თბილისის მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ

თბილისის მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს წევრები ბორჯომში გამართულ სამდღიან შეკრებაზე განიხილავენ.
საკრებულოს უმრავლესობას მიაჩნია, რომ მყუდრო გარემო და მთის სუფთა ჰაერი დედაქალაქის თვითმმართველობის წევრებზე დადებითად იმოქმედებს. შედეგად კი, მთავრობასთან შეჯერებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ისეთი იქნება, როგორსაც თბილისი და თბილისელები იმსახურებენ. თუმცა საკრებულოს ოპოზიციური წევრები სახელისუფლებო ფრაქციების ამგვარ ოპტიმიზს არ იზიარებენ და, შესაბამისად, ბორჯომში გამგზავრებაზეც უარს ამბობენ. ისინი დედექალაქის მთავრობას თბილისიდან აკრიტიკებენ.

ის, რომ რიგითი თბილისელებისთვის სულერთი არ არის, თუ რაზე დაიხარჯება მათი გადასახადებისგან შეკოწიწებული ბიუჯეტი, დედაქალაქის ქუჩებში ჩატარებული შემდეგი მინი-გამოიკითხვიდანაც კარგად ჩანს:

[მამაკაცის ხმა] “სოციალურ პრობლემებზე უნდა იყოს ჩვენი ბიუჯეტი ორიენტირებული. ქვეყნის ბიუჯეტიც, მაგრამ ქალაქის - მით უმეტეს.”

[მამაკაცის ხმა] “ჩემ გარდა, რამდენი გაჭირვებულია? რამდენი ვერ იხდის დენის, გაზის, წყლის ფულს… რამდენია ისეთი, სანთლის ფული რომ არ აქვს. ამ ადამიანებს მიხედვა უნდა, მარტო დაპირება არაფერს უშველის.”

[ქალბატონის ხმა] “ევროპული ქალაქი უნდა იყოს თბილისიო. მე არა მგონია, რომ სანამ თბილისის ქუჩებში მრავალშვილიანი და გაჭირვებული დედები მათხოვრებად არიან გამოსული, ვინმე ევროპულ ქალაქად ჩათვლის. აი, ამას რომ მოვსპობთ, მერე შეიძლება რამის იმედი გვქონდეს.”

არადა, ბიუჯეტის იმ პროექტის თანახმად, რომელიც თბილისის საკრებულოში ახალი წლის პირველივე რიცხვებში შევიდა, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, შარშანდელთან შედარებით, ერთიორად უკეთესად გამოიყურება. ბიუჯეტი - არც მეტი, არც ნაკლები - 101 მილიონი ლარით არის გაზრდილი და, საბოოლო ჯამში, ის 416 მილიონი ლარით განისაზღვრება. თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი თემურ ქურხული 2005 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და ავარიული საბინაო ფონდის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას მიიჩნევს.

[თემურ ქურხულის ხმა] “ყველაზე მწვავე თემა, რომელიც დღეს დგას ქალაქის მუნიციპალიტეტის წინაშე, ეს არის მიწისძვრით დაზარალებულების პრობლემა. რამდენიმე მიმართულებას აღვნიშნავდი: 10 მლნ ლარი გამოყოფილია ქალაქის საბინაო-საექსპლუატაციო ცენტრში, რომელიც გაამაგრებს მრავალსართულიან სახლებს; ასევე, 7 მლნ ლარი არის გამოყოფილი რაიონულ გამგეობებზე…”

თემურ ქურხულის თქმით, 80 მილიონი გზების მშენებლობას, 8,5 მილიონი გარე განათებას, 13 მილიონი კი ქალაქის დასუფთავებას მოხმარდება. თუმცა ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი - შესაბამისად, 49 და 95 მლიონი ლარი - განათლებისა და სოციალური სფეროების დაფინანსებაზე მოდის. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება წლის განმავლობაში 40 ათასამდე დევნილის უფასო მგზავრობა მეტროპოლიტენით, რის გამოც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა მერიის მესვეურთა მიმართ მადლიერების სიტყვებს არ იშურებს:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] “ყოველთვიურად მე ვღებულობ 40 ათასამდე კოდირებულ ბარათს, ხოლო თბილისის მერია მეტროპოლიტენის ანგარიშზე ყოველთვიურად რიცხავს 481 ათას 200 ლარს.”

მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტს მაინც იწუნებენ:

[გიორგი გუგავას ხმა] “ბიუჯეტის პროექტი ისეთივე უსახურია, როგორიც იყო საახალწლოდ მოწყობილი ლაზერშოუ. მასში მრავალია შოუსმაგვარი ელემენტები, რომლითაც ხეირს ნახავენ კონკრეტული ჩინოვნიკები, ვისაც ხელეწიფება ბიუჯეტის განკარგვა და ნაკლებად ორიენტირებულია იმ პრობლემებზე, რომელიც თბილისს აწუხებს.”

ეს ლეიბორისტი გიორგი გუგავა იყო. ახალი მემარჯვენეები კი ბიუჯეტის მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითხოვენ. საკრებულოს წევრი გიორგი მოსიძე გასული წლის სავალალო გამოცდილებაზე აპელირებს:

[გიორგი მოსიძის ხმა] “…რათა მომავალშიც გაკონტროლდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და არ მოხდეს ისეთი გაფლანგვები, როგორიც იყო 2004 წელს. ამის დამადასტურებელ საბუთებს აუცილებლად დავდებთ.”

თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შექმნამდე საკრებულოს ჯერ ბიუჯეტის დამტკიცება მოუწევს, რასაც, ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, 25 იანვრის სხდომაზე საკრებულო უპრობლემოდ შეძლებს. თქმა არ უნდა, ამ დღეს ბორჯომმოვლილი და მთის ჰაერით დამუხტული უმრავლესობა ჩვეულებრივზე მეტად აქტიური იქნება.