სერგეი ბაღაფშის და რაულ ხაჯიმბას მორიგებას უწინდებურად უხუცესები ცდილობენ

აფხაზეთში ვითარება ისევ კრიზისულია და ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის მოძებნას, დე ფაქტო ხელისუფლების ნაცვლად, უხუცესთა საბჭო ცდილობს.
სერგეი ბაღაფშის და რაულ ხაჯიმბას მოსარიგებლად უხუცესთა საბჭო სოხუმში 23 ნოემბერსაც შეიკრიბა და 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფში აღიარა. რას ცვლის ეს?

რთულ ვითარებაში უხუცესთა საბჭოს შეკრება აფხაზთა უძველესი ტრადიციაა, ხოლო თუ რამდენად რთული ვითარება შეიქმნა აფხაზეთში 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ამას უხუცესთა საბჭოს ზედიზედ რამდენჯერმე მოწვევის ფაქტიც მოწმობს. უხოცესთა საბჭოს სხდომა ყველა ჯერზე პრეზიდენტობის კანდიდატების - სერგეი ბაღაფშისა და რაულ ხაჯიმბას - დასწრებით მიმდინარეობდა. დაძაბულობის განმუხტვისთვის უხუცესებმა მათ ხან ხელახალ არჩევნებზე დათანხმება სთხოვეს, ხანაც - ერთ გუნდში მუშაობა. ხაჯიმბამ არ მიიღო ბაღაფშის შეთავაზება, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი აფხაზეთის ახალ მთავრობაში, და დაპირისპირებული მხარეების მოსარიგებლად აფხაზთა უხუცესთა საბჭო 23 ნოემბერსაც შეიკრიბა. ამჯერად უხუცესებმა აღიარეს , რომ 3 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული სერგეი ბაღაფშია. “მან დააგროვა მეტი ხმა და ის უნდა გახდეს პრეზიდენტი, ხოლო იმან, ვინც დააგროვა ბევრი ხმა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, უნდა იმუშაოს პრეზიდენტის გუნდში, “ - ასეთია აფხაზთა უხუცესთა საბჭოს დასკვნა. ამის პასუხად, რაულ ხაჯიმბამ 23 ნოემბერს, უხუცესთა შეკრების შემდეგ, თქვა, რომ არავისთვის არ აპირებს გზის გადაჭრას, თუმცა დრო აჩვენებს, ვინ იყო მართალი. იხევს თუ არა უკან, ხაჯიმბას არ უთქვამს. გავრცელებული ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას ის საკუთარ მომხრეებთან მოთათბირების შემდეგ მიიღებს.

სერგეი ბაღაფშის საარჩევნო შტაბში ინაუგურაციისთვის ემზადებიან - ეს 6 დეკემბერს უნდა მოხდეს. თუმცა არძინბას პრესმდივანი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტი 6 დეკემბრისთვის არ აპირებს თავისი უფლებამოსილების მოხსნას, იმიტომ რომ არ არსებობს არჩეული პრეზიდენტი. არძინბა 3 ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი ფავორიტის მარცხს არ აღიარებს, თუმცა მისი გავლენა აფხაზეთში დღითი დღე სუსტდება. ადმინისტრაციული შენობები - მათ შორის, აფხაზური ტელევიზიის შენობა - სერგეი ბაღაფშის მომხრეებს უკავიათ. 23 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ნოდარ ხაშბამ მათ შენობების დატოვება მოსთხოვა და განაცხადა: “ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე და ვაკისრებთ მას ხაჯიმბას და ბაღაფშს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთავრობა გადადგება. “

არძინბას გარემოცვაში უკვე კანდიდატების მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების ნეიტრალურ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობენ. ვლადისლავ არძინბას პრესმდივანი რაულ აგრბა ორშაბათს ჩვენთან საუბრისას ირწმუნებოდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება არჩევნებში და მის შემდგომ რაულ ხაჯიმბას არ უჭერდა მხარს:

[როინ აგრბას ხმა] “ არსებითად ნოდარ ხაშბამ პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე თქვა, რომ ემიჯნება ორივე კანდიდატს. ბაღაფშის მომხრეები ირწმუნებიან, რომ მთავრობა ხაჯიმბას უჭერს მხარს, რაც სიმართლე არ არის. მთავრობა ცდილობს იყოს ნეიტრალური. “

ასეა თუ ისე , ბაღაფშის საარჩევნო შტაბში ფიქრობენ, რომ ასეთი მთავრობა არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. ბაღაფში ძალაში ტოვებს თავის წინადადებას, თავის გუნდში პრემიერის პოსტი ხაჯიმბას ჩააბაროს.