ექსპერტთა აზრით, ბელორუსიაში ყველაფერი წინასწარვე გადაწყვეტილია

ორიოდე დღეც და ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მაგრამ არჩევნებზე გაცილებით უფრო მეტ ინტერესს იწვევს ასევე კვირისთვის დანიშნული რეფერენდუმი,
რომელმაც უნდა გაარკვიოს, მიეცემა თუ არა უფლება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, 2006 წელს მესამე ვადით იყაროს კენჭი ქვეყნის მეთაურის პოსტზე. ბელორუსიის კონსტიტუცია ჯერჯერობით კრძალავს პრეზიდენტის სავარძლის დაკავებას ორ ვადაზე მეტით. თუმცა, როგორც ბევრი ვარაუდობს, რეფერენდუმი დადებითად გადაწყვეტს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხს.

რეფერენდუმის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით ექსპერტები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ ლუკაშენკოს წინადადება მიღებულ იქნება, მეორენი ფიქრობენ, რომ ბელორუსი ამომრჩეველი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მესამენი კი შიშობენ, რომ გამოკითხვის რეალურ შედეგებს ყურადღებას არავინ მიაქცევს. აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით მინსკის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ დოროხოვი:

[ვლადიმირ დოროხოვის ხმა] "ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, 40 პროცენტზე ოდნავ მეტი, თუ არ ვცდები, 44 პროცენტი, მზად არის, მხარი დაუჭიროს ლუკაშენკოს ინიციატივას კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე. ოდნავ ნაკლები - გამოკითხულთა 33 თუ 34 პროცენტი - ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას."

იმისთვის, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები მოხდეს, რეფერენდუმში მონაწილეობა უნდა მიიღოს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მაინც. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ, წესით, არ უნდა გადააჭარბოს ამომრჩევლების საერთო რიცხვის 75 პროცენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების მისაღებად ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს საარჩევნო უბნებზე მისულთა 67-მა პროცენტმა. მაგრამ ეს "რთული" არითმეტიკული გამოანგარიშებები, როგორც ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, შესაძლოა, სრულიად ზედმეტი აღმოჩნდეს. მინსკის პოლიტიკური კვლევის დამოუკიდებელი "სტრატეგიული ცენტრის" თანამშრომლის, ვალერი კარბალევიჩის თქმით, მიზნის მისაღწევად ლუკაშენკო არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.

[ვალერი კარბალევიჩის ხმა] "როცა დასავლეთის წარმომადგენლები გაყალბებაზე საუბრობენ, ისინი ფიქრობენ, რომ იქნება რაღაც მაქინაციები ხმების დათვლის პროცესში. ჩემი აზრით, ჩვენს შემთხვევაში ხმების რაიმე სერიოზული დათვლა საერთოდ არ მოხდება. უბრალოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს იმ ციფრს, რომელიც შეთანხმებული იქნება პრეზიდენტის ადმინისტორაციასთან."

აი, ასეთ პესიმისტურ პროგნოზს გამოთქვამს მინსკელი პოლიტოლოგი. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ექსპერტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ლუკაშენკოს მთავრობის მხარდამჭერი ძალები მთლიანად დაიპყრობენ 110-ადგილიან პარლამენტს და ოპოზიციას იმ ოთხად ოთხ ადგილსაც წაართმევენ, რომელსაც ეს უკანასკნელი ამჟამად ფლობს.