ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

4 ნოემბერს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ეწვია. ვიზიტი რეგიონალურ ხასიათს ატარებს. თბილისის გარდა,
ნატოს გენერალური მდივანი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, ბაქოსა და ერევანში ჩავა. საქართველოში იაპ დე ჰოოპ სხეფერის ერთდღიანი ვიზიტის დღის წესრიგში შევიდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ჩასვლას თბილისში წინ უსწრებდა ბრიუსელში საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამის დამტკიცება.

“ნატოს სჭირდება პარტნიორები და პარტნიორებსაც სჭირდებათ ნატო. ევროპისკენ, ნატოსკენ გზა რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი სააკაშვილი შეძლებს ამ სირთულეებთან გამკლავებას.” - ეს ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებაა. თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის ფორპოსტი უწოდა და ისიც თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აქაურობას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ამპლუაში სტუმრობდა, მან ფასეულობების სასიკეთო ცვლა შეამჩნია; აღნიშნა, რომ სერიოზულ ცვლილებებს ხედავს კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების თვალსაზრისით. და მაინც, სხეფერის სიტყვებით, ნატოსკენ საქართველოს ურთულესი გზა აქვს გასავლელი. რამდენადაც სასიამოვნოდ არ უნდა ჟღერდეს მისი სიტყვები საქართველოში ფასეულობათა სასიკეთო ცვლილებების შესახებ, რევოლუციის შემდგომ ქართულ დემოკრატიას ბევრი აკრიტიკებს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე კი ამბობს, რომ ნატო ფასეულობათა ალიანსია და მასში გასაწევრიანებლად ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება - უფრო მეტი, ვიდრე სამხედრო აღმშენებლობას:

[დავით სიხარულიძის ხმა] “ნატო - ეს არის ფასეულობათა ალიანსი, ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ფასეულობებს. ამიტომ იქ პირველ პლანზე დგას დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების თავსებადობა. “

ასეთ ალიანსში გაწევრიანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იმაზე გაცილებით ადრე ვარაუდობს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ასეთი განცხადების გაკეთებით 4 ნოემბერს მან ჟურნალისტებს, მისივე თქმით, საიდუმლო გაუმხილა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ კი ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების სავარაუდო თარიღი საიდუმლოებად დატოვა და იქვე განმარტა, რომ პროცესის დაჩქარება საქართველოზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას - “ თუ საქართველო ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმას შეასრულებს, 2006 წლის ნატოს სამიტზე დადგება თუ არა საქართველოს კანდიდატ ქვეყნად ცნობის საკითხი?” - იაპ დე ჰოოპ სხეფერმა უპასუხა:

[ სხეფერის ხმა] “ მე თარიღებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, ისიც კი არ ვიცი, 2006 წელს შედგება თუ არა ნატოს სამიტი. მთავარია, რას გააკეთებს საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის შესასრულებლად, როგორ შეასრულებს ის საშინაო დავალებას. ნატოს გადაწყვეტილი აქვს ამაში დაეხმაროს მას, მაგრამ, მოდით, ჯერჯერობით თარიღებზე ნუ ვისაუბრებთ. “

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის გეგმა ბრიუსელში გასულ კვირაში დაამტკიცეს.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სიხარულიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს გეგმა საქართველოს თავდაცვითი ძალებით ნატოს სტანდარტებთან მისაახლოებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია თუნდაც იმ მხრივ, რომ გამიჯნულია თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფუნქციები. თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი - არამარტო თავდაცვის სფეროში.