხოდ, არამედ ღირსეულადაც უნდა მოხდეს. გაეროს ადამიანის უფლებათა ბიუროს გალის ფილიალის დანიშნულება ის იქნება, რომ დაბრუნების პროცესში დაცული იყოს ადამიანის უფლებათა პრინციპები. ჟენევაში აფხაზთა წარმომადგენლებმა გალში ამგვარი ფილიალი გაიხსნაზე არაოფიციალურად თანხმობა განაცხადეს, მაგრამ ბოლო შეხვედრაზე, საბოლოო განცხადების შემუშავებისას, პოზიცია ოდნავ შეიცვალეს და მხოლოდ ის თქვეს, რომ ჟენევის მორიგ შეხვედრამდე, ანუ ადრეულ შემოდგომამდე, ამ საკითხში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ.

დ.კ.: ჟენევის შეხვედრის დამთავრებისთანავე მხარეთა დელეგაციები იტალიაში, სამხრეთ ტიროლში გაემგზავრნენ, რასაც აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა "ასეთ არასასურველ პოლიტიკურ კონტექსტში" სამხრეთ ტიროლში არ უნდა გამგზავრებულიყო; რადგან სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთი ტიროლის გამოცდილება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების შესაძლო მოდელად მოიყვანა. მაინც, რა მიზანს ისახავდა სამხრეთ ტიროლში სტუმრობა?

ჰ.ტ.: გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ჩემი შეხვედრებისას, რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ახსნა-განმარტებითი სამუშაოს მნიშვნელობაზეც. ჩემი აზრით, უკმაყოფილება იქიდან მომდინარეობს, რომ ბევრი კარგად არ არის ინფორმირებული სამხრეთ ტიროლში მოგზაურობის მიზანზე. ამ სტუმრობას შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და იგი იტალიის მთავრობის მოწვევის საფუძველზე შედგა. ასეთი შემეცნებითი მოგზაურობის მიზანია, შეისწავლოს ერთი კონკრეტული შემთხვევა თუ მოდელი, და გადაწყვიტოს, რის გამოყენება შეუძლია თვითონ. რატომ მაინცდამაინც სამხრეთი ტიროლი? ეს რეგიონი რამდენიმე ნიშნით ავირჩიეთ. ჯერ ერთი, სამხრეთ ტიროლს მეტად რთული წარსული აქვს. ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რა ისტორიულ პირობებში აღმოჩნდა რეგიონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მეორეც: კლიმატურად და გეოგრაფიულად ეს რეგიონი ძალიან წააგავს სამხრეთ კავკასიას. ჩვენთვის საყურადღებო იყო ისიც, რომ სამხრეთი ტიროლი ეკონომიკურად ევროპის ყველაზე მაღალგანვითარებულ რეგიონებს მიეკუთვნება, თუ სიზუსტეს დავიცავთ, ამ ნიშნით მერვე რეგიონია ევროპაში. ცხადია, ამისთვის სამხრეთ ტიროლს ათწლეულები დასჭირდა, მაგრამ მაინც გვსურდა, ორივე მხარისთვის გვეჩვენებინა, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და ტურიზმის გონივრული განვითარებით და ურთიერთთანამშრომლობის სურვილით (კონკრეტული გეგმის არსებობის შემთხვევაში) ბევრის მიღწევა შეიძლება. იქ ყოფნისას, ნათლად დავინახეთ, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია თანამშრომლობა, ხოლო, თუ მოსახლეობის ინტეგრაცია გვინდა, მაშინ უამრავი წვრილმანის გათვალისწინებაც მოგვიწევს. მაგალითად, ენის საკითხისა. ხალხს დედაენა უნდა შევუნარჩუნოთ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო. პირადად ჩემთვისაც, რადგან შვეიცარიელი ვარ და ამ პრობლემებს მეც ვიცნობ. ამასობაში, აფხაზთა დელეგაციამ აქ, სოხუმში, ყოველგვარი ეჭვები გაფანტა და ამაში გარკვეული წვლილი, ვფიქრობ, მეც მიმიძღვის.

დ.კ.: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.