ზოშჩენკო დაკითხვაზე

გასულ წელს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”,
რომელიც ევგენი მიქელაძის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რადიომსმენელი გაეცნო ლეგენდარული ქართველი დირიჟორის დაკითხვის ოქმს, ეგრეთ წოდებულ “აღიარებით ჩვენებას”, რომელმაც ევგენი მიქელაძეს მაინც ვერ უშველა – იგი 1937 წელს, დაკითხვის დასრულებისთანავე, დახვრიტეს. მაგრამ საბჭოთა უშიშროების მუშაობის სტილი განუწყვეტლივ იცვლებოდა. ახლახან მოსკოვში გამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტი, რომლის შედგენიდან დღეს ზუსტად 60 წელი გავიდა. 1944 წელს საბჭოთა სატირიკოსი მწერალი მიხეილ ზოშჩენკო ლენინგრადის სუკში დაიბარეს, დაკითხეს და გამოუშვეს. დღეს ამ დოკუმენტის დეტალებს გაგაცნობთ.

1968 წელს ჩვენმა მაყურებელმა პირველად ნახა ქართლოს ხოტივარის კინონოველა “სერენადა”, რომელიც ცოტა ხანში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად აღიარეს ქართული კინოს ისტორიაში. “სერენადას” მოქმედება 60-იანი წლების თბილისში ხდება, სურათის გმირები ქართველები არიან. ამიტომ მაყურებელმა, შესაძლოა, არც მიაქციოს ყურადღება ტიტრებში აღნიშნულ ერთ სახელს – “სერენადა” დიდი რუსი საბჭოთა მწერლის მიხეილ ზოშჩენკოს ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ეს ნაწარმოები მწერალმა 1929 წელს გამოაქვეყნა, ე.ი. იმ დროს, როცა სტალინური რეპრესიების ხანა ჯერ მხოლოდ იწყებოდა. ზოშჩენკო, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველის როლში მოგვევლინა – მან არა მარტო გოლიათის დიქტატურის მოახლოება აუწყა თავის მკითხველს... მწერალმა შექმნა გოლიათის დამარცხების თავისებური რეცეპტიც, რომელიც ძველთაძველია, მაგრამ მას განუწყვეტლივ ივიწყებენ ხოლმე – “არ შეგეშინდეს!”. ზოშჩენკო არამარტო სატირის საიდუმლოებას ფლობდა. მან შესანიშნავად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგიაც, რაც დაამტკიცა 1943 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში “მზის ამოსვლის წინ”. ნაწარმოები პრესაში სასტიკად გააკრიტიკეს, რამაც მწერალი აიძულა ღია წერილი გაეგზავნა იოსებ სტალინისთვის. უცნაურია, მაგრამ ამ წერილშიც კი ზოშჩენკო ყველანაირად ერიდება თავის მართლებას; მხოლოდ უხსნის ბელადს, რომ შთაგონებულია პავლოვის რეფლექსების თეორიით, ე.ი. სწორედ იმ თეორიით, რომელიც 30-იანი წლების მიწურულს, ფაქტობრივად, აიკრძალა საბჭოთა კავშირში. ზოშჩენკო ამტკიცებს, რომ ადამიანის ფსიქიკაში ორი ემოცია ჭარბობს – შიში და სიხარული... ადამიანში ან ერთია მეტი, ან მეორე... რომ ეშინია იმას, ვისაც სამყაროსადმი უნდობლობა ტანჯავს (“უნდობლობაც” ზოშჩენკოს შემოქმედების ძირითადი მოტივია). შიშის დაძლევის უნარი კი აქვთ ნიჭიერ ადამიანებს, რომელთაც ეხერხებათ კომედიად, ექსცენტრიკად აქციონ ყველაზე სახიფათო სიტუაციაც კი - თუნდაც უშიშროებაში დაბარება და დაკითხვა. თანაც როდის? სტალინური რეპრესიების ეპოქაში...

1944 წელს, მას შემდეგ, რაც სტალინმა უპასუხოდ დატოვა ზოშჩენკოს წერილი, მწერალი ლენინგრადის კაგებეში დაიბარეს. ამბობენ, რომ ზოშჩენკო სულ სიცილ-სიცილით დაემშვიდობა ახლობლებს... და, როგორც ჩანს, სიცილ-სიცილით პასუხობდა იმ კითხვებსაც, რომელიც კაგებეს თანამშრომლებმა დაუსვეს: რატომ იბეჭდება მისი ნაწარმოებები უცხო ენაზე, როგორ აფასებს კრიტიკას, კერძოდ კი, იმას, ვინც მიწასთან გაასწორა მისი ნაწარმოებები, რატომ მოსწონს ფელეტონების წერა და ა.შ კითხვაზე, რას ფიქრობს იგი ომის წლების საბჭოთა ლიტერატურის შესახებ, ზოშჩენკომ უპასუხა:


[მიხეილ ზოშჩენკო]: “საბჭოთა ლიტერატურა დღეს საცოდაობაა, მეტი არაფერი... ლიტერატურაში შაბლონია გამეფებული. ამიტომ ნიჭიერი ადამიანებიც კი დღეს ცუდად და მოსაწყენად წერენ.”

დაკითხვის ოქმში უშიშროების თანამშრომლები ჯერ მწერლის დაშინებას ცდილობენ, შემდეგ პროვოცირებას, მაგრამ ამ დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, ზოშჩენკო ისე იქცევა. თითქოს პრესკონფერენციაზე იყოს. იგი ამბობს, რომ არაფერი აქვს მოსანანიებელი, რომ გავა დრო და საბჭოთა ხალხი აუცილებლად დააფასებს მის მოთხრობებს. ბოლოს კი, როცა უშიშროების აგენტები ჰკითხავენ, რაზე მუშაობს იგი ამჟამად, ზოშჩენკო უპასუხებს:

[მიხეილ ზოშჩენკო]: “მე უნდა მოვიცადო. ომის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება და გადავლახავ წინააღმდეგობებს. ჯერჯერობით კი არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ჩემს პოზიციას არასდროს ვუღალატებ.”

“როგორ გგონიათ, შეიცვლება თუ არა ომის შემდეგ პოლიტიკური გარემო ლიტერატურაში?” – ეკითხებიან მწერალს დამშვიდობებამდე. “დიახ, ლიტერატურა უფრო მძაფრად ასახავს ჩვენს ნაკლოვანებებს,” – უპასუხებს ზოშჩენკო. უშიშროების აგენტები, უბრალოდ, ვერ უბედავენ მწერალს დაუსვან კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამდნენ 1937-38 წლებში – არის თუ არა იგი იმპერიალისტების აგენტი ან, დავუშვათ, ტროცკისტი. როგორც ჩანს, მწერალმა აქაც ჩვეულ ხრიკს მიმართა, რომელიც მშვენივრად აღწერა “სერენადაში” – მიმართა ექსცენტრიკას, მიმიკურ და პლასტიკურ ტრიუკებს და კაგებეს გენერლების ყურადღება ამ კლოუნადაზე გადაიტანა. უშიშროების სამინისტროს ეს აქამდე აკრძალული დოკუმენტი ჩვენ ქართველ ფსიქოლოგებს გავაცანით - მათ, ვინც კარგად იცის ზოშჩენკოს შემოქმედება. ფაქტობრივად, ყველამ აღნიშნა, რომ მწერალი აქ თამამი და გაბედული ჩანს იმიტომ, რომ გააზრებული აქვს თავისი შიში, იცის, შეიძლება ითქვას, მისი “გემო”, არ გაურბის ამ გრძნობას და ამიტომ ადვილად იმორჩილებს. ამ თვალსაზრისით, ზოშჩენკო სტალინის ნამდვილი ანტიპოდია... და, შესაძლებელია, სწორედ ამიტომაც გადაურჩა რეპრესიებს მწერალი, რომელმაც თავის ნაწარმოებებში აბუჩად აიგდო საბჭოთა ყოფა.

თუმცა ზოშჩენკოს წინასწარმეტყველება, რომ ომის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება, მაინც არ ახდება. 1946 წელს “პრავდაში” დაიბეჭდება ჟდანოვის მიერ შექმნილი დადგენილება ლიტერატურული ჟურნალების “ზვეზდასა” და “ლენინგრადის” შესახებ, რომელშიც კრემლი ორ მწერალს, ახმატოვასა და ზოშჩენკოს, დაესხმება თავს. ზოშჩენკოს შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ:

[მიხეილ ზოშჩენკო]: “ზოშჩენკო დიდი ხანია გახდა ავტორი უაზრო, ცარიელი, უშინაარსო ქმნილებებისა... აპოლიტიკური პასკვილებისა, რომელიც აბნევს ჩვენს ახალგაზრდობას...საბჭოთა კანონებსა და საბჭოთა ყოფას მწერალი მახინჯი, კარიკატურული ფორმით გამოხატავს, საბჭოთა ხალხს კი – პრიმიტიულ, უკულტურო არსებებად...ჩვენი სინამდვილის ასეთი ხულიგნური ასახვა არ არის მოკლებული ანტისაბჭოთა გამოხტომებს.”

საბჭოთა კავშირის ისტორიაში ასეთი ბრალდება დახვრეტას ან, ციმბირში გადასახლებას ნიშნავდა. მაგრამ ჟდანოვის დადგენილებას მხოლოდ ჟურნალი “ლენინგრადი” შეეწირა. ზოშჩენკო კი მშვიდად აგრძელებდა მუშაობას. ამასობაში სტალინიც გარდაიცვალა. 1954 წელს ინგლისელ სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელიც თავად კრემლის მიერ იყო ორგანიზებული, კითხვაზე “როგორია თქვენი დამოკიდებულება ჟდანოვის დადგენილების მიმართ” , ზოშჩენკომ და ახმატოვამ განსხვავებულად უპასუხეს. “მე მაშინვე გამოვხატე პროტესტი – პირადად მივწერე სტალინს,” – თქვა ზოშჩნეკომ. “მართალი იყო ყველაფერი,” –აღნიშნა ახმატოვამ. გაკვირვებულმა ზოშჩენკომ ახმატოვას რეპლიკას კი ასე უპასუხა: “ეჰ, მაჯობა დედაკაცმა... არადა, მთელი ცხოვრება მხარდამხარ ვიბრძოდით.”

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზოშჩენკო ყოველთვის საბჭოთა სისტემის კაცად ითვლებოდა – სისტემას აკრიტიკებდა, მაგრამ მის არსს არასდროს ებრძოდა. ახმატოვა კი გაუცხოებული იყო ამ სისტემისგან, ამიტომ ასეთ კითხვებს ადეკვატურად უპასუხებდა, ფრანგული პრინციპით “დე ქუოი ჯე მე მêლე?” , რაც დაახლოებით ასე ჟღერს: “არ ვაპირებ ნეხვის სუნის ნიუანსებში გარკვევას”.
შიშის დაძლევა “კომედიის ჟანრში” ზოშჩენკოსთან და შიში, როგორც ტრაგიკული მოვლენა, ახმატოვასთან საბჭოთა სისტემასთან პატიოსანი შემოქმედის (და არა მარტო შემოქმედის) ურთიერთობის ორი ფორმაა. ერთი წარმატებით ებრძვის გოლიათს, რადგან ცხოვრება და ბრძოლა მისთვის მსუბუქი სატრფიალო სიმღერაა – სერენადაა, მეორე იტანჯება გოლიათის არსებობის გამო, რადგან ცხოვრება მისთვის ტრაგიკული სიმფონიაა... იმას, ვისაც სიცოცხლე უყვარს, ნეკროფილების არ ეშინია. ამიტომაცაა, ალბათ, რომ მოგვიანებით, გალინა ვიშნევსკაია ზოშჩენკოს მაგალითს გაიხსენებს, როცა დაწერს, კაგებეში დაკითხვისას ერთი რამ უნდა გახსოვდეს მუდამ – არ უნდა შეგეშინდესო”... და თუ ჩვენმა რადიომსმენელმა დიდი მუსიკოსის ეს მოწოდება არადამაჯერებლად ან, სულაც, არააქტუალურად მიიჩნია, ქართულ “სერენადას” მაინც შეხედოს “სხვა თვალით”. იგი აუცილებლად დარწმუნდება, რომ “ძლიერთ ამა ქვეყნისა” ყოველთვის ეშინიათ კლოუნების, რომელთა ფსიქიკაში სიხარული მეტია, ვიდრე შიში.