იულია ტიმოშენკო: უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი

პარასკევს უკრაინის პარლამენტმა იულია ტიმოშენკო ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ტიმოშენკომ კანონმდებლებს 63 გვერდისგან შემდგარი 5-წლიანი სამოქმედო პროგრამა წარუდგინა.
პროგრამა მთავრობის მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის, ცხოვრების სტანდარტის ამაღლებისა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის გზებს ასახავს. ქარიზმატული და რადიკალური ტიმოშენკო უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, თანამებრძოლი და ’ნარინჯისფერი რევოლუციის’ ერთ-ერთი ლიდერი იყო. წარმოგიდგენთ ტიმოშენკოს მოკლე პორტრეტს.

ვიქტორ იუშჩენკოს მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა - იულია ტიმოშენკო - უკრაინის პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. კენჭისყრაში 450 დეპუტატიდან მონაწილეობა მიიღო 373-მა, რომელთაგან ყველა ტიმოშენკოს კანდიდატურის მომხრე აღმოჩნდა.

კენჭისყრამდე ტიმოშენკო სიტყვით გამოვიდა და ის რადიკალური რეფორმები აღწერა, რომელთა გატარებასაც პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აპირებს. ტიმოშენკომ ისაუბრა უკრაინელი ხალხის სოციალური ყოფის ამაღლებაზე, კორუფციის აღმოფხვრასა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ ტიმოშენკომ თქვა:

[ტიმოშენკოს ხმა] “მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაწბილებ არც უკრაინელ ხალხს და არც უკრაინის პრეზიდენტს, არც ერთ თქვენგანს. მინდა იცოდეთ, რომ ნდობა, რომელიც გამომიცხადეთ, ჩემთვის უმაღლესი დაფასებაა. ამ ნდობას არც ერთი ნაბიჯით არ ვუღალატებ.”

იულია ტიმოშენკო 1960 წელს დნეპროპეტროვსკში, უკრაინის რუსულენოვან აღმოსავლეთ რეგიონში, დაიბადა. უნივერსიტეტში ეკონომიკას და კიბერნეტიკას სწავლობდა და სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკაში მიიღო. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორი. 90-იან წლებში ტიმოშენკო ენერგეტიკის ბიზნესს ედგა სათავეში და, შედეგად, უზარმაზარი კერძო კაპიტალი დააგროვა. იმ პერიოდში ტიმოშენკო უკრაინის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, პაველ ლაზარენკოს, ახლობელი და ბიზნესპარტნიორი იყო. 2000 წელს ტიმოშენკო უკრაინის ვიცე-პრემიერი გახდა და ენერგეტიკის სექტორს ჩაუდგა სათავეში. ერთი წლის შემდეგ, 2001-ში, ტიმოშენკოს გაყალბებისა და გაზის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს, რომელიც მის მიერ კერძო ბიზნესის წარმოების პერიოდს ეხებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ, იგი ვიცე-პრემიერობიდან გაათავისუფლა და ტიმოშენკომ ერთი თვე დაკავებულთა ცენტრში გაატარა. თავად ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებდა. სასამართლომ იგი გაამართლა და უკრაინაში მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე დაიხურა.

რადიო “თავისუფლების” უკრაინული განყოფილების თანამშრომელმა ზენონ ფრისმა ტიმოშენკოს სამართლებრივი დევნა ასე დაახასიათა:

[ზენონ ფრისის ხმა] “სიმართლე რომ ითქვას, სამართალდამცავ ორგანოებს არასოდეს გააჩნდათ მის წინააღმდეგ საქმის წარმოების საფუძველი. ტიმოშენკოს დევნა ძველი ხელისუფლების არსებობის უკანასკნელ დღემდე გრძელდებოდა; მეტიც - ამ საქმეში რუსეთიც ჩაერთო. აღიძრა საქმე და გამოცხადდა, რომ იულია ტიმოშენკო ქრთამს აძლევდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს. თუმცა აქაც იგივე სიტუაციაა - რუსეთს არ შეუძლია სერიოზული სამხილების წარმოდგენა. უკრაინაში ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე დაიხურა; და მალე, ალბათ, რუსეთშიც იგივე მოხდება. თუმცა რუსეთის შესახებ ძნელია რაიმე განსაზღვრო, ვინაიდან ამ ქვეყნის ინტერესებში უკრაინის ახალი ხელისუფლების მუშაობისთვის მუდმივი ხელის შეშლა შედის. “

მის წინააღმდეგ რუსეთში წარმოებულ კამპანიას ტიმოშენკო პოლიტიკური დევნით ხსნის და ყველა ბრალდებას გადაჭრით უარყოფს. რამდენიმე კვირის წინ მან ერთ-ერთ რუსულ გაზეთს ისიც განუცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მაგალითი უნდა გადაიღონ და “ნარინჯისფერი რევოლუცია” ყველგან უნდა გავრცელდეს. თუმცა გუშინდელ გამოსვლაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკვე ნაკლებად პროვოკაციული იყო - მან რუსეთს უკრაინის ’პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი’ უწოდა, თუმცა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ტიმოშენკო, რომლის დედაენა რუსულია და არა უკრაინული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია უკრაინაში. პოლიტოლოგები მას ენერგიულ, პირდაპირ და ემოციურ პოლიტიკოსად ახასიათებენ და იმ კონტრასტზე საუბრობენ, რასაც ტიმოშენკო შედარებით რბილ და მშვიდ იუშჩენკოსთან მიმართებაში ქმნის. რადიო “თავისუფლების” უკრაინელი კორესპონდენტი ზენონ ფრისი ტიმოშენკოს პოპულარობას ასე ახასიათებს:

[ზენონ ფრისის ხმა] “იგი არა მარტო პოპულარობით სარგებლობს, - შეიძლება ითქვას, რომ სუპერ-პოპულარულია. უკრაინის რიგ რეგიონებში იგი იუშჩენკოზე ბევრად უფრო პოპულარულია. ბევრმა იუშჩენკოს ხმა მხოლოდ იმის გამო მისცა, რომ ტიმოშენკო გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. უკრაინაში ბევრი მას მომავალ პრეზიდენტად ხედავს.”

ზოგიერთი ანალიტიკოსი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ბევრი პოლიტიკოსი ქალისგან. მკაცრი, თავდაჭერილი და გაწონასწორებული პოლიტიკოსი ქალის გავრცელებულ სტერეოტიპს ტიმოშენკო ტემპერამენტიან გამოსვლებს, გამორჩეულ გარეგნობას და თვალშისაცემ ჩაცმის სტილს და ვარცხნილობებს უმატებს - თუმცა, ზენონ ფრისის აზრით, ამის მიუხედავად, ტიმოშენკოს შოვინისტი მამაკაცებიც პატივს სცემენ:

[ზენონ ფრისის ხმა] “იგი იმდენად ჭკვიანია, ისეთი პროფესიონალია და იმდენი მიზანმიმართულობა და თავდაჯერება აქვს, რომ მას ყველა პატივს სცემს, შოვინისტი მამაკაცების ჩათვლით, რომლებიც, ზოგადად, ქალ-პოლიტიკოსებს ვერ იტანენ. ტიმოშენკოს წინაშე ყველა ქედს იხრის.”