ევროკავშირმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწია

ევროკავშირმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც გზას უხსნის მოლაპარაკების დაწყებას
ევროკავშირმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან, რომელიც გზას უხსნის მოლაპარაკების დაწყებას
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს შეფასებით, ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, “რომელიც კარგია თურქეთისთვის და კარგია ევროკავშირისთვის”. შეთანხმებას წინ უძღოდა კომპრომისი კვიპროსის საკითხში. 1974 წლიდან კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ბერძნულ სამხრეთად, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს და რომელიც წელს ევროკავშირში მიიღეს, და თურქულ ჩრდილოეთად. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ იან პეტერ ბალკენენდეს განცხადებით, თურქეთი თანახმაა, რომ საბაჟო ხელშეკრულება ევროკავშირთან (ეს ხელშეკრულება 1963 წელს დაიდო) ევროკავშირის 10 ახალ წევრზეც, მათ შორის კვიპროსზეც, გავრცელდეს. მაგრამ, ასევე ბალკენენდეს თქმით, ეს არ ნიშნავს თურქეთის მიერ კვიპროსის ბერძნული მთავრობის ოფიციალურ აღიარებას. ამ ნაბიჯზე თურქეთი ახლაც უარს ამბობს. რაც შეეხება ბრიუსელის სამიტზე მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს, ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ბლოკი ბულგარეთთან და რუმინეთთან 2005 წელს გააფორმებს ხელშეკრულებას გაწევრიანების შესახებ, ხოლო მოლაპარაკება ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანებაზე 17 მარტს დაიწყება, თუ ხორვატია გასცემს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილებს.