ახლო აღმოსავლეთისთვის უდიდეს სარფთხედ შიმონ პერესი ირანს მიიჩნევს. ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ახალ ვიცე-პრემიერთან

ისრაელის ახლად დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა შიმონ პერესმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების" სპარსულ სამსახურს.
მის კორესპონდენტთან, აჰმად რაფატთან საუბარში პერესმა კმაყოფილება გამოთქვა პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების გამო, თუმცა დასძინა, რომ ირანმა და სირიამ, შესაძლოა, ხელი შეუშალონ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლების ყოველგვარ მცდელობას. გაგაცნობთ შიმონ პერესის ინტერვიუს ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს.

ვიდრე ინტერვიუზე გადავიდოდე, მოკლედ გადავავლებ თვალს შიმონ პერესის ბიოგრაფიას.

ისრაელის პოლიტიკურ ცხოვრებაში პერესი, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის ჩამოყალიბებიდან, ანუ 1948 წლიდან მონაწილეობს. 1959 წლიდან იგი ისრაელის პარლამენტის წევრია, ხოლო 59-დან 65 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მოგვიანებით, 74-დან 77 წლამდე პერესი სათავეში ედგა თავისი ქვეყნის სამხედრო უწყებას. 1984-დან 86 წლამდე პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ამის შემდეგ კიდევ ორი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა. სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობისას მოიხვეჭა შიმონ პერესმა განსაკუთრებით დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. 90-იანი წლების დამდეგს მან დიდი როლი შეასრულა პალესტინელებთან სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებაში, დოკუმენტისა, რომელიც "ოსლოს ხელშეკრულების" სახელით არის ცნობილი. ამ ძალისხმევის შედეგად შიმონ პერესს 1994 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

ამ ორიოდე დღის წინათ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მმართველმა ლიკუდის პარტიამ კოალიციური მთავრობა შექმნა პერესის შრომის პარტიასთან ერთად და ისრაელის ახალ ვიცე-პრემიერთან საუბარი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა სწორედ ამ საკითხით დაიწყო. ლიკუდის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბება შიმონ პერესმა იმით ახსნა, რომ აუცილებელია განხორციელდეს შარონის გეგმა ღაზიდან ებრაული დასახლებების ევაკუაციისა და ჯარის გაყვანის შესახებ. თუ კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდებოდა, მთავრობა დაიშლებოდა და დაინიშნებოდა ახალი არჩევნები, რაც ღაზაში სტატუს-კვოს შენარჩუნების ტოლფასი იქნებოდა.

შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი, აჰმად რაფატი იასირ არაფატის ფაქტორს შეეხო. მან შიმონ პერესს ჰკითხა, რამდენად აფერხებდა პალესტინელთა ახლახან გარდაცვლილი ლიდერი სამშვიდობო პროცესს და რამდენად უნდა ველოდეთ სასიკეთო ცვლილებებს ავტონომიის ახალი ხელმძღვანელებისგან. პერესის პასუხი ასეთი იყო:

[შიმონ პერესის ხმა] "არაფატის სიკვდილმა, შესაძლოა, დასაბამი დაუდოს დიდ ცვლილებებს, რადგან არაფატი მზად არ იყო ტერორთან საბრძოლველად. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქეზებდა იგი ტერორს, მაგრამ ბრძოლით მას არ ებრძოდა. ახალი ლიდერები კი ხვდებიან, რომ ტერორი თავად პალესტინელებს ვნებს და მათ ის უნდა ალაგმონ."

შემდეგ საუბარი შეეხო სირიას. ბოლო ხანს ამ ქვეყნის ხელისუფალნი არაორაზროვნად აცხადებენ, რომ მზად არიან, ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება განაახლონ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა შიმონ პერესს ჰკითხა, რამდენად მზად არის საამისოდ ისრაელი.

[შიმონ პერესის ხმა] "სირიელები ახლა, მართალია, განსხვავებულ ლექსიკას ხმარობენ, მაგრამ პოლიტიკა არ შეუცვლიათ. და ვიდრე ამ ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციების შტაბ-ბინები იარსებებს, არაფერი შეიცვლება. მაგალითად, ვიცით, რომ "ჰამასის" შტაბ-ბინა სირიაშია. და ისიც ვიცით, რომ სირიაში მოქმედი შტაბ-ბინა გაცილებით უფრო ექსტრემისტულია, ვიდრე "ჰამასის" ადგილობრივი ლიდერები. ასე რომ, ისინი ტერორის ექსპორტს ახდენენ."

დაბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ირანი. ცნობილია, რომ ამ ქვეყნის მხარდაჭერით სარგებლობს არაერთი ტერორისტული ორგანიზაცია, მათ შორის "ჰისბოლა", რომელიც ისრაელის მოსისხლე მტერია. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შიმონ პერესი ირანს რეგიონის სტაბილურობისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

[შიმონ პერესის ხმა] "ჩემი აზრით, ირანი ახლო აღმოსავლეთში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ის ტერორის ცენტრია და ტერორს სხვაგანაც ავრცელებს - ერაყიდან ვიდრე ღაზამდე. მეორეც, თუ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნა, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ჩვენი ქვეყნები, მთელი ახლო აღმოსავლეთი და ევროპაც."

დავით კაკაბაძემ შემოგთავაზათ ისრაელის ვიცე-პრემიერის შიმონ პერესის ინტერვიუს ზოგიერთი მონაკვეთი. ეს ინტერვიუ პერესმა "რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების" სპარსული სამსახურის კორესპონდენტს აჰმად რაფატს მისცა. მე კი პერესის ბიოგრაფიიდან ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ: ისრაელის ვიცე-პრემიერი დაბადებულია ბელორუსიის ქალაქ ვოლოჟინში. თუმცა, 1923 წელს, როცა პერესი დაიბადა, ვოლოჟინი პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა.