რატომ ვერ სრულდება სოჭის შეთანხმება ? - ქართველები და ოსები ისევ ამ შეკითხვაზე ეძებენ პასუხს

“ვაპირებთ თუ არა სოჭის შეთანხმების შესრულებას? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ჩვენ სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს,” - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა გოგა ხაინდრავამ თბილისში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა. შეხვედრა დღის 3 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაიწყო . კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით მასზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პრეტენზიები წაუყენეს.

სოჭის შეთანხმება 5 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის ედუარდ კოკოითის შეხვედრაზე გაფორმდა. ამ შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. 22 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეები თბილისში სწორედ სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობის მიზეზების გასარკვევად შეიკრიბნენ, მიზეზს კი ოსები ქართველებში ხედავენ, ქართველები, პირიქით, - ოსებში.

დავიწყოთ ოსების პრეტენზიებით. ცხინვალი თბილისს კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას სდებს ბრალად. კოკოითის გარემოცვაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის მიმართულებით ჰუმანიტარულ ტვირთს არ ატარებს, მაგრამ მთავარი პრეტენზია სხვაა. ამ მთავარი პრეტენზიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აძლიერებს სამხედრო კონტინგენტს ცხინვალის რეგიონში; ამას გარდა, როგორც ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური აღნიშნავს, ოსებს ძალიან აშფოთებთ ქართველ რეზერვისტთა წვრთნები კონფლიქტის ზონის სიახლოვეს.

[გოგა აფციაურის ხმა] “ცნობილია, რომ ოსიაურთან ახლოს, იმავე საჩხერის რაიონში და გორის რაიონის სოფელ ძევერაში მიმდინარეობს რეზერვისტთა წვრთნები. ოსებს აშფოთებთ ეს და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს შეთანხმებას და შეიარაღებული ძალები არ გაჰყავს კონფლიქტის ზონიდან. “

დემილიტარიზაციის პროცესი თითქოს დაიწყო , მაგრამ მალევე შეჩერდა. კოკოითის პირადი წარმომადგენელი ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში ვაჟა ხაჭაპურიძე ჩაშლილ პროცესთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “ოსური მხარე ითხოვს ეტაპობრივად მოხდეს ეს. მოთხოვნა ასეთია: მე გავაკეთე - შენც დამანახვე. მე ვიცი, რომ ოსურმა მხარემ სანგრები ამოავსო. რაც შეეხება განიარაღებას, ეს პირიქით ხდება. “

რატომ ხდება პირიქით? ან ბოლო დროს რატომ დაიწყო ედუარდ კოკოითმა ლაპარაკი საქართველოს ხელისუფლებაში “ ომის პარტიის” მოსვლაზე? სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ყველაფერს მოსკოვში კოკოითის გახშირებულ ვიზიტებს უკავშირებს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] “მე ვფიქრობ, რომ დემილიტარიზაციის პროცესი შეჩერდა მისი მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, სადაც რაგოზინთან, ბაბურინთან და სხვა ცნობილ ქორებთან ერთად ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა ომის განახლებასთან დაკავშირებით. საერთოდ, ეს დაძაბულობა მათი მხრიდან მოდის და არა ჩვენი მხრიდან. “

ოსური მხარის პასუხი ასეთ ბრალდებაზე არის ის, რაც ცხინვალის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრაზე აღნიშნა. მან თქვა, ჩვენ პრეტენზიები გვაქვს მშვიდობის მოწინააღმდეგეებთანო. ურთიერთბრალდებების მიუხედავად, ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა თბილისში ნორმალურ ვითარებაში დაიწყო. ის ხუთშაბათს, 23 დეკემბერსაც, გაგრძელდება.