ბობი ფიშერი ''ისლანდიელია'', ანუ დიდი მოჭადრაკის ისტორიული დაბრუნება რეიკიავიკში

მოქმედების ადგილი: რეიკიავიკი; მოქმედების დრო: 1972 წელი. გაგანია ცივი ომის დროს იქ - ისლანდიის დედაქალაქში - გაიმართა მატჩი მოჭადრაკე ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად;
ჭადრაკის ისტორიაში ეს მატჩი ლეგენდად არის შესული. მასში ამერიკელმა ბობი ფიშერმა დამაჯერებლად დაამარცხა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი ბორის სპასკი და მსოფლიოში უძლიერესის წოდება მოიხვეჭა. იმ მოვლენებიდან სამ ათეულ წელიწადზე მეტის შემდეგ, 2005 წლის 24 მარტს, ბობი ფიშერი ტოკიოდან რეიკიავიკისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა - ამჯერად ისლანდიის მოქალაქის პასპორტით ხელში.

ჭადრაკის მოყვარულებს შეხსენება არ სჭირდებათ, დანარჩენებს კი ვეტყვი: ბობი ფიშერის სამშობლო, შეერთებული შტატები, 1992 წლიდან მოყოლებული მოითხოვს მის ექსტრადიციას და, ამდენად, ფიშერისთვის ისლანდიის მოქალაქეობის მინიჭება ჟურნალისტებმა ვაშინგტონის "სამართლებრივ მარცხად" მონათლეს. ფიშერის გასამართლება კი ვაშინგტონს იმისთვის სურდა, რომ მან ანგარიში არ გაუწია მაშინდელი იუგოსლავიის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და მატჩ-რევანშში შეხვდა თავის ძველ ნაცნობს, ბორის სპასკის.

ფიშერი მუდამ ცნობილი იყო თავისი ექსცენტრული, ჭირვეული ხასიათით. ტოკიოს აეროპორტში, რეიკიავიკში გაფრენამდე, მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხასიათი არც 62 წლის ასაკში შესცვლია. აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს ჯუნიჩირო კოიძუმის მან "სამხედრო დამნაშავეები" უწოდა, რომლებიც "ჩამოხრჩობის ღირსნი" არიან.

[ბობი ფიშერის ხმა] "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქაურობას ვტოვებ. იაპონიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, თქვენ კრიმინალური მთავრობა გყავთ. კოიძუმი განგსტერია და ბრძანებებს პრეზიდენტ ბუშისგან იღებს. ეს არის და ეს."

თუ ისევ 13 წლის წინანდელ ამბებს, ანუ ფიშერ-სპასკის მატჩ-რევანშს დავუბრუნდებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიშერმა იცოდა, რაზე მიდიოდა. მეტოქის დამარცხების შემდეგ (რაშიც, როგორც ამბობენ, სამი მილიონი დოლარი მიიღო) იგი გაუჩინარდა. მოგვიანებით მან უარი თქვა აშშ-ის მოქალაქეობაზე და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა იაპონიაში, სადაც თავის პარტნიორთან, ქალთა შორის იაპონიის ოთხგზის ჩემპიონთან, მიოკო ვატაისთან ერთად ცხოვრობდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მიმდინარე კვირის დასაწყისში მოგვარდა, როცა ისლანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას ფიშერისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ტოკიოში ისლანდიის საელჩოს წარმომადგენელი ბენედიკტ ჰოსკულდსონი გვიხსნის, რომ ფიშერი ისლანდიაში სრულიად გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს.

[ბენედიკტ ჰოსკულდსონის ხმა] "უნდა გვახსოვდეს, რომ ფიშერი 1972 წელს ჩამოვიდა ისლანდიაში. იგი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ხვდებოდა საბჭოთა კავშირს, რომელიც უზარმაზარი მანქანა იყო. ჩვენ მაშინვე მისი მხარე დავიკავეთ, მას ვანიჭებდით უპირატესობას, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ყოველივე ამის გამო მუდამ თვალს ვადევნებდით მას, ვიცოდით მისი ასავალ-დასავალი. ასე რომ, ჩვენს გულებში ის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მოვახერხეთ, დავხმარებოდით მას."

მიუხედავად ბობი ფიშერის "გაისლანდიელებისა" არავინ უწყის, შეძლებს თუ არა იგი ატლანტის ოკეანის ამ ქვეყანაში დალხენილად ცხოვრებას; რადგან ისლანდია შეერთებული შტატების ტრადიციული მოკავშირეა და მასთან ექსტრადიციის ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს.

ფიშერის ხასიათიდან გამომდინარე კი ცოტა ვინმე თუ ელის, რომ იგი შეწყვეტს თავისი სამშობლოს უდიერად მოხსენიებას და ვაშინგტონის ხელისუფალთა გაღიზიანებას. ამერიკაში კარგად ახსოვთ ფიშერის ინტერვიუ, რომელიც მან ფილიპინების რადიოს მისცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. იმ ინტერვიუში დიდმა მოჭადრაკემ კმაყოფილება გამოთქვა თავდასხმების გამო და თქვა, ჩემი ოცნებაა, შეერთებული შტატები დედამიწის რუკიდან გამქრალი ვიხილოო.