შემცირდა თუ არა კონტრაბანდა შიდა ქართლის რეგიონიდან

შარშან ცხინვალის რეგიონის ირგვლივ ვითარების გამწვავება, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაბანდასთან
ბრძოლის აუცილებლობით გაამართლა. ცხინვალის რეგიონში არსებული უკონტროლო ერგნეთის ბაზრობა, მართლაც, აღარ ფუნქციონირებს, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კვლავაც არ იგრძნობა შიდა ქართლიდან შემოსული კონტრაბანდული საქონლის ნაკლებობა. ხელისუფლება კვლავ ებრძვის კონტრაბანდას კორუმპირებული ჩინოვნიკების სამსახურიდან გათავისუფლებით. რამდენად ეფექტურია ეს ბრძოლა?

შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი ირწმუნება, რომ ცხინვალის რეგიონიდან შემომავალი დაუბეგრავი და არალეგალური ტვირთების რაოდენობა 10 პროცენტამდე შემცირდა. თუ რატომ ვერ ხერხდება დარჩენილ 10 პროცენტის შეკავება, მიხეილ ქარელი ასე განმარტავს:

[მიხეილ ქარელის ხმა] ”შიდა ქართლს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი ესაზღვრება საკმაოდ რთული რელიეფური მდგომარეობით. ეს არის 80 კილომეტრიანი პერიმეტრი და, აქედან გამომდინარე, ადამიანებს საკმაოდ ეადვილებათ ტვირთების გადატანა, რადგან არის ბუჩქნარი, არის ტყეები...”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის რწმუნებული იმ სისტემაზე ლაპარაკობს, რომლის გამოყენებითაც კონტრაბანდული საქონელი შიდა ქართლის რეგიონში იყრის თავს. ამ სისტემის შესახებ უფრო მკაფიოდ რადიო “თავისუფლების” შიდაქართლელი კორესპონდენტი გოგა აფციაური საუბრობს:

[გოგა აფციაურის ხმა] ”გამოიკვეთა ერთი საინტერესო ტენდენცია, აი, ამ ახალი კონტრაბანდისტებისა, რომლებსაც ოსურ სოფლებზე გადმოაქვთ ეს ტვირთები და შემდეგ ქართულ სოფლებში ასაწყობებენ. და შემდეგ უკვე წვრილ პარტიებად იშლება ეს საქონელი და გაედინება საქართველოს ბაზრობებზე.”(სტილი დაცულია)

გოგა აფციაურის თქმით, ცხინვალიდან მომავალი კონტრაბანდის მიმართულება შეიცვალა და ახლა ის, გორის ნაცვლად, ფორნეს ხეობასა და ქარელის რაიონში შემოედინება.

ამასვე ამბობენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაცია ”ახალ მემარჯვენეებშიც”. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ, პირველ აპრილს ის სქემა გამოაქვეყნა, რომელზეც კონკრეტულად ჩანს კონტრაბანდის შემსრულებლებიც და მფარველებიც:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ცხადია, რომ მთელი ეს ხაზები თავს იყრის მიხეილ ქარელთან და მიხეილ ქარელიდან და სხვა თანამდებობის პირებიდან თავს იყრის ირაკლი ოქრუაშვილთან. ყველამ იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის კადრია მიხეილ ქარელი. ყველამ იცის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი განსაზღვრავდა და დღესაც განსაზღვრავს იქ საკადრო პოლიტიკას. და თუ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურები ჩაერივნენ, ამით კონტრაბანდა არ შეცვლილა.”(სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძე იმასაც ამბობს, ქარელს რომ ოქრუაშვილი არ მფარველობდეს, ის უფრო ნაკლებ რისკზე წავიდოდა და კონტრაბანდას არ მოჰკიდებდა ხელსო.

ქარელის კონტრაბანდასთან კავშირს ვარაუდობს ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაური:

[გოგა აფციაურის ხმა] ”იმავე რწმუნებულის ნათესავებს აქვთ მაღაზია და იგივე რწმუნებულის სიძე ზიდავს კონტრაბანდას...”

კონტრაბანდაში არამარტო გუბერნატორია გარეული. სანდო წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ ფინანსურმა პოლიციამ გორის რაიონის გამგებლის ვაჟი დააკავა რუსეთიდან არალეგალურად შემოტანილ უაქციზო სიგარეტთან ერთად, თუმცა იგი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაუთავისუფლებიათ.

ცხინვალის რეგიონიდან გასულ წლებში 125 მილიონი აშშ დოლარის კონტრაბანდული საქონელი შემოედინებოდა და ახლა ეს ციფრი, ოფიციალური მონაცემებით, 20 - 25 მილიონამდეა შემცირებული.